GE

ევროპის უნივერსიტეტში” ჟან მონეს მოდულის დაჯილდოებისა და ჟან მონეს პროექტის წარდგენის ცერემონია გაიმართა

“ევროპის უნივერსიტეტში” ჟან მონეს მოდულის დაჯილდოებისა და ჟან მონეს პროექტის წარდგენის ცერემონია გაიმართა.

ღონისძიება ევროკავშირის ERASMUS+ _ის პროგრამის, Jean Monnet Module-ისა და Jean Monnet Project-ის ფარგლებში ჩატარდა.

როგორც “ევროპის უნივერსიტეტში” აცხადებენ, ეს არის “ევროპის უნივერსიტეტისა” და ევროკავშირის თანამშრომლობის პირველი ხელშესახები შედეგი, რომლის მიზანია ქართველ სტუდენტებში, მოსწავლეებსა და ახალგაზრდა მკვლევარებში ევროკავშირის შესახებ ცოდნის წახალისება და გაღრმავება.

ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ესწრებოდა.

“ბოლო პერიოდში ხშირად გვესმის სიტყვა ჟან მონე, ყველამ ვიცით რას წარმოადგენდა ეს პიროვნება, რომელიც იყო მთავარი შემოქმედი იმ სივრცისა, იმ ოჯახისა, რომლისკენაც ჩვენ მივიღწვით და მნიშვნელოვანია თქვენ იყოთ ძლიერები ამ კუთხით, რადგან ჩვენი ქვეყნის მომავალი, როგორც კონსტიტუციით, ასევე პარლამენტის სხვადასხვა რეზოლუციით განმტკიცებულია, რომ ნამდვილად წარმოადგენს ჩვენს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ის ვერ განხორციელდება თქვენ გარეშე. ამიტომ, მე, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ მონაწილეობისთვის, მადლობა უნივერსიტეტს, მადლობა ევროკავშირს, რომელიც მუდმივად გვერდში გვიდგას ამ მისწრაფებების კიდევ უფრო განმტკიცებაში და მიღწევაში. მინდა გისურვოთ დიდი წარმატებები პირადი და ქვეყნის სახელით”, – მიმართა კახა კუჭავამ მოდულში მონაწილე მოსწავლეებსა და სტუდენტებს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე დამსწრეებს ვიდეო ჩართვით მიმართა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.

“ვულოცავ “ევროპის უნივერსიტეტს” მოდულის წარმატებასა და საპროექტო წინადადების გამარჯვებას. ჟან მონეს მოდული და პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია ერასმუს+_ის ფარგლებში. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველომ ჟან მონეს 24 პროექტში მიიღო მონაწილეობა და ეს არის ძალიან შთამბეჭდავი და კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ თქვენ და ყველა უნივერსიტეტსა და არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელმაც განაპირობა ეს წარმატება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ “ევროპის უნივერსიტეტი”, რომელიც ამ პროგრამას ახლახანს შემოუერთდა, პირველივე ჯერზე ორი გრანტის გამარჯვებული გახდა. თემები ძალიან აქტუალურია, ვინაიდან აღნიშნული აკავშირებს ევროპეიზაციას და დემოკრატიზაციას ამ ქვეყანაში.

ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები ძალიან ძლიერია, მაგრამ კიდევ ვითარდება და ამ პროცესში ჩვენ უნდა გავზარდოთ ცნობიერება ევროკავშირსა და მის ღირებულებების შესახებ. ჟან მონეს მოდული ამისათვის არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა. ეს იქნება პლატფორმა, სადაც გაიმართება უამრავი საინტერესო ღონისძიება და არის გაცილებით უფრო მეტის მომცემი. ამიტომაც მე მინდა გისურვოთ წარმატება ამ პროგრამის განხორციელებაში“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა ვიდეომიმართვისას.

ღონისძიებას, მუსიკალურად აფორმებდა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის პირველი ვიოლინო, მთავარი კონცერტმაისტერი “საქართველო მშვიდობისთვის“, მთავარი წარმომადგენელი ლელა მჭედლიძე და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, თბილისის სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი ნინო ჟვანია.

ღონისძიებას უძღვებოდა “ევროპის უნივერსიტეტის” საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი, აფილირებული ასისტენტ-პროფესორი და ჟან მონეს კველვითი პროექტის აკადემიური კოორდინატორი თათია დოლიძე.

აღსანიშნავია, რომ პანდემიური მდგომარეობის გათალისწინებით, ღონისძიება კოვიდ რეგულაციების დაცვით ჩატარდა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
ევროპის უნივერსიტეტი