GE

„ესაა გამოსავალი, რომ ქვეყანაში მეცნიერის არსებობას აზრი ჰქონდეს“ – მეცნიერება საქართველოში

საქართველოში მეცნიერებამ რთული გარდამავალი პერიოდი გაიარა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარება სერიოზული რისკის ქვეშ დადგა. 1993 წელს კი აშშ-ის სახელმწიფო დეპატრამენტს, ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმდა ხელშეკრულება და ჩამოყალიბდა ფონდი, რომლის დაფინანსებით ასობით სამეცნირო პროგრამა და აქტივობა განხორციელდა.

2010 წელს 70-მდე სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი უნივერსიტეტებთან (თსუ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, აგრარული უნივერსიტეტი, სამედიცინო უნივერსიტეტი, ტექნიკური უნივერსიტეტი) ინტეგრირდა, თუმცა როგორც სამეცნიერო წრეებში აღნიშნავენ, ეს მხოლოდ ფორმალური მხარე იყო და ინსტიტუტები უნივერსიტეტბში მიმდინარე სასწავლო პროცესებისგან იზოლირებულნი იყვნენ.

ამავე წელს დაარსდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, რომელიც სახელმწიფო საგრანტო კონკურსებს, მიზნობრივ პროგრამებსა და პროექტებს ახორციელებს. (ცნობისთვის, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი სსიპ საქართველოს ეროვნული  სამეცნიერო ფონდისა და სსიპ ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერების ფონდის უფლებათმონაცვლეა. საქართველოს ეროვნული ფონდი (სესფ) 2005 წელს დაარსდა. 2007 წელს გაიყო ზემოთ აღნიშნულ ორ ფონდად გაიყო. 2010 წელს კი ისევ გაერთიანდა და რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი დაარსდა. ავტ.)

2014 წელს  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მეცნიერების იმდროინდელი სიტუაცია შეფასებული იყო, როგორც „უკიდურესად კრიტიკული“. აკადემია მთავრობას რეალური ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებდა და ამცნობდა, რომ „ქვეყანას მეცნიერების გარეშე დარჩენა ემუქრება“. როგორც მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას ამბობს, აღნიშნულ განცხადებას სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვა და დღეს აკადემია და სამინისტრო მეცნიერებას ურთიერთთანამშრომლობით მართავენ:

“2014 წლის 17 იანვარს აკადემიის საერთო კრებამ მიიღო მიმართვა საქართველოს ხელისუფლებისადმი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების დაფინანსების გაუმჯობესების შესახებ, რამაც გარკვეული შედეგი გამოიღო. 2015 წლიდან კვლევითი დაწესებულებების პროგრამული დაფინანსება დაახლოებით სამჯერ გაიზარდა.

მეცნიერებათა აკადემია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად მონაწილეობს მეცნიერების მართვაში, რაც გამოიხატება შემდეგში:

1) აკადემია არის მთავრობის მრჩეველი მეცნიერების დარგში; 2) აკადემია ახორციელებს ქვეყანაში ჩატარებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ყოველწლიურ ექსპერტიზას და აძლევს შეფასებას. შედეგები წარედგინება მთავრობას. ასევე, „განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგიის“ შექმნაში აკადემიამ მიიღო აქტიური მონაწილეობა. ეს სამოქმედო გეგმა, განუხრელად შესრულების შემთხვევაში, სასურველ შედეგებს მოგვცემს”, – აცხადებს კვესიტაძე.

“განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგიები” სამინისტროს მიერ 2018 წელს გამოქვეყნებული დოკუმენტია, რომელშიც განათლებისა და მეცნიერების განვითარების ძირითადი (სკოლამდელი, სასკოლო, პროფესიული და უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა) მიმართულებების გამოწვევები და დასახული მიზნებია წამოდგენილი.

2016 წელს საქართველო შეუერთდა ერთ-ერთ ყველაზე მაღალბიუჯეტიან ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ს ,რომლის  ფარგლებში დაფინანსდა 2 მულტილატერალური პროექტი (Black See Horizon, EaP PLUS).

2017 წელს სამინისტრომ მეცნიერებას დაფინანსება შეუმცირა და იგი  61 მილიონ 440 ათას ლარს შეადგენდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო დაფინანსება დაბალია და სხვდასხვა ღონისძიებებით ამაში კერძო სექტორის ჩართვას გეგმავენ. ამის შესახებ “ეროვნულ სტრატეგიებში” ვკითხულობთ:

“სახელმწიფო დაფინანსება კვლევისა და განვითარების სფეროში საკმაოდ დაბალია, რაც საგრძნობლად ჩამორჩება ევროკავშირის ანალოგიურ მაჩვენებლს. სასურველია კერძო სექტორის კვლევებში ჩართვის სტიმულირება სხვადასხვა ღონისძიებებისა და რეგულაციების მეშვეობით”, – ნათქვამია სტრატეგიებში.

რუსთაველის ფონდის 2017 წლის ბიუჯეტი 3 მილიონი ლარით შემცირდა და იგი 31 095 000 ლარს შეადგენდა. 2018 წელს კი ეს რიცხვი კვლავ გაიზარდა და ბიჯეტი ახლა 32 280 000 ლარია, რომლის განკარგვის შესახებ ფონდის დირექტორი მანანა მიქაბერიძე EDU.ARIS.GE-ს ესაუბრა:

„ფონდის ბიუჯეტი 2018 წელს არის 32 280 000, საიდანაც 96,34 % პროგრამული ბიუჯეტია, ხოლო 3,66% ხმარდება ადმინისტრაციის ხარჯებს. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის დელეგაციის დახმარებით „ჰორიზონტ 2020“-ში გადახდილი წლიური გადასახადის 50% ბრუნდება საქართველოში და ეს თანხა კვლავ მეცნიერების განვითარებაში იქნება ჩადებული. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიზნობრივი პროექტის განხილვა სამინისტროში და 2018 წლიდან დაიწყება სპეციალური, დამატებითი გრანტებისა და ხელშემწყობი ღონისძიებების პროექტი, რომელიც დაეხმარება საქართველოს მეცნიერებს გააქტიურდნენ ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამაში და დაფინანსება მოიპოვონ საერთაშორისო წყაროებიდან“, – ამბობს მიქაბერიძე.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ფონდს გამოყენებით კვლევებზე კონკურსი არ გამოუცხადებია. ამის შესახებ გასულ წელს რუსთაველის ფონდის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა მარინე ჩიტაშვილმა EDU.ARIS.GE -სთან განაცხადა.

„სულ რაღაც 150-მა კაცმა შემოიტანა განაცხადი. რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არ არის ისეთი კონკურსი, რომელზეც ძალიან დიდი მოთხოვნაა ერთი და მეორეც, სანამ უნივერსიტეტები არ გაასწორებენ სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებებს, ასეთი კონკურსების დაფინანსებას ჩვენი მხრიდან აზრი არ ექნება“, – განმარტა ჩიტაშვილმა.

როგორც რუსთაველის ფონდის ამჟამინდელი დირექტორი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, კონცეფცია განახლდა და კონკურსი 2018 წელს კვლავ გამოცხადდა. გასულ წელს კი გამოყენებითი კვლევების ნაცვლად გაიზარდა ფუნდამენტური კვლევების დაფინანსება:

„ფონდმა განახორციელა წინა წლებში ამ კონკურსში დაფინანსებული დასრულებული პროექტების ეფექტიანობის შეფასება და გამოიკვეთა საჭიროება, მომხდარიყო კონკურსის პირობების მოდიფიცირება. კონცეფცია განახლდა საერთაშორისო ფონდების კოლაბორაციული, გამოყენებითი კვლევების პირობების შესაბამისად. განხილულ იქნა ახალი კონცეფცია სამეცნიერო საზოგადოებასთან თანამშრომლობით და გამოცხადდება 2018 წელს. ამ მიმართულებით გაკეთებული ეკონომიის ხარჯზე გარკვეულწილად გაიზარდა 2017 წლის ფუნდამენტური კვლევების კონკურსის საერთო ბიუჯეტი და 16 პროექტით მეტი დაფინანსდა, ვიდრე ამას საწყისი ბიუჯეტი ითვალისწინებდა (სულ 86 პროექტი)”, – განმარტავს მიქაბერიძე.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის რამაზ ხომერიკის თქმით, ფონდის დაფინანსების გაზრდა საკმარისი არაა. მისი აზრით, იმისათვის, რომ ქვეყანაში მეცნიერის არსებობას აზრი ჰქონდეს, ამის რეალური მიზეზი უნდა არსებობდეს, რაც სკოლის მოსწავლეების მეცნიერებით დაინტერესებაა, თუმცა მასწავლებლის ხელფასის გათვალისწინებით კვალიფიციურ მეცნიერს პედაგოგობის სურვილი არ აქვს. ამიტომაც დეკანი მიიჩნევს, რომ გამოსავალი პედაგოგის ხელფასის ზრდაა:

„რუსთაველის ეროვნული ფონდი ერთ-ერთი ნათელი წერტილია, მაგრამ მისი ფინანსირების მნიშვნელოვანი გაზრდა ალბათ, არაა გამოსავალი. საქართველოში არ არსებობს მეცნიერის არსებობის აუცილებლობა, ქვეყნის მთავარი ფინანსირების სამიზნე მასწავლებლების ხელფასები უნდა იყოს, ეს საქმე პრიორიტეტების მხრივ თავდაცვის ხარჯებზე უპირატესია, რადგან ასე თუ გაგრძელდა, 2-3 ათწლეულის შემდეგ დასაცავად გონიერი არსებაც აღარ დაგვრჩება.

„სამეცნიერო ცოდნის გადაცემა უნდა იწყებოდეს უნივერსიტეტიდან სკოლის მასწავლებლის გაზრდით, რომელიც თავის მხრივ სკოლის მოსწავლისთვის ცოდნის გაზიარებაში უნდა მონაწილეობდეს. ახლა სკოლის მასწავლებლის დაბალი ხელფასის გამო მასწავლებლად ცოტა თუ ვინმე მიდის ახალგაზრდობიდან, ამიტომ ეს კავშირიც დარღვეულია. ვფიქრობ, აუცილებელია მასწავლებლის საშუალო ხელფასის მიყვანა 2000 ლარამდე, მაშინ მეცნიერებს სტიმული გაუჩნდებათ, რომ გახდნენ მასწავლებლები და ცოდნის უშუალოდ გადაცემაში მიიღონ მონაწილეობა, სამასწავლებლო კარიერით დაინტერესდება ახალგაზრდობაც და ეს ცოდნის გადაცემის წრეც შეიკვრება“, – ამბობს ხომერიკი.

ახალგაზრდობა მეცნიერებისადმი დიდი ინტერესით რომ არ გამოირჩევა და სკოლის მოსწავლეებიც ამ მხრივ ნაკლებად ინფორმირებულნი არიან ერთიან ეროვნულ სტრატეგიებშიცაა აღნიშნული:

„ნაკლებეფექტურია სამეცნიერო მიმართულებით ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობის არსებული სქემები. არასაკმარისად ხორციელდება მკვლევართა ახალგაზრდა თაობების მოზიდვა და ინტეგრირება. შოთა რუსთაველის ფონდის მონაცემებით, 2015 წელს 12 098 მაგისტრატურის სტუდენტისგან საგრანტო კონკურსში მონაწილეობა მხოლოდ 58-მა სტუდენტმა მიიღო, 2016 წელს კი – 134-მა, ხოლო 2017 წელს 3841 დოქტორანტურის სტუდენტიდან 376-მა.

„ამჟამად არსებული განათლების სისტემა ნაკლებად უზრუნველყოფს სკოლებში ინოვაციური აზროვნებისა და სამეცნიერო კვლევების კულტურის განვითარების წახალისებას, რაც თავის მხრივ, უმაღლეს საგანმანათლებლო შემოსული ახალგაზრდების კვლევის უნარებისა და ინოვაციური აზროვნების დეფიციტს განაპირობებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ირკვევა, ამ სფეროს ერთ-ერთ მთავარი პრობლემა ახალი თაობის მეცნიერებით დაინტერესებაა, თუმცა ნაწილს ინტერესი უნივერსიტეტებში სწორედ ამ მიმართულებებით სწავლის დროს უქრება. ხომერიკის თქმით, ნაწილი პროფესიას იცვლის, მეორე ნაწილი კი სწავლასა და კარიერას საზღვარგარეთ აგრძელებს:

„ინტერესი უქრებათ უნივერსიტეტში სწავლების პროცესში და ეს არცაა გასაკვირი: მხოლოდ ისინი რჩებიან მეცნიერებაში, რომლებიც ექსტრაორდინარული მონაცემებით გამოირჩევიან. მაგალითად, ყოველ წელს 6-7 ფიზიკის ბაკალავრიატდამთავრებული სტუდენტი მიდის სწავლის გასაგრძელებლად დასავლეთში, ასარჩევად აქვთ უნივერსიტეტები თავისი სტიპენდიებით და რეიტინგებით, მაგრამ ესენი იქვე რჩებიან და აგრძელებენ კარიერას, მე მათგან საქართველოში დაბრუნებული არავინ მინახავს, ან თუ ბრუნდება, ისევ გაქცევაზე უჭირავს თვალი, რა თქმა უნდა, ისევ იშვიათი გამონაკლისის გარდა. რაც შეეხება დანარჩენებს, ისინი პროფესიას იცვლიან ძირითადად“, – ამბობს რამაზ ხომერიკი.

ანანო ბასიალაია სწორედ მათ რიცხვშია, რომელებიც სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელებას ამჯობინებენ. ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე რეიტინგით პირველი სტუდენტია და ბონის უნივერსიტეტისგან  შემოთავაზება უკვე მიიღო:

„ბაკალავრიატის მეოთხე კურსის სტუდენტი ვარ და მომავალ წელს ვგეგმავ მაგისტრატურაზე სწავლა საზღვარგარეთ განვაგრძო. ჯერჯერობით, ზუსტად არ მაქვს გადაწყვეტილი, რომელ უნივერსიტეტზე შევაჩერებ არჩევანს, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ მივიღე ინფორმაცია, რომ ბონის უნივერსიტეტმა(გერმანია) მომცა სრული დაფინანსება სამაგისტრო პროგრამა „მათემატიკაზე“ სწავლის გასაგრძელებლად“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს ანანო ბასილაიამ.

ჩვენს კითხვაზე, საქართველოში მეცნიერების რომელი დარგია მოწინავე, ხომერიკი  საერთაშორისო რანჟირების სისტემების შედეგებს გვახსენებს, რომლის მიხედვითაც თსუ–ის ფიზიკოსები შანხაის მსოფლიოს უნივერსიტეტების რანჟირებაში მოხვდნენ:

„თუ სხვადასხვა საერთაშორისო რანჟირებების სისტემებს დავუჯერებთ, საქართველოში რეიტინგებს ძირითადად ფიზიკოსები აკეთებენ“, – აღნიშნავს ხომერიკი.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტომ მეცნიერების ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის გასაუმჯობესებლად სამი სტრატეგიული ამოცანა დასახა, რომლებიც  ერთიან ეროვნულ სტრატეგიებშია განხილული:

1. ქვეყანაში მეცნიერების ტექნოლოგიებში ხარისხის მისაღწევად საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ეკო-სისტემის განვითარება.

2. მეცნიერების ტექნოლოგიისა და ინოვაციის როლის, სტატუსისა და ღირებულებების გაძლიერება და მისი, როგორც ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ეროვნული პრიორიტეტების პოზიციონირება.

3სისტემის ინტერნაციონალიზაცია და დაფინანსების რესურსების დივერსიფიცირება, რაც სამეცნიერო სფეროში საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობას გულისხმობს.

აღნიშნული ჩანაწერების შესახებ EDU.ARIS.GE-მ დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით სამინისტროს დამატებითი კითხვებით მიმართა და შედარებით კონკრეტული პასუხი 2 კითხვაზე მიიღო:

– სტრატეგიებში ნათქვამია, რომ მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით სკოლებსა თუ უნივერსიტეტებში საჭიროა გარკვეული პროექტების განხორციელება, როდის იგეგმება ამ მიმართულებით მუშაობის დაწყება,  ასევე, ბიზნეს სეტორის დაინტერესებაზეა საუბარი. როგორ აპირებს სამინისტრო აღნიშნულს?

განათლების სამინისტრო: მეცნიერების პოპულარიზაციის  მიმართულებით საჯარო სკოლებში დაგეგმილია ახალი პროექტის განხორციელება. პროექტი „ევრიკას“ ფარგლებში უნივერსტეტის პროფესორები და გამოცდილი პედაგოგები დისტანციურად ჩაატარებენ გაკვეთილებს სკოლებში. შესაძლებელი იქნება ჩატარდეს სახალისო გაკვეთილები, რაც ხელს შეუწყობს როგორც მოსწავლების მოტივაციის ზრდას, ასევე მეცნიერების სხვადასხვა დარგების პოპულარიზაციას.

სამეცნიერო კვლევებში ბიზნეს სექტორის ჩართულობის გასაუმჯობესებლად შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ევროპული გამოცდილების გაზიარება. მაგალითისთვის, ევროკავშირის სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პროგრამის “ჰორიზონტ 2020”-ს ფარგლებში სამეცნიერო პროექტების დაფინანსებისას მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა კვლევით პროექტებში მცირე და საშუალო ზომის კომპანიების ჩართულობას. ამ მექანიზმის გამოყენებით კერძო კომპანიებს შეუძლიათ დააფინანსონ მათთვის საინტერესო ინოვაცური პროდუქტის შექმნა, ხოლო ხარჯების ნაწილს თანადაფინანსების მექანიზმით დაფარავს ევროკომისიის სამეცნიერო ფონდი. საქართველო “ჰორიზონტ 2020” პროგრამის ასოცირებული წევრია, რაც ნიშნავს, რომ ქართველ მეცნიერებსა და კერძო კომპანიებსაც შეუძლიათ ამ სქემით მიიღონ ევროპული დაფინანსება.

– როგორ შეაფასებთ უნივერსიტეტებში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლის ხარისხს. აღჭურვილია ლაბორატორიები შესაბამისი ტექნელოგიებით?

განათლების სამინისტრო: ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს საქართველოში დიდი ტრადიციები გააჩნიათ. ახალგაზრდები, რომლებიც იღებენ ამ მიმართულებით განათლებას ხშირად კონკურენტუნარიანი არიან საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე, ხოლო შესაბამისი ფაკულტეტები ხშირად უნივერსტეტის ყველაზე რეიტინგულ მიმართულებად ითვლებიან. ამისდა მიუხედავად სიტუაცია განსხვავებულია საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. განსხვავებულია სიტუაცია თეორიულ, ექსპერიმენტულ და გამოყენებით დარგებში, სადაც საჭიროა თანამდროვე ძვირადღირებული აპარატურა და ლაბორატორიები. ეს საკითხი წარმოადგენს უმაღლესი განათლების დაფინანსების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას. დღეისათვის აქტიურად ვმუშაობთ დაფინანსების სისტემის რეფორმაზე, რომელიც გაითვალისწინებს სხვადასხვა დარგში სტუდენტის განათლებაზე უნივერსტეტების მიერ გაწეულ ხარჯებს. რეფორმა ხორციელდება მსოფლიო ბანკის აქტიური მხარდაჭერით.

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური