GE

„ეს თქვენი პირველი დავალებაა, რომელიც პირნათლად შევასრულე“ – პედაგოგის მიმართვა განათლების ახალ მინისტრს

თამარ ლომიტაშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, კონკურსის „მასწავლებლები კონსტიტუციაზე“ ერთ–ერთი გამარჯვებული

ბატონო განათლების მინისტრო, პედაგოგებთან  შეხვედრა, როგორც ჩანს, ჯერჯერობით ვერ მოახერხეთ და ამიტომ, გადავწყვიტე, დიდი მოწიწებით, საჯაროდ მომემართა.

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი  გახლავართ.  სკოლაში მეთერთმეტე წელია ვასწავლი. ორი ხელისუფლებისა და რამდენიმე მინისტრის პირობებში, უამრავი სისტემური უსამართლობისა და „ვაირეფორმის“ მომსწრე ვარ. წლების განმავლობაში, ყველაზე მეტად ის მაღელვებდა, რომ მშობელ-მასწავლებელთა გაუთავებელი შეხლა-შემოხლისა და ხელისუფლების გულგრილობის ფონზე, თანდათან „ვკარგავდით თაობებს“ და დღეს ყველა ხედავს, პირდაპირი თუ ირიბი მნიშვნელობით, მათ სრულიად ვაქრობთ…

ორი წლის წინ, ,,არსენა მარაბდელობა” გადავწყვიტე და მაგისტრატურაზე ჩავაბარე განათლების პოლიტიკის განხრით – მწამდა, რომ „არწივის თვალით“ მომზირალ   ადამიანებამდე მივიტანდი „ბეღურების“ უამრავ პრობლემას  და რეალობას მოწყვეტილ  განათლების სისტემაში მომუშავეთ  მივაწვდენდი ხმას, რადგან „არწივის თვალს“ ხშირად გამორჩება ხოლმე ბეღურების ნამცეცებისათვის ბრძოლა და სამყოფელის ერთგულება. კამარაშეკრული ფრინველი ძნელად თუ დაინახავს მიწაზე მოცუნცულე არსებებს… მჯეროდა, ყველა ერთად შევძლებდით და თავიდან ავიცილებდით იმ შედეგს, რაც დღეს დაგვიდგა. მაგისტრატურა მაღალი აკადემიური მოსწრებით დავამთავრე, თუმცა,  ჩემი ხმა ამოღაღადებულად დარჩა აუდიტორიათა  შინა…

ბატონო მიხეილ, თქვენ, ალბათ, პირველ რიგში, სიპების საქმიანობის გაცნობა გადაწყვიტეთ, რათა განათლების სისტემის რეალური სურათი დაგენახათ და მიმდინარე ცვლილებებზე შეგქმნოდათ წარმოდგენა. ალბათ, ისმენთ, როგორი მონდომებით ვნერგავთ ევროპულ საგანმანათლებლო სტანდარტებს და რა ყოჩაღად ვიზიარებთ მსოფლიო წამყვანი სკოლების გამოცდილებას. რომ ინკლუზიური განათლების ყველა ასპექტი ნიჭიერად ავითვისეთ და სსსმ მოსწავლეები ინტეგრირებული გვყავს საგანმანათლებლო პროცესში. რომ  გვაქვს მასწავლებლის კარიერული განვითარების  უნიკალური სქემა და გვყავს ათასობით სერტიფიცირებული, არა, ბოდიში, ახლახან გადაერქვა  სახელი – უფროსი მასწავლებელი (რომლებიც ერთ წელში კრედიტებს თუ ვერ დააგროვებენ, ხარისხი, თავისი სახელფასო დანამტიანად, ჩამოერთმევათ. ამ კრედიტების დაგროვება კი საკმაოდ რთულია, რადგან ბუნდოვანი და არავალიდურია როგორც ის აქტივობები, რომელთა საფუძველზეც პედაგოგმა ეს ქულები უნდა მოიპოვოს, ისე შემფასებელი, უჩინარი არსება, რომელიც  გაურკვეველი კრიტერიუმებით აფასებს აქტივობებს.).

ბატონო  მინისტრო, განათლების სისტემაში თქვენ ნახავთ ბევრ ლამაზ კაბინეტსა და ტკბილმოუბარ, თუმცა არაკომპეტენტურ ადამიანს, რომლებიც დაგარწმუნებენ, რომ წინ მტკიცე და სწორი ნაბიჯებით მივიწევთ, თუმცა სულ სხვაა რეალობა. დღეს საჯარო დაწესებულებებში ბიუროკრატია მეფობს და მასწავლებელი მისი ყურმოჭრილი მონაა, დამონებული პედაგოგი კი მოსწავლისათვის ავტორიტეტული ვერასდროს იქნება.

სისტემის უსუსურობამ კიდევ ერთხელ შემძრა, როდესაც თავსდატეხილი ტრაგედიის (მე დავარქმევდი ჩვენი დათესილის მომკილს) შემდეგ, ორშაბათ დილას, სამინისტროდან მითითება მოვიდა სკოლებში – საშუალო საფეხურის მოსწავლეებს ესაუბრეთო. ეს თქვენი პირველი დავალებაა, რომელიც პირნათლად შევასრულე, მაგრამ დირექტივას ცოტა გადავუხვიე და საუბარი დაწყებითი საფეხურიდან დავიწყე, როცა მესამე კლასში შესულს თვალებგაფართოებული ბავშვები შემომეხვივნენ, იცი, მასწავლებელო, ორ ბიჭს დანა გულში დაარტყეს და მოკვდნენო (დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები ამ სიტყვას განსაკუთრებული სიმძაფრით ამბობენ, ნაცვლად – დაიღუპნენ ან გარდაიცვალნენ.). სინამდვილეში, ბატონო მიხეილ, ასეთი საუბრები ჩვენ თითქმის ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს გვაქვს, ყველა საფეხურის მოსწავლესთან…

კომპაქტურად მინდა პრიორიტეტულ პრობლემებზე ვისაუბრო, მაგრამ იმდენია, რომ არ გამომდის…

ბატონო მინისტრო,  თქვენ თუ მართლა დაისახეთ მიზნად, განათლების სისტემა ჭაობიდან ამოიყვანოთ, სასწრაფოდ უნდა შეხვდეთ კომპეტენტურ ექსპერტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, განათლების პოლიტიკის კურსდამთავრებულ უნიჭიერეს მაგისტრებსა თუ დოქტორანტებს, რომელთა ცოდნა ჰაერივით სჭირდება სისტემას და  მათთან ერთად დაიწყოთ ამ უდიდესი ეროვნული საქმის კეთება.

პატივისცემით თამარ ლომიტაშვილი.

 

ამავე თემაზე:

ემიგრანტი დედის ღია წერილი განათლების მინისტრს – „ჩემი სამშობლოში დაბრუნება თქვენს ხელშია!“

მასწავლებელი: „სკოლაში ტყის გავლით მივდივარ, მგელს კანონი იცავს და მე არ შეიძლება სკოლის ავტობუსი გავაჩერო“

“არ დაგიქუცმაცებიათ შეშა კლასის გასათბობად? ე.ი. არ ყოფილხართ სოფლის სკოლის მასწი”

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური