GE

„ეს ყველა ჩვენგანისთვის განგაშის ზარია, სახელმწიფომ სკოლებს უნდა მოსთხოვოს კონტროლი“

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ 2022 წლის 9 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციიდან გავიგეთ, რომ საქართველოში, ბავშვთა 28%-ს ჭარბწონიანობა აწუხებს. ინფორმაციის პირველწყარო კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაა, რომელმაც კვლევა ჩაატარა.

EDU.ARIS.GE დაინტერესდა, რამდენად საგანგაშოა აღნიშნული ორნიშნა რიცხვი და რით ხსნიან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები არსებულ სტატისტიკას. ვესაუბრეთ ექიმ პედიატრს, ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტს, თათია სალდაძეს.

ჩვენი რესპონდენტი ამბობს, რომ ეს რიცხვი არ უკვირს, რადგან ყოველდღიურად, პრაქტიკაში ხედავს ზუსტად იმავეს. მედიკოსი მიიჩნევს, რომ არც სახელმწიფოს და არც სკოლებს არ აქვთ ისეთი პოლიტიკა, რომელიც აფიქრებინებს, რომ სტატისტიკაში რაღაც შეცდომაა.

„ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება, როგორც მშობლემა, ასევე სახელმწიფომ და სკოლამ შეიმუშავოს ბავშვის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ორიენტირებული რაციონალური პოლიტიკა. ეს საჭიროება განსაკუთრებით დადგა COVID-19 პანდემიის პირობებში. ჩემი პირადი გამოცდილებით გეტყვით, რომ მომართულ პაციენტთა ყოველი მეოთხე-მეხუთე ბავშვი ჭარბწონიანია და ალბათ, სხვა პედიატრებსაც იგივე სტატისტიკა ექნებათ. ეს რიცხვები, პირველ რიგში, სახელმწიფოსთვის უნდა იყოს საგანგაშო და გამაფრთხილებელი, რომ როგორც უკვე ავღნიშნე, დროულად გადაიხედოს არსებული პოლიტიკა. ამის შემდეგ ნამდვილად შეიძლება ეჭვქვეშ დავაყენოთ ეს ორნიშნა რიცხვი ამ ეტაპზე კი არ მგონია, ამის მცირედი საფუძველი მაინც იყოს“, – აცხადებს სპეციალისტი.

თათია სალდაძე გვესაუბრა იმ პრობლემებზეც, რომელთა წინაშეც, ჭარბი წონა ბავშვს, მოზარდსა თუ ზრდასრულ ადამიანს აუცილებლად დააყენებს:

„ჩასაჩქმეტი ლოყები მოგვწონს და ბევრისთვის „სიფუმფულე“ და „სისაყვარლეა“, თუმცა, საერთოდ ვერ ვიაზრებთ, რა შეიძლება გამოიწვიოს ამ ერთი შეხედვით არაპრობლემურმა მდგომარეობამ. ხშირად, ზედმეტი კილოგრამები ორგანიზმს ისეთი დაავადებების ჩამოყალიბებისკენ უბიძგებს, რომლებსაც ოდესღაც, მხოლოდ მოზრდილებში ვხვდებოდით. ასეთია დიაბეტი, მაღალი ქოლესტერინი, მაღალი წნევა, ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება, ძვალ-სახსროვანი და სასუნთქი სისტემების პრობლემები. ხშირია უარყოფითი თვითშეფასება და დეპრესიაც“.

სპეციალისტი ამბობს, რომ ორგანიზმის ნორმალურად ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ვიტამინებისა და მიკროელემენტების დონის შემცირებამდე არაბალანსირებულ კვებას მივყავართ. ეს კი, თავის მხრივ, ამცირებს ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას სხვადასხვა ვირუსებისა თუ ბაქტერიების მიმართ. ვითარდება ანემია, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები. ქვეითდება ფიზიკური აქტივობის უნარი, ინტელექტუალური უნარ-ჩვევები, „ბავშვები უხალისოები და გაღიზიანებულები ხდებიან“.

თათია სალდაძის განცხადებით, რადგან ბავშვი დღის ყველაზე დიდ ნაწილს სკოლაში ატარებს, მას იქ აუცილებლად უნდა ჰქონდეს საათობრივი და ჯანსაღი კვების მენიუ, რაც სკოლებში არ ხდება, რადგან არ არსებობს სახელმწიფოს პირდაპირი მოთხოვნა და რეგულაცია.

„ჯანმოს გამოქვეყნებული სტატისტიკის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია, რომ სკოლებს არ აქვთ კვების ისეთი მენიუ, რომელიც ჯანსაღი და ბავშვის ჯანმრთელობაზე ორიენტირებული იქნება. შესაძლოა, სახელმწიფომ ვერ უზრუნველყოს სკოლებში უფასო კვება, მაგრამ სხვა რეგულაციებიც ხომ არსებობს… ბავშვთა 28%-ს არ უნდა აწუხებდეს ჭარბი წონა, ეს ყველა ჩვენგანისთვის განგაშის ზარია. სახელმწიფომ უნდა შეძლოს, სკოლებს მოსთხოვოს, რომ აკონტროლონ რას ჭამენ ბავშვები სკოლებში. ჰქონდეს წამახალისებელი და ბავშვის ჯანმრთელობაზე ორიენტირებული პოლიტიკა“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტმა.

თათია სალდაძეს ვკითხეთ, რა იქნებოდა მისი, როგორც პედიატრის რჩევა სახელმწიფოსა და სკოლების მიმართ, რა ტიპის კვების მენიუს შესთავაზებდა სკოლას ბავშვთა ასაკის გათვალისწინებით.

სპეციალისტი განმარტავს, რომ სახელმწიფოს როლი აღნიშნული სტატისტიკის შემცირებაში უდაოდ დიდია. პირველ რიგში, უნდა მოხდეს საზოგადოების ინფორმირება ბავშვებში ჭარბწონიანობის პრობლემატურობის შესახებ და მაქსიმალური ყურადღება დაეთმოს სკოლებში ე.წ ბუფეტების მოწესრიგებას.

„ვიცი, რომ კერძო სკოლები გარკვეული ნაწილი სთავაზობს მოსწავლეებს კვებას და პირველ რიგში, მათ ვეტყოდი, რომ კვების მენიუ გამდიდრებული უნდა იყოს საკვები ელემენტებით: მეტი ცოცხალი ხილი და ბოსტნეული, ცილოვანი პროდუქტები, ჯანსაღი წვენები. მაქსიმალური შეზღუდვა არაჯანსაღ სასუსნავებზე (ცხიმიანი საკვები, ტკბილეული, ცომეული).

„ასევე, არა მხოლოდ სკოლებსა და სახელმწიფოს, მშობლებსაც ვურჩევ, თავად იყვნენ შვილებისთვის სამაგალითოები. მიმართონ მეტ ფიზიკურ აქტივობას დღის განმავლობაში. ბავშვებთან ერთად, 15-20 წუთი მაინც ისეირნონ სუფთა ჰაერზე, ნაკლებად გამოიყენონ ტექნიკა (მაქსიმუმ 1-2 საათი დღის განმავლობაში და არავითარ შემთხვევაში ძილის წინ) და რაც მთავარია, იკვებონ ჯანსაღად და საათობრივად“, – განაცხადა გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტმა თათია სალდაძემ.

ამავე თემაზე:

„სკოლებში ფიზიკური აქტივობის მიზანმიმართული საკომუნიკაციო კამპანიების ნაკლებობაა“

მოამზადა მზეო შველიზემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური