GE

ევროკავშირში მე-9 კლასის კურსდამთავრებულების 50% პროფესიულ განათლებას ირჩევს, საქართველოში -1%

საქართველოში პროფესიულ განათლებას მე-9 კლასის კურსდამთავრებულების მხოლოდ 1% ირჩევს, როცა ევროკავშირში ეს მონაცემი 50%-ია. ამის შესახებ საუბარია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ კვლევაში, რომელიც პანდემიის პირობებში განათლების სექტორის მდგომარეობას ეხება. კვლევა 29 ივლისს გამოქვეყნდა.

„პროფესიული პროგრამები სრულად ვერ პასუხობენ შრომით ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს. ევროკავშირში მოსწავლეების თითქმის ნახევარი პროფესიულ სასწავლებლებს ირჩევს მე-9 კლასის შემდგომ, საქართველოში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1%-ია. ეს განსხვავება შეიძლება აიხსნას საქართველოში პროფესიული სასწავლებლების არაპრესტიჟულობით და სამუშაო ბაზარზე რეგულაციების არ არსებობით, რომელიც დასაქმებულს ლიცენზიას ან სერტიფიკატს მოსთხოვდა“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

კვლევაში ასევე საუბარია, რომ საქართველოში ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, პროფესიული სასწავლებლების პოპულარობა საგრძნობლად შემცირდა.

„პროფესიული სასწავლებლების რიცხვი 2020 წელს 92 იყო და თითქმის არ შეცვლილა 2013 წელთან შედარებით. თუმცა, სტუდენტების რაოდენობა -55%-ით შემცირდა იმავე პერიოდში და 9,399 შეადგინა. ეს შეიძლება აიხსნას პროფესიული სასწავლებლების არაპოპულარობით და დაბალი ხარისხის განათლებით. ასევე, შემცირდა კერძო პროფესიული სასწავლებლების წილი 57%- მდე (-15 პროცენტული პუნქტი) იმავე პერიოდში, რაც ბიზნეს სექტორის დაბალ ინტერესზე მიუთითებს აღნიშნული სასწავლებლების მიმართ“, – აცხადებენ კვლევის ავტორები.

საქართველოში პროფესული განათლების სფეროში რამდენიმე წელია რეფორმა ხორციელდება, გარკვეული პროგრამების დასრულების შემდეგ, უკვე შესაძლებელია სკოლის ატესატატთან გათანაბრებული დიპლომის მიღება. წელს პროფესიულ პროგრამებზე მიღება ახალი წესით გამოცხადდა, რეგისტრაციის პროცესი 20 აგვისტომდე გრძელდება.

ასევე იხილეთ: 

სკოლის დამამთავრებელი გამოცდების კრიტერიუმები შესაძლოა, ძალიან დაბალი იყოს, მასწავლებლის პროფესია კი ნაკლებად მიმზიდველია – IDFI-ის კვლევა

2020-2021 სასწავლო წელს 65 ათას მოსწავლესა და 7 ათას მასწავლებელს TEAMS არ გამოუყენებია – IDFI-ის კვლევა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური