GE

ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში საახალწლო კარნავალი გაიმართა

ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში 2017 წელი საახალწლო კარნავალით გააცილეს. ეს  დღეს სტუდენტურ ცხოვრებაში ერთ-ერთი იმ დღეთაგანია, როდესაც სტუდენტები თავს უფლებას აძლევენ გაერთონ, ძველი სემესტრის მოგონებები გვერდზე გადადონ და ახლის მოლოდინში დრო სასიამოვნოდ გაატარონ.

ვაკო გაგნიაშვილისდა ანა სანგულიასთვის  2017 წელი ევრორეგიონულ უნივერსიტეტში სწავლის პირველი წელი იყო. ამბობენ, რომ მათ უნივერსიტეტში მეგობრული და სასიამოვნო გარემო დახვდათ და გასული სემესტრიც მხოლოდ დადებით შთაბეჭდილებებთან ასოცირდება.

„ახალ 2018 წელს ველოდები უფრო მეტ აქტივობას. ვიმედოვნებ, უფრო მეტი ბავშვი ჩაერთვება სტუდენტურ აქტივობებში. მოკლედ, ყოველივე კარგის მოლოდინი მაქვს“- აღნიშნავს EDU.ARIS.GE – სთან საუბარში სტუდენტი ვაკო გაგნიაშვილი.

ანა სანგულიას თქმით, – „გასულმა წელმა უნივერსიტეტისთვის ნეგატივების გარეშე ჩაიარა. ახალ წელს კი ყოველივე კარგს ველოდები.“

კარნავალი ერსუში სტუდენტური თვითმართველობის და ადმინისტრაციის თანამშრომლობით გაიმართა. წარმატებული სტუდენტები რექტორმა – ვლადიმერ სუხიშვილმა დააჯილდოვა.

„რექტორი ყოველწლიურად აჯილდოებს ხოლმე სტუდენტებს საჩუქრებით. ადმინისტრაციამ და თვითმართველობამ იზრუნა იმაზე, რომ საჩუქრები გადაგვეცა სტუდენტებისთვის.  ჯილდოვდება ყველა, ვინც კარგად სწავლობს და ვინც ჩართულია სტუდენტურ ცხოვრებაში. სტუდენტების შეფასებას ამ კუთხით  ადმინისტრაცია და თვითმმართველობა კურირებს“, – გვითხრა ერსუს სტუდენტური თვითმართველობის პრეზიდენტმა ლაშა მაჭავარიანმა.

სტუდენტებთან ერთად ძველი წელი გააცილეს ლექტორებმაც. მათი თქმით, ასეთი დღეები აუცილებელია, რადგან სტუდენტებს არაფორმალურ გარემოში უკეთ იცნობენ და მზად არიან  სტუდენტების მიერ დაგეგმილ ვიქტორინასა და კონკურსებში მიიღონ მონაწილეობა.

ლექტორი გიორგი გოხელაშვილი გასულ წელს სტუდენტების აქტიურობას დადებითად აფასებს და ახალ სასწავლო წელს მათ ნაკლებ პირად პრობლემას უსურვებს, რათა მაქსიმალურად მობილიზებულნი იყვნენ სასწავლო პროცესში.

„ზოგჯერ ისეც ხდება, რომ სამი საათი როდესაც არის სალექციო დრო, ზოგი ერთი საათი ახერხებს დასწრებას, რადგან მუშაობს. ვუსურვებდი ასეთ სტუდენტებს, რომ იმდენად გაიზარდოს მათი ოჯახების მატერიალური და მდგომარეობა, მუშაობა არ დასჭირდეთ და მთლიანად სწავლას დაუთმონ საკუთარი დრო და ენერგია. მშვიდ გარემოსაც ვუსურვებ, იმედიანობას და ქვეყნის სიმშვიდეს. მე მაინც მგონია, რომ უკეთესი ცვლილებები იქნება 2018 წელს”.

ახალი წელი სტუდენტებს რქტორმა ვლადიმერ სუხიშვილმა მულოცა.

„დრო მიდის, დროს თავისი მიაქვს. მე მინდა,  ყოველივე საუკეთესო გისურვოთ. ვამაყობ იმით, რომ თქვენი თაობა უფრო მომზადებული, უფრო განათლებულია, ვიდრე წინა თაობა.

იმედი მაქვს, თქვენი განათლებით, თქვენი ღირსებით და შრომისმოყვარეობით საქართველო მომავალში იქნება უფრო ბედნიერი, უფრო მდიდარი ვიდრე დღეს არის, გამარჯვებას გისურვებთ და გილოცავთ ახალ წელს“, – მიმართა რექტორმა კარნავალის მონაწილეებს.

ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური