GE

ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრში ფიზიკის ტრენერებმა სტაჟირება გაიარეს

ფიზიკის მასწავლებლების შემდეგ, წელს პირველად, ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრში კვალიფიკაციის ამაღლების ერთკვირიანი კურსი ფიზიკის თორმეტმა ტრენერმა გაიარა.

ფიზიკის საგნობრივმა ტრენერებმა ერთი კვირის განმავლობაში დაათვალიერეს სხვადასხვა სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია, ადგილზე ჩაატარეს სასკოლო ექსპერიმენტები, ასევე მოისმინეს ცერნში მოღვაწე ქართველი და უცხოელი ფიზიკოსების ლექციები თანამედროვე ფიზიკის საკითხებზე და მის როლზე მედიცინის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვა დარგების განვითარებაში. გარდა ამისა, პედაგოგებს საშუალება ჰქონდათ საგანგებოდ მოწვეული სპეციალისტის მიერ წარმოდგენილ მეთოდოლოგიას გაცნობოდნენ ფიზიკის სწავლების საკითხებზე.

ტრენერები მიმდინარე წლის ზაფხულში კონკურსის წესით შეირჩნენ და მათი სტაჟირება სრულად დაფინანსდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.

6 წლის განმავლობაში ევროპის ბირთვული კვლევების ცენტრში კვალიფიკაცია 100-ზე მეტმა მასწავლებელმა აიმაღლა. გარდა ფიზიკის მასწავლებლებისა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ყოველწლიურად ორგანიზებას უწევს სხვადასხვა საგნის პედაგოგებისთვის კვალიფიკაციის ამაღლებას პროგრამებს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური