GE

ფიზიკური დასჯა სკოლაში: ვინ, სად და როგორ სჯის ბავშვებს წკეპლით

წკეპლის გარეშე?

ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრების უმრავლესობა, რომლებიც ბავშვის აღზრდის თემაზე ნაშრომებს აქვეყნებენ, დასჯის წინააღმდეგნი არიან. ისინი მათში  აღმზრდელობით ეფექტს ვერ ხედავენ. მათი თქმით, აღნიშნული მეთოდი ურთიერთობებს წამლავს.

კანონმდებლობით ბავშვის ფიზიკური დასჯა მსოფლიოს 44 ქვეყანაში არის აკრძალული. პირველი ქვეყანა, რომელმაც აღზრდის ეს მეთოდი აკრძალა, 1979 წელს, შვედეთი იყო.

ამასთან, ზოგიერთ სახელმწიფოში ფიზიკური დასჯის საკითხი სახლსა და სასწავლო დაწესებულებაში განსხვავდება. მაგალითისათვის სკანდინავიასა და ირლანდიაში ბავშვების დასჯა ყველგან არის აკრძალული, მაშინ, როდესაც  დიდ ბრიტანეთსა და რუსეთში სკოლაში ეს მიდგომა ყოვლად მიუღებელია, თუმცა სახლში ეს მშობლის სინდისზეა დამოკიდებული.

2018 წლისთვის ფიზიკური დასჯის თემა აქტუალური ისეთ კონსერვატულ ქვეყნებში რჩება, როგორიცაა ეგვიპტე და სირია. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ სიაში მაღალგანვითარებული და ურბანიზებული სინგაპურიც მოხვდა. აქ გაწკეპლვა მოსწავლე ბიჭებში დისციპლინის დაცვის მიზნით აქტიურად გამოიყენება.

რაც შეეხება სამხრეთ კორეას, აქ აღზრდის ეს მეთოდი 2011 წლამდე გამოიყენებოდა. აღსანიშნავია, რომ იაპონიის ზოგიერთ სოფელში გაწკეპლის პრაქტიკა დღემდე არის მისაღები.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ბავშვების დასჯის ამკრძალველი ფედერალური კანონი არ არსებობს. 31 შტატსა და კოლუმბიის ოლქში სკოლებში დასჯა უკვე დიდი ხანია აკრძალულია, ნიუ–ჯერსიში 1867 წლიდან, ხოლო დანარჩენ შტატებსა და ვაშინგტონში ის 1971 წლიდან შემოიღეს.

ოჰაიოს ეფექტური დისციპლინის ცენტრის დირექტორი დებორა სენდეკი დარწმუნებულია, რომ ფიზიკურ დასჯას მხოლოდ ზიანი მოაქვს. „აღზრდის ამ მეთოდს შეიძლება მოკლევადიანი შედეგი ქონდეს. ბავშვი ხვდება რომ დამნაშავეა, მაგრამ მხოლოდ დროებით. ხანგრძლივი პერსპექტივისთვის ასეთი ქმედება სარგებელს არ მოიტანს“, – განაცხადა მან ინტერვიუში.

ჯენტლმენების ქარხანები

1970-იან წლებამდე ბრიტანულ სკოლებში გაროზგვა საკმაოდ ფართოდ იყო გავრცელებული. მათ შორის ისეთ პრესტიჟულ სასწავლო დაწესებულებებში როგორიცაა იტონი და ჰეროუ. საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე მოსწავლეებს სხეულის შიშველ ნაწილებზე არა მხოლოდ მასწავლებლები, არამედ უფროსკლასელებიც როზგავდნენ.

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო სკოლებში ფიზიკური დასჯის პირდაპირი აკრძალვა 1986 წელს შემოიღეს. თუმცა კერძო სასწავლო დაწესებულებებში ეს მეთოდი საბოლოოდ მხოლოდ 17 წლის შემდეგ აიკრძალა.

მიუხედავად ამისა, 10 წლის წინ, ჟურნალ TES-ის მიერ ჩატარებული ფარული კვლევის თანახმად, სამეფოს მასწავლებლების 22% თვლის, რომ ბავშვების ცემა მიზანშეწონილია.

წყარო: BBC.COM

მოამზადა თეა ინაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური