GE

ესპანეთში კსუ-ის წარმომადგენელი მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებსა და ადმინისტრაციას შეხვდა

9 ოქტომბერს, ესპანეთში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენელი ქეთევან გორგილაძე მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებსა და ადმინისტრაციას შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ესპანურ მარნებსა თუ უნივერსიტეტებს შორის მოქმედი პროექტები/პროგრამები, რომლებშიც მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებს აქტიურად ჩართვა შეუძლიათ. შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა ფედერიკო ოლდენბურგის ვიზიტზე, რომელიც 23-დან 27 ოქტომბრის ჩათვლით იგეგმება (ფედერიკო ოლდენბურგი – ესპანეთის ნაციონალური პრემიის ლაურეატი ღვინისა და გასტრონომიის მიმართულებით, ღვინის საუკეთესო სახელმძღვანელოებად აღიარებული წიგნების ავტორი).

„ბურგოსის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამაზე მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელიც გადაწყვეტს ჰქონდეს ბურგოსის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომი მეღვინეობის მიმართულებით, ჩაეთვლება ყველა ის კრედიტი, რაც უკვე გაიარა, ისწავლის ნახევარ სემესტრს ბურგოსში და მიიღებს მათ დიპლომს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დიპლომთან ერთად. გარდა ამისა, არსებობს თანამშრომლობის სხვა მიმართულებებიც, მათ შორისაა „სტუმარი სტუდენტის“ სტატუსით სწავლა ბურგოსის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერ პროგრამაზე“, – აცხადებს ქეთევან გორგილაძე.

შეხვედრაზე, ასევე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტმა მადონა მუჩიაშვილმა ისაუბრა ერთთვიან გამოცდილებაზე, რაც ესპანურ მარნებში პრაქტიკის გავლის დროს დააგროვა; აღსანიშნავია, რომ აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტ გიორგი კენჭიაშვილთან ერთად, ის იყო პირველი სტუდენტი, რომელმაც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხელშეწყობით, ესპანეთში რთველის დროს, ესპანურ მარნებში გაიარა პრაქტიკა ბიო მევენახეობის მიმართულებით და უკვე ბურგოსის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტიც გახდა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური