GE

ევროკავშირი პროფესიული განათლების მხარდასაჭერად 5-წლიან პროგრამას იწყებს, რომლის საერთო ბიუჯეტი 48 850 000 ევროა

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, პროფესიული განათლების სისტემისა და შრომის ბაზრის განვითარების მიზნით, ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის მიერ 5-წლიანი პროგრამა განხორციელდება, რომლის საერთო ბიუჯეტი 48 850 000 ევროა.

პროგრამა ხორციელდება ევროკავშირის პროექტის „განათლება დასაქმებისთვის“ მეორე ფაზის ფარგლებში. პროგრამის პირველი ფაზის ფარგლებში, ევროკავშირი საქართველოს მთავრობას დაეხმარა ახალი პროფესიული სტანდარტებისა და კომპეტენციებზე დაფუძნებული, მოდულური პროგრამების დანერგვაში. შეიქმნა 150-ზე მეტი ახალი პროგრამა და გადამზადება გაიარა 900-მა მასწავლებელმა.

მთავრობის ცნობით, პროგრამის მეორე ფაზის მიზანია საქართველოს მოქალაქეებს ხელი შეუწყოს დასაქმებაში – მაღალი ხარისხის პროფესიული განათლების მიწოდების, გაუმჯობესებული შრომითი პოლიტიკისა და სამეწარმეო უნარების განვითარების გზით.

პროგრამის მეორე ფაზა ფოკუსირებულია შემდეგ პრიორიტეტებზე:

• პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა;
• პროფესიული მასწავლებლების კვალიფიკაციის განვითარება;
• ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურებზე კარიერის დაგეგმვის სისტემის ჩამოყალიბება;
• პროფესიულ განათლებაში მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობის ხელშეწყობა;
• განათლების, დასაქმებისა და ტრენინგის მიღმა მყოფი ახალგაზრდების (NEET) აღრიცხვისა და შესაბამისი სერვისების შეთავაზების ხელშეწყობა;
• რეგიონებში დასაქმების შესაძლებლობების განვითარება;
• შრომის ბაზრის ანალიზის სისტემის განვითარება;
• სამუშაოს მაძიებელთა მხარდამჭერი სერვისების განვითარება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური