GE

„ეთიკის ნორმების დარღვევის გამო პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა უარყოფითად შეფასდება“ – დეტალები

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა იმ მასწავლებლებს, რომლებმაც ვერ მოასწრეს განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტების ატვირთვა, გამოქვეყნება და/ან არასწორად ატვირთეს დოკუმენტები, საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში, 2019 წლის 8 ივლისის ჩათვლით eFlow-ში წერილობითი მომართვის საფუძველზე შეცდომების გასწორების საშუალება მისცა.

ცენტრის ინფორმაციით, განიხილავენ შემდეგი ტიპის დარღვევებს: თუ დოკუმენტაცია ატვირთულია ელექტრონულ სივრცეში, მაგრამ არასწორ ველში; დოკუმენტაცია ატვირთულია, მაგრამ არ არის გამოქვეყნებული; დოკუმენტაცია არ აიტვირთა ტექნიკური პრობლემის გამო (აღნიშნული გადამოწმდება სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში).

„იმ შემთხვევაში, თუ კვლევის ეთიკა არის დარღვეული, მაგ: ატვირთულია ბავშვების სურათები, ან სახელები და გვარები, რაც იძლევა მონაწილეების იდენტიფიცირების საშუალებას (თუკი თანხმობა არ არსებობს), აღნიშნული კვლევა ფასდება უარყოფითად.

იმ შემთხვევაში, თუ ერთ ველში ატვირთული არის ორი ან მეტი აქტივობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (მაგ. ორი რესურსი, ორი გაკვეთილი) და სკოლის შეფასების ჯგუფს ტექნიკურად აქვს საშუალება აქტივობის გასწვრივ დააფიქსიროს ჯამური შეფასება“, -აღნიშნულია მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

კვლევაში მოსწავლეების სახელების და გვარების და ფოტოების გამოყენების შესახებ ინფორმაცია ზოგიერთი პედაგოგისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ისინი წერდნენ რომ, არ იცოდნენ ამის შესახებ და ითხოვენ ამ შეცდომის გამოსწორების საშუალებასაც:

-„ერთი უფასო ტრენინგი მაინც გამოეცხადებინა მასწავლებლის სახლს კვლევის შესახებ. ხომ არ იქნებოდა ამდენი გაუგებრობა (სამაგიეროდ ფასიანები იყო მრავალი, რაზეც ყველას არ მიუწვდებოდა ხელი)? ისევ მასწავლებელია დამნაშავე. მოგვეცით ხარვეზის გამოსწორების საშუალება!“

-„ეს ფაქტი მიმაჩნია წლის უსამართლობად! თვეების განმავლობაში მასწავლებელი ახორციელებს კვლევას, რომელსაც ენით აღუწერელი შრომა ახლავს და მაშინ, როცა ჰგონია რომ ყველაფერი მზად აქვს და სექტემბრისთვის წინსვლას ელოდება, იგებს ასეთ სენსაციურ ინფორმაციას…სად არის სამართალი??? ნუთუ არ შეიძლებოდა ამ ინფორმაციის ბაზის დახურვამდე გავრცელება?? ათასობით მასწავლებელი ჩააგდო შოკში და ააფორიაქა ამ ინფორმაციამ, ამიტომ გარდაუვალი და სამართლიანი იქნება მათი პროტესტი…არავინ ფიქრობს ამ მასწავლებლების მდგომარეობაზე, არაფრის მაქნისია “უკან მიდევნებული ლამპარი”…. არავის აქვს უფლება ამდენი მასწავლებლის მიზნები და მისწრაფებები მოსპოს და ჩაუკლას განვითარების სურვილი…ჩემი უდიდესი პროტესტი ამ ფაქტს! იმედია უკვე ფიქრობთ ამ სიტუაციის გამოსწორებაზე და არ გაწირავთ მასწავლებლებს, რომლებსაც დროულად არ მიუღიათ ეს ინფორმაცია“.

-„კვლევაში მაქვს ექსპერიმენტის ამსახველი სამი ფოტო, სადაც მოსწავლეების სახეებიც ჩანს. თუ მომცემთ ფოტოების ამოღების საშუალებას, ამით კვლევის შინაარსი არ შეიცვლება. კვლევის ეთიკის ნორმები აღარ იქნება დარღვეული. ჩემი დაუზოგავი შრომა იქნება დაფასებული და ამის შესაბამისად თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება იქნება მასწავლებელზე მორგებული და თითქმის სამართლიანი“, წერდნენ მასწავლებლები.

EDU.ARIS.GEმ გადაამოწმა რამდენიმე მასწავლებელთან, რომლებსაც წამყვანის სტატუსის მიღება სურთ და ჩაატარეს პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა, ჰქონდათ თუ არა ინფორმაცია იმის შესახებ, რა შემთხვევაში შეფასდებოდა უარყოფითად მათი კვლევა.

„ეს ინფორმაცია, მე სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გამო ვიცოდი. როგორ უნდა გაფორმდეს კვლევითი ნაშრომი, ამის შესახებ სპეციალური ფორმა არსებობს. კვლევაში მონაწილე პირების ფოტოების გამოყენება და მათი იდენტიფიცირება თანხმობის გარეშე, არ შეიძლება. ტრენინგი მსგავს თემაზე არ მქონია და სკოლიდან ან მასწავლებლის სახლიდანაც არ მიმიღია ეს ინფორმაცია“, – გვითხრა მასწავლებელმა, რომლის თქმით, ვისთანაც მიუწვდა ხელი, ყველა გააფრთხილა ამის შესახებ.

EDU.ARIS.GE ერთ-ერთმა ფასილიტატორმაც უთხრა და მასწავლებლებიც წერდნენ სოციალურ ქსელში, რომ წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად ჩატარებული პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა როგორ უნდა გაფორმებულიყო, ამაზე ტრენიგებიც ჩატარდა და სქემის გზამკვლევშიც იყო მოცემული ეს ინფორმაცია:

„კვლევის განხორციელება წარმოუდგენელია კვლევის ეთიკის დაცვის გარეშე, შესაბამისად,  კიდევ ერთხელ და არა პირველად მოხდა კვლევის ეთიკის შესახებ ინფორმაციის გაჟღერება. აღნიშნულთან დაკავშირებით სკოლებისათვის უკვე ცნობილი იყო 2016-2017 სასწავლო წლიდან, როდესაც კვლევის ეთიკის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ „პედაგოგიური კვლევის დაგეგმვა, წარმართვა და შეფასების“ ტრენინგზე, რომელიც ჩაუტარდათ სკოლის შეფასების ჯგუფებს. ასევე, სქემის გზამკვლევის II ნაწილში, რომელიც დარიგდა სკოლებში და ატვირთულია საჯარო სივრცეშიც, სადაც დეტალურად არის გაწერილი რა არის კვლევის ეთიკა და, რა თქმა უნდა, N56 ბრძანებაში კვლევის შეფასების რუბრიკაში დასაწყისშივე არის ჩანაწერი – „მასწავლებელი არ შეფასდება თუ კვლევის პროცესში, თუ არ იცავს კვლევის ეთიკას“, – წერდა მასწავლებლის სახლის ფეისბუქ გვერდზე ერთ-ერთი მომხმარებელი.

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის მანანა რატიანის თქმით, ის, რომ მასწავლებლებმა არ იცოდნენ ეთიკის ნორმების მოთხოვნის შესახებ, ამას ვერ მიიღებენ, იმიტომ რომ  შეფასების ინსტრუმენტებში წერია, რომ დახარვეზდება ის კვლევა, სადაც ეთიკური ნორმები არ იქნება დაცული.

„ამავე დროს ჩვენ გამოვეცით გზამკვლევი, სადაც კვლევაზე დეტალურად წერია, რა ჩაითვლება, რა არ ჩაითვლება და რა შემთხვევაში არ შეფასდება კვლევა. მე მგონია, რომ ამის შესახებ სრული ინფომრაცია ჰქონდათ მასწავლებლებს.

რაც ყველაზე მთავარია, შეფასების ჯგუფის წევრები, ფასილიტატორები, დირექტორები გადამზადდნენ კვლევის ჩატარებასთან დაკავშირებით. როგორ უნდა შეფასდეს კვლევა, შეფასების ჯგუფის 4-ათას წევრს ამაზე ტრენინგები ჩავუტარეთ. ერთ-ერთი სესიაზე კვლევაში ეთიკის ნორმების დაცვაზეც იყო საუბარი.

თუ იქნება პერსონალური მონაცემები გამოყენებული, უნდა იყოს  ინფორმირებული თანხმობა. ინფორმაცია უნდა მიეწოდოს, როგორ მოხდება მონაწილე პირების სახელის და გვარის გამოყენება. სხვა შემთხვევაში კონფინდეციალურობა უნდა იყოს აუცილებლად დაცული.

შეფასების ჯგუფი ვალდებული იყო გაეზიარებინა ეს ინფორმაცია მასწავლებლებისთვის. ასევე არ მესმის, მასწავლებელმა გადაწყვიტოს კვლევის ჩატარება და არ წაიკითხოს სტანდარტიზებული დოკუმენტი, რომლითაც შეფასდება მისი კლვევა. ჩემთვის ეს წარმოუდგენელი რამ არის!“, აღნიშნა მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ.

მისი თქმით, ადამიანები, რომლებმაც კვლევა დაიწყეს, თავშივე უნდა გაცნობოდნენ შეფასების კრიტერიუმებს, რომლებიც ხელმისაწვდომ ადგილას არის ცენტრის ვებგვერდზე განალაგებული. ამავდროულად უნდა დალაპარაკებოდნენ ფასილიტატორებს და სკოლის დირექციას, რომლებსაც ამ მიმართულებით ტრენინგი ჩატარებული აქვთ, ასევე გაცნობოდნენ იმ გზამკვლევს, რომლიც ამ თემატიკაზე არის მომზადებული.

„ფასიან ტრენინგებთან დაკავშირებით მასწავლებლებისთვის რეკომენდაცია ჩვენ არ გაგვიცია, ასე რომ, ეს ჩვენი გადასაწყვეტი არ ყოფილა გადაიხდიდნენ თუ არა კვლევის წარმოების ტრენინგში თანხას.

24- ში დასრულდა ოქმების ატვირთვა, რადგან ჩვენ ყველას ძალიან დიდი სურვილი გვაქვს სტატუსების მინიჭება დროულად მოხდეს, ამიტომ მივეცით საშუალება ამ კვირის განმავლობაში, თუკი ხარვეზებით არის ატვირთული დოკუმენტები და ეს დოკუმენტები ჩვენთვის უკვე ხილულია, მივცეთ საშუალება ის ხარვეზები გამოასწორონ.

ამავდროულად, იყო გარკვეული ხარვეზები ინტერნეტთან დაკავშირებით, თუ ვერ მოასწრეს გამოქვეყნება, ამას გავითვალისწინებთ მოწერიდან 10 დღის განმავლობაში „ემისთან“ ერთად და მასწავლებლებს ინდივიდუალურად მიეცემათ გამოსწორების საშუალება, თუ ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდება“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს მანანა რატიანმა და ჩვენს დამატებით კითხვებსაც უპასუხა:

-რას შემთხვევაში არ მიეცემა მასწავლებელს ხარვეზის გამოსწორების საშუალება?

-მაგალითად, ველში თუ არ ჰქონდა ატვირთული დოკუმენტი და მისი შექმნა ახლა დაიწყო, გადაწყვიტა რომ ამ პერიოდში კიდევ დამატებითი კრედიტები მოეპოვებინა. ანუ ახლის ატვირთის საშუალებას არ მივცემთ, ასევე არ მივცემთ შინაარსობრივი ხარვეზის გამოსწორების საშუალებას, რომ დოკუმენტი ჩაანაცვლოს ან გაასწოროს. აქ საუბარია ტექნიკური ხასიათის შეცდომების შესწორებაზე, არასწორ ველში ატვირთვაზე, ამავდროულად ინტერნეტის შეზღუდვის პრობლემაზე.

-მოსწავლეთა ნამუშევრები როცაა გამოყენებული კვლევაში და მითითებულია მათი სახელები და გვარები, ამ შემთხვევაში რა ხდება?

-ესეც არის პრობლემური საკითხი. თუკი ინფორმირებული თანხმობა არ არსებობს კვლევაში მონაწილე პირის, ამ შემთხვევაში ეთიკური ნორმები დარღვეულია.

ვიდრე ტექნიკური ხასიათის შეცდომების გამოსწორების საშუალებას მივცემდით პედაგოგებს, 40-მდე წერილი იყო შემოსული, ეს გამოსასწორებელი ვადები რომ მიგვეცა. თუ ამ ორმოც მასწავლებელს მივცემდით შანსს, მივიჩნიეთ, რომ სხვებისთვისაც უნდა მიგვეცა, ამიტომ გადაწყვიტეთ, რომ ბრძანება მომზადებულიყო ყველა მასწავლებლისთვის.

-როდის მიენიჭებათ მასწავლებლებს სტატუსი?

-როდესაც წარმოადგენენ სკოლები სტატუსების მინიჭებისთვის განცხადებებს, ვფიქრობ სექტემბრისათვის გარდამავალი პერიოდი იქნება და ოქტომბერში უკვე მივანიჭებთ სტატუსებს.

-რამდენ ადამიანს აქვს შემოტანილი სტატუსის ცვლილებაზე განცხადება?

-ჯერ-ჯერობით ეს სტატისტიკა არ არის. შეფასების ჯგუფებმა ახლა დაიწყეს მუშაობა. ივლისში, როდესაც ისინი დაამთავრებენ მუშაობას, მოგაწვდით დეტალურ სტატისტიკას.

პრაქტიკული კვლევის კომპონენტი სქემაში – მასწავლებლის ზედმეტი ვალდებულება თუ სწორი ინსტრუმენტი დაწინაურებისთვის?

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური