GE

ფრანგული დიპლომის აღების შესაძლებლობა მოსწავლეებსა და სტუდენტებს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტისგან

თანამშრომლობის ხელშეკრულებას უნივერსიტეტ პარი სორბონ აბუ-დაბისა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს შორის საზეიმოდ ხელი მოეწერა. შეთანხმება ითვალისწინებს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბაზაზე მოსამზადებელი ცენტრის დაფუძნებას საფრანგეთის ნებისმიერ უნივერსიტეტში, უპირატესად, პარიზის სორბონის უნივერსიტეტსა და სორბონის აბუ-დაბის კამპუსში ჩასარიცხად.

მოსამზადებელი პროგრამის დასრულებისა და DELF B2 გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში კურსდამთავრებული მიიღებს საუნივერსიტეტო დიპლომს ფრანგულ ენაში, რომელსაც გასცემს უნივერსიტეტი პარი სორბონ IV. აღნიშნული პროგრამით სწავლა შეუძლიათ საშუალო სკოლის მოსწავლეებს, აბიტურიენტებს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სტუდენტებს.

პროგრამის პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი ორგანიზებას გაუწევს პროგრამის DELF B2-ის საერთაშორისო გამოცდების ჩატარებას ფრანგულ ენაში.

პროგრამის დაფუძნების ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს და სიტყვით გამოვიდნენ:  უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე, საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება –  პასკალ მენიე, ელჩის მრჩეველი თანამშრომლობისა და კულტურულ ღონისძიებათა საკითხებში, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი – ჟან-ივ ლავუარი,  პარი სორბონ აბუ დაბის უნივერსიტეტის ვიცე კანცლერი – ერიკ ფუაში,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების განვითარების სამმართველოს უფროსი ნუგზარ ჩიტაია, უნივერსიტეტის მაგისტრანტი – რატი რატიანი.

ცერემონიალს ესწრებოდნენ, აგრეთვე, საფრანგეთის საელჩოს საუნივერსიტეტო და სამეცნირო თანამშრომლობის ხელმძღვანელი – ტერი ბიურტე, პარი-სორბონ აბუ დაბის უნივერსიტეტის ვიცე კანცლერის აღმასრულებელი თანაშემწე – რულა საფი, უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.

აღნიშნული ხელშეკრულება დიდ წვლილს შეიტანს საქართველოს საერთაშორისო საგანმანათლებლო ურთიერთობის გაფართოებისა და ქართველი ახალგაზრდების მიერ პრესტიჟული განათლების მიღების საქმეში.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური