GE

ფოთში უმაღლესი სასწავლებელი გაიხსნება

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, ფოთში უმაღლესი სასწავლებელი უნდა დაარსდეს. დაწესებულება ჰიდრომელიორაციული სასწავლებლის ყოფილ შენობაში დაიდებს ბინას.

გუბერნატორმა ობიექტის დათვალიერებისას განმარტა, რომ აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, ახალი უმაღლესი სასწავლებელი, თავისი პროფილით, სანავსადგურო ქალაქის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

„წლების წინ დაწყებული მუშაობა პრობლემის მოსაგვარებლად, მალე სასურველი შედეგით დასრულდება. მიუღებელია ასეთი ძეგლის განადგურება. ჩვენი ძალისხმევით, ფოთს შევუნარჩუნებთ უნიკალური არქიტექტურის შენობას და შევძენთ უმაღლეს სასწავლებელს, რითაც ხელს შევუწყობთ ქალაქის მომავალ განვითარებას. ამ მნიშვნელოვან საქმეში აუცილებელია ფოთელთა აქტივობასთან ერთად კერძო სექტორის ჩართულობა“, – განაცხადა ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე თოფურიამ.

ფოთის ჰიდრომელიორაციული სასწავლებლის ყოფილი შენობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. ის მეოცე საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს აშენდა და ფოთის მუნიციპალიტეტს ეკონომიკის სამინისტრომ 2006 წელს გადასცა.

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური