GE

„…ეს შვების მომგვრელი იქნება“ – ასე უნდა შექმნას აბიტურიენტის მშობელმა საგამოცდო სტრესის დაძლევისთვის მხარდამჭერი გარემო

ერთიანი ეროვნული გამოცდების მოახლოებასთან ერთად, ემოციებიც სულ უფრო მძაფრი ხდება. გამოსაცდელები და მათზე მზრუნველებიც განსაკუთრებით მღელვარებაში არიან, უჭირთ ფსიქო-ემოციური ბალანსის შენარჩუნება. სპეცილისტები ამბობენ, რომ ემოციების რეგულირების გარეშე სტრესთან გამკლავება შეუძლებელია.

როგორ უნდა ავიღოთ მაქსიმალური ქულა უცხო ენაზე მოცემული ტექსტის გააზრებაში – რეპეტიტორების მიგნებები და რჩევები აბიტურიენტებს

ამერიკული ფსიქოლოგიის აკადემიის წევრი, ანა კოლტონი, რომელსაც არაერთი ნაშრომი აქვს მიძღვნილი საგამოცდო სტრესსა და მის პრევენციაზე და BBC-ის ხშირი სტუმარია, ამბობს, რომ საგამოცდო სტრესი, რაც იწვევს უძილობასა და კვებით აშლილობას, ზოგჯერ მოზარდებსა და ახალგაზრდებში ჯანმრთელობის სერიოზული დარღვევების მიზეზი ხდება. ის გამოყოფს ფსიქო-ფიზიკურ უმოქმედობასა და უფროსებთან კომუნიკაციის დაკარგვის საკითხს, რომელსაც მშობლები ხშირ შემთხვევაში არასწორ დეფინიციას უძებნიან და სიზარმაცედ მოიხსენიებენ. კოლტონი ამბობს, რომ თუ მშობელი ხელს შეუწყობს მოზარდის სტრესის მართვას და დაეხმარება ჯანსაღი ცხოვრების სტილის შენარჩუბენაში, მას მსგავსი პრობლემები არ შეაწუხებს.
„დაეხმარეთ თქვენს შვილს, შეინარჩუნოს წონასწორობა ცხოვრებაში. ეს დაეხმარება მას შეინარჩუნოს სიმშვიდე, რაც შეამცირებს სტრესსა და ჯანმრთელოს პრობლემებს, ხოლო როცა გამოცდის დღე მოვა, გადაღლილად სულაც არ იგრძნობს თავს“, – მიმართავს მშობლებს ამერიკული ფსიქოლოგიის აკადემიის წევრი.

ამ საკითხზე EDU.ARIS.GE-სთან ვრცლად საუბრობს ბავშვთა ფსიქოლოგი ირმა როსტომაშვილი, რომელსაც სკოლაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. არის Divine Child Foundation of Georgia-ს სოციალური პედაგოგი და მუშაობასთან ერთად, ფსიქოლოგიურ კონსულტირებას უწევს სპეციალური საჭიროების მქონე მოზარდებსა და მათ მშობლებს.

ჩვენ გვსურდა გამოცდილი სპეციალისტისგან მოგვესმინა თუ რა ემოციურ წინააღმდეგობებს აწყდებიან მშობლები და შვილები საგამოცდო პერიოდში, როგორ არის შესაძლებელი სტრესთან დაკავშირებული ემოციების მართვა, ან რა არის ის უნივერსალური რეკომენდაციები, რომლებსაც ასეთ დროს სპეციალისტები გასცემენ.

– ირმა, ფსიქოლოგის პროფესიის ძირითადი საქმიანობა დაკვირვებაზე დგას, როგორ ხედავთ, რამდენად აქვთ ქართველ მოზარდებსაც მსგავსი პრობლემები, როგორ უნდა გაუმკლავდნენ მათ მშობლის დახმარებით ან დამოუკიდებლად და როგორია ამ დროს მშობლის სწორი ჩართულობა?

– ბუნებრივია და არ უნდა გვიკვირდეს, რომ წინასაგამოცდო პერიოდში ბავშვს შეიძლება აღენიშნებოდეს სხვადასხვა სახის ჩივილები, მშობელი განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოს და საჭიროების შეთხვევაში დაეხმაროს შვილს, თუნდაც მასთან ერთად ესტუმროს სპეციალისტს, რომელიც მისცემს საჭირო რეკომენდაციებს.

პირველ რიგში, მშობელი უნდა დააკვირდეს არსებობს თუ არა სტრესის ნიშნები და რამდენად გადაჭარბებულად არსებობს. მაგალითად, მომატებული წუხილი და შფოთვა, დაძაბულობა, გაღიზიანებადობა, გუნება-განწყობის დაქვეითება, უიმედობა მომავალთან დაკავშირებით, თავისა და/ან კუჭის ტკივილი, ცუდი ძილი, კვებასთან დაკავშირებული პრობლემები (ზედმეტი ან პირიქით – საჭიროზე ნაკლები საკვების მიღება).

როცა ახლოვდება საგამოცდო პერიოდი, ბავშვები იწყებენ ნერვიულობას, იმატებს შფოთვა და ეს არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად კარგად ან ცუდად არის მოსწავლე გამოცდისთვის მომზადებული. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვმა მშობლისა და ოჯახის სხვა წევრებისგან მხარდაჭერა იგრძნოს. სკოლის გარემოში კი მხარდამჭერი უნდა იყოს მასწავლებელი. მშობელმა შვილს უნდა აგრძნობინოს, რომ ნებისმიერ დროს მზადაა მოუსმინოს. ბავშვს შესაძლოა მოუნდეს დედ-მამასთან საუბარი და ემოციების გაზიარება, ეს მისთვის შვების მომგვრელი იქნება და სტრესის მართვა სრულიად შესაძლებელია ასეთ შემთხვევაში.

– კიდევ რა მეთოდები შეგიძლიათ გაუზიაროთ მშობლებსა და გამოსაცდელებს, რა გზებით შეიძლება სტრესთან გამკლავება ისე, რომ არ შეიცვალოს მშობლისა და შვილის ურთიერთობა?  მაგალითად, ზოგჯერ მშობლები არჩევენ მკაცრ ტონს და დისციპლინას, აბიტურიენტებს უშლიან გარეთ გასვლას და ამას აუცილებელი მეცადინეობით ამართლებენ…

– წინასაგამოცდო პერიოდში სტრესის შესამცირებლად, როგორც უკვე ვისაუბრეთ, მნიშვნელოვანია მშობელმა შექმნას მხარდამჭერი გარემო. არსებობს მშობლების კატეგორია, რომლებიც მუდმივად შფოთავენ, უხეშად ერევიან შვილის სასკოლო საქმეებში. თუ მშობელი თვითონ შფოთავს, ეს შფოთვა ბავშვზეც აუცილებლად გადავა და დახმარების ნაცვლად, პირიქით, ხელს შევუშლით. არ არის აუცილებელი მკაცრად აკონტროლოთ მეცადინეობის ხარისხი. ბავშვმა კონტროლზე მეტად მხარდაჭერა უნდა იგრძნოს თქვენგან.

ზოგჯერ ადგილი აქვს საპირისპირო შემთხვევასაც: სახეზეა ე.წ. გულგრილი მშობლები, დედა და მამა ყურადღებას არ აქცევენ, ცივად ეპყრობიან შვილებს, არ გამოხატავენ მზრუნველობას და სიყვარულს. ასეთ დროს ბავშვები არ ცნობენ რაიმე აკრძალვებს. საგამოცდო პერიოდში ზედმეტი კონტროლი არ არის კარგი შედეგის მომტანი, თუმცა გულგრილობაც მეორე უკიდურესობაა და ბავშვი შესაძლოა, არ მოემზადოს სათანადოდ გამოცდებისთვის. ამიტომ საუკეთესო ვარიანტია მინიმალური კონტროლი და მაქსიმალური სიმშვიდე, ემოციური მხარდაჭერა.

– მიმართეთ 2022 წლის აბიტურიენტების მშობლებს, რა არის თქვენი მთავარი სათქმელი მათი ყოველდღიურობისთვის რა რეკომენდაციებს გაყვნენ?

– მიაქციეთ ყურადღება თქვენი შვილის კვების ხარისხს, ძილის დროს, ზოგადად, დღის რეჟიმს.
ენერგეტიკული სასმელები, დიდი რაოდენობით ტკბილეული, შოკოლადები, ბურგერები უარყოფითად აისახება ბავშვების ჯანმრთელობაზე და შესაძლოა იმატოს გაღიზიანებადობამ, გამოვლინდეს ჰიპერაქტიურობა.

დაეხმარეთ შვილს ძილის მოწესრიგებაში. უმეტესად მოზარდებს სჭირდებათ 8-10 საათი ძილი. ასეთ შემთხვევაში უმჯობესდება ფიქრისა და კონცენტრაციის უნარი.

– და ბოლოს, რა არის ის უნივერსალური ფრაზები, რომლებსაც მშობლები ხშირად იყენებენ და უარყოფითად ზემოქმედებს მოზარდზე განსაკუთრებით საგამოცდო პერიოდში, როგორია სწორი კომუნიკაცია?

– პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, მშობელმა შეინარჩუნოს სიმშვიდე, აგრძნობინოს შვილს, რომ მისი ესმის. როდესაც ბავშვი დაღლილობას უჩივის, მოუსმინეთ მას, ნუ შეეწინააღმდეგებით და ნუ დაუწყებთ საპირისპიროს მტკიცებას შემდეგი ფრაზებით: „რამ დაგღალა?“, „ჯერ არაფერი გისწავლია და უკვე დაღლილი ხარ?. ამით მხოლოდ გააღიზიანებთ და დაუკარგავთ ყოველგვარ მოტივაციას, გააგრძელოს მეცადინეობა.

ასევე უშედეგო იქნება ეზოში გასვლის, კომპიუტერის გამოყენების, ტელევიზორის ყურების სრულიად აკრძალვა. მიეცით ცოტა დრო განტვირთვისთვის, ნუ დაუწესებთ მკაცრ რეჟიმს, შეგიძლიათ შესთავაზოთ დასვენების ან მეცადინეობის დროის შერჩევა. ჰკითხეთ მაგალითად: „რომელ საათზე გირჩევნია მეცადინეობის დაწყება, 3 საათიდან 5 საათამდე თუ 5-დან 7-მდე?“ ან „დასვენების 1 საათს ეზოში გაატარებ თუ სადმე გავისეირნოთ მანქანით?“. ამით თან მიანიშნებთ, რომ დღის იმ მონაკვეთში მხოლოდ ერთი საათით შეუძლია დაისვენოს და ამასთანავე, აძლევთ არჩევანის გაკეთების საშუალებას. შვილს უნდა ვაგრძნობინოთ, რომ მათი აზრი მნიშვნელოვანია, რომ მათ აქვთ პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე, არ ვაკნინებთ მათ პიროვნებას.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური