GE

„ეს პროფესიების დეფიციტს გამოიწვევს, ამას შინაარსი არ გააჩნია“ – ეკონომისტები უმაღლეს განათლებაზე ივანიშვილის მოსაზრებას ეხმაურებიან

„ეკონომიკა და განათლება ერთ კონტექსტში უნდა განიხილებოდეს და ჩვენ ამას უკვე ვიწყებთ და ვაპირებთ. რისი ადგილებიც შეიძლება იყოს ეკონომიკაში, ის უნდა ისწავლებოდეს სასწავლებლებში, უმაღლესი მაქვს ამ შემთხვევაში მხედველობაში“, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში.

განათლების რეფორმაზე და ეკონომიკის და განათლების თანხვედრაზე, პროფესიული სწავლების კონტექსტში, ბევრს საუბრობს ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც, თუმცა საინტერესოა, როდესაც საქმე უმაღლეს სასწავლებლებს ეხება, ეკონომიკის მოთხოვნის მიხედვით შეზღუდვა რა პროცესებს გამოიწვევს ან რამდენად მიღებული პრაქტიკაა მსოფლიოში. ჩვენ ამ კითხვით ეკონომისტებს მივმართეთ.

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ წევრი და ეკონომისტი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში არსებობს სტატისტიკის სამსახური, რომელსაც აქვს მონაცემები, თუ მოსახლეობის რა ნაწილი სადაა დასაქმებული და შესაბამისად სწავლებასთან კავშირს ვერ ხედავს.

„ეკონომიკა არის ჩვენი ცხოვრება, ჩემთვის შეიძლება სამუშაო ადგილი პოლიტიკაა, თქვენთვის ჟურნალისტიკა, ვიღაცისთვის – მასწავლებლობა და ა.შ  სტატისტიკის სამსახური იმისთვის გვაქვს, ვიცით, რომელ სფეროში რამდენი ადამიანია დასაქმებული, ამის სწავლება ვერც კი წარმომიდგენია რას ნიშნავს, რა უნდა ვასწავლოთ? აი გვაქვს სტატისტიკა და ვიცით ჩვენი სამუშაო ძალის რა პროცენტი რა სექტორში საქმიანობს, რომ ვასწავლით რა მოხდება ამით, რა შინაარსი აქვს, არ მესმის? შეიძლება სულ სხვა რამეს გულისხმობდა ივანიშვილი, მაგრამ სიტყვიერად რასაც ვლაპარაკობთ შინაარსი არ გააჩნია“, – ამბობს ვახტანგ მეგრელიშვილი EDU.ARIS.GE -სთან საუბარში.

ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ეკონომისტთა ასოციაციის (აფბა) წარმომადგენელი პაატა ბაირახტარი კი ფიქრობს, რომ მსგავსი მიდგომა ეფექტურ შედეგებს პროფესიულ სასწავლებლებთან მიმართებაში მოიტანს.

„სახელმწიფომ უნდა ითავოს შუამავლის როლი ამ მიმართულებით, პროფესიულ სასწავლებლებსა და იმ ინვესტორებს შორის, რომლებიც შემოდიან ქვეყანაში. ჩვენ ხშირად ვისმენთ, რომ ქვეყანაში არ არის კვალიფიციური მუშახელი და ეს ინვესტორებისთვის მთავარი პრობლემაა. ასევე მინდა მოვიშველიო ეკონომიკის მინისტრის განცხადება, რომ სახელმწიფო ვერ იქნება გარანტორი ამ სასწავლებლების კურსდამთავრებულებისთვის, რომ ისინი აუცილებლად დასაქმდებიან და ა.შ. გარანტორი, რასაკვირველია, სახელმწიფო ვერ იქნება, მაგრამ მას შეუძლია ითავოს ძალიან კარგად შუამავლის როლი. მას აქვს რესურსი, რომ ძალიან კარგად გააანალიზოს და ჩაატაროს ბაზრის კვლევა, თუ რა მიმართულებებია საჭირო, აღნიშნული მიმართულებები მიაწოდოს შემდეგ უკვე სასწავლებლებს და სასწავლებლებმა გამოუშვან კურსდამთავრებულები, რომლებიც კონკრეტულ პერიოდში, კონკრეტულ ბაზარს სჭირდება.

“ჩვენ საინვესტიციო პოლიტიკა გვაქვს ბუნდოვანი, მისი ერთ-ერთი ნაწილი შეიძლება იყოს ინვესტორისთვის სხვადასხვა კადრების გადამზადება და ბაზარზე დახვედრება. როდესაც მარტო პრობლემების იდენტიფიცირებაზე ვსაუბრობთ ეს კარგია, მაგრამ აუცილებელია ასევე დავსახოთ გადაჭრის გზები, ამისთვის ველოსიპედის გამოგონება არ არის საჭირო, უბრალოდ არსებული გამოცდილება, ჩვენს რეალობას უნდა მოვარგოთ“, – ამბობს პაატა ბაირახტარი EDU.ARIS.GE -სთან საუბარში.

რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, აფბა-ს ეკონომისტის აზრით, მათთვის გარკვეული შეზღუდვების დაწესება რაღაც პერიოდის შემდეგ, გარკვეული პროფესიების დეფიციტს გამოიწვევს.

„უმაღლეს სასწავლებელს რაც შეეხება, თუ გადავხედავთ ბოლო წლებში არსებულ ცვლილებებს, სახელმწიფო აფინანსებს მხოლოდ იმ დარგებს და მიმართულებებს, რომელის დეფიციტიც არის ბაზარზე, დღემდე მიმდინარეობს მსჯელობა ეს რამდენად სწორია და რამდენად არა. ვთქვათ მოხდეს, რომ უნივერსიტეტებმა მხოლოდ იმ სფეროებში მისცენ განათლება, რა კონკრეტული მოთხოვნაც არსებობს, ეს ჩემი აზრით არ იქნება სწორი და და გარკვეული პერიოდის შემდეგ სხვა პროფესიების დეფიციტს გამოიწვევს. ჩვენ შეგვიძლია, რაღაცა უფრო დაბალინტერესიანი მიმართულებები წავახალისოთ, ეს პირიქით, ძალიან კარგი იქნება, მაგრამ ვინმეს რაღაცის სწავლა ავუკრძალოთ, ან რომელიმე ფაკულტეტზე ჩაბარება, ეს არც სწორი იქნება და ასეთი ფაქტი არც მახსენდება უახლეს ისტორიაში“, – აცხადებს პაატა ბაირახტარი.

ივანიშვილი განათლების რეფორმის შიდა განხილვებში მონაწილეობს – როგორია უმაღლესი განათლების მისეული ვარიანტი

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური