GE

„ეს რეალობა მიუთითებს განათლების პოლიტიკის გაუმჭვირვალე, არასისტემურ, არასტაბილურ და არათანმიმდევრულ ხასიათზე!“

დღეს „ქართული ოცნების“ მთავრობაში მოსვლის შემდეგ განათლების მეხუთე მინისტრი გადადგა. ყოველი ასეთი ცვლილების შემდეგ განათლების სპეციალისტები მსგავს შეფასებას აკეთებენ, ამჯერად, EDU.ARIS.GE-მ გადაწყვიტა, თავად ყოფილი მინისტრისგან მოესმინა შემდეგ კითხვებზე პასუხები:

რატომ იცვლებიან ყველაზე ხშირად სწორედ განათლების მინისტრის პოსტზე დანიშნული მთავრობის წევრები. რატომ არ არის ეს თანამდებობა სტაბილური და რა არის ყველაზე მთავარი, რაც ფუჭდება სისტემისთვის მუდმივი და სწრაფი ცვლილებებით?

თამარ სანიკიძე განათლების ყოფილი მინისტრი, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი და დღეს განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის (EPPM) პრეზიდენტი, გვპასუხობს, რომ მინისტრის ხშირი ცვლილება პრობლემის მხოლოდ ერთი ნაწილია.

მინისტრების ხშირი ცვლილება, პრობლემის ერთი ნაწილია და უფრო მეტად საკადრო პოლიტიკის ხარვეზებს უკავშირდება. თუმცა ეს არ არის ძირითადი დამაზიანებელი და ხელის შემშლელი ფაქტორი.

„მთავარი პრობლემა, რაც ქვეყანას სერიოზულად უშლის ხელს საკუთარი განათლების სისტემის განვითარებაში, არის სტრატეგიული დაგეგმვის სტრუქტურირებული მექანიზმების და პროცესების ქრონიკული გაუმართაობა. რაც, თავის მხრივ იწვევს კრიზისული სიტუაციების შეფასების, ანალიზის წარმოების და რეაგირების სტრატეგიების არასწორ შერჩევას.

„საქართველოს განათლების სისტემის რეფორმირების არცერთ ეტაპზე არ განხორციელებულა განათლების სისტემის სტრატეგიული დაგეგმვის (Education Sector Planning-ESP) სრულფასოვანი პროცესი, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა მონაწილეობითი გადაწყვეტილების მიღების, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის პრინციპებზე. დღევანდელი რეალობა მიუთითებს განათლების პოლიტიკის განსაზღვრის, შემუშავების და განხორციელების გაუმჭვირვალე, არასისტემურ, არასტაბილურ და არათანმიმდევრულ ხასიათზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ მოახერხა და დაამტკიცა 2017-2021 წლების სისტემის განვითარების სტრატეგია (არ ვსაუბრობ იმაზე თუ რამდენად კარგია ეს სტრატეგია) და გააჩნია ვალდებულება ამ სტრატეგიის განხორციელებისა, ყველა ახალი მინისტრი თავის ინიციატივების დაანონსებით არის დაკავებული. მინისტრების ანგარიშვალდებულება სტრატეგიის განხორციელების მიმართ არის ნულის ტოლი! უმეტეს შემთხვევაში, ვერ/არ მოხერხდა მიღწეული ცალკეული შედეგების სისტემატიზაცია და შემდგომი განვითარება – ეს არის რეალური პრობლემა. ქვეყნები, სადაც რეფორმები წარმატებით განხორციელდა არის ამის დასტური. შესაბამისად, სისტემაში გახშირებული მენეჯმენტის ცვლილებები, განახლებული მენეჯმენტის მხრიდან, აუცილებელი წესით, ახალი სარეფორმო ინიციატივები, რომლებიც ნაკლებად ეფუძნება არსებული პრობლემების ჩაღრმავებულ ანალიზს, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრიორიტეტების განსაზღვრას და მოსალოდნელი ინტერვენციების ეფექტიანობის და ხარჯთეფექტურობის ანალიზს – არის რეალური პრობლემა.

„ქვეყანა, რომელსაც განსაზღვრული და შეთანხმებული აქვს სისტემის განვითარების ძირითადი ორიენტირები, დაუსაბუთებლად არ ცვლის პრიორიტეტებს, არ ამტკიცებს სტრატეგიებს და არ ინახავს თაროზე, სტრატეგიის შესაბამისად გეგმავს რესურსებს და გააჩნია ანგარიშვალდებულების სისტემა, ასეთი ქვეყნისათვის არ იქნებოდა დამაზიანებელი მინისტრების ხშირი ცვლილებაც კი“, – ამბობს თამარ სანიკიძე.

ამავე თემაზე:

განათლების მინისტრი შესაძლოა, გიორგი ვაშაკიძე გახდეს – „მიმართეთ პრეს-ცენტრს“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური