GE

ე.წ. უფასო ფაკულტეტების სიის გამოქვეყნება რეკორდულად დაგვიანდა – გადაიწევს თუ არა აბიტურიენტთა ჩარიცხვების ვადების გამოცხადება?

აბიტურიენტები სახელმწიფოს მიერ 2019 წელს სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების ე.წ. უფასო ფაკულტეტების სიას ელოდებიან, რომელიც  ჯერჯერობით არ ჩანს. განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში EDU.ARIS.GE-ს განუმარტეს რომ, დოკუმენტს ახლო მომავალში გამოაქვეყნებენ და ვადებში ეტევიან. თუმცა, ფაქტია, რომ  აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამებში ცვლილებების შესატანად ცოტა დრო რჩებათ.

საგულისხმოა, ისიც რომ გასულ წლებში უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალი აგვისტოს დასაწყისში უკვე გამოქვეყნებული იყო, მაგალითად: 2016 წელს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების სია გამოქვეყნდა 28 ივლისს, 2017 წელს – 2 აგვისტოს, 2018 წელს – 6 აგვისტოს.

უკავშირდება თუ არა სიის გამოქვეყნების დაგვიანება სამინისტროს მიერ უფასო ფაკულტეტების დაფინანსების წესში შესატან ცვლილებებს, ამ ეტაპზე უცნობია. შეგახსენებთ, რომ სამინისტრო პირველ ეტაპზე, 2019 წლისთვის უფასო ფაკულტეტების დაფინანსების მოდელში ცვლილებების შეტანას აპირებდა, მოგვიანებით კი მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მის საერთოდ გაუქმებაზე ალაპარაკდა, რაც შემდეგ 2020 წლისთვის გადადო.

ცნობისთვის! – აბიტურიენტებს უფასო ფაკულტეტების არჩევის ვადა, აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან შემდეგი დღის 18:00 საათამდე აქვთ. “ნაეკის” ინფორმაციით, აპელაციის შედეგების გამოქვეყნება, სავარუდოდ, მომავალი კვირის ბოლოს დასრულდება. სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ფაკულტეტების სია, ამ პერიოდისთვის გამოქვეყნებული იქნება.

გამომდინარე იქიდან, რომ უფასო ფაკულტეტების სიის გამოქვეყნება წელს რეკორდულად დაგვიანდა, ხომ არ მოუწევს “ნაეკს” ჩარიცხვებთან დაკავშირებული საბოლოო შედეგების გვიან გამოცხადება?

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური