GE

გაათავისუფლებენ თუ არა სტუდენტებს საშემოსავლო გადასახადისგან? – კანონპროექტს პარლამენტი იხილავს

საქართველოს პარლამენტი განიხილავს ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ საკანონმდებლო წინადადებას სტუდენტების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების შესახებ.

საკანონმდებლო წინადადების თანახმად, ცვლილება უნდა განხორციელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსში. კერძოდ კანონპროექტის თანახმად,  საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლს, სადაც დაზუსტებულია საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან გათავისუფლებულ ფიზიკურ პირთა სახეები უნდა დაემატოს დ) – ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„დ) აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, არაუმეტეს 25 წლისა, რომლის შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 6000 ლარს“.

კანონპროექტის განხილვა საკომიტეტო ეტაპზეა, ცნობილია, რომ ინიციატივას არ ეთანხმება ფინანსთა სამინისტრო, რომელიც განმარტავს, რომ ასაკობრივი ნიშნით შეღავათების დაწესება არასწორია. გარდა ამისა, სამინისტროს ინფორმაციით, სტუდენტები უკვე სარგებლობენ გარკვეული შეღავათებით, მაგალითად არ იბეგრება მათი სტიპენდია.

„აღნიშნული საგადასახადო შეღავათის შემოღების შემთხვევაში, დამქირავებელ მეწარმეს (საგადასახადო აგენტს) ეძლევა შესაძლებლობა შეიმციროს სახელფასო ხარჯი, იმგვარად, რომ დაქირავებულ სტუდენტს ხელფასი არ გაუზარდოს, რის გამოც შესაძლებელია ამ შეღავათით ფაქტობრივად ვერ ისარგებლონ იმ პირებმა, ვისთვისაც ის არის დაწესებული. არასწორია შეღავათის დაწესება ასაკობრივი ნიშნით და ბუნდოვანია საგადასახადო ადმინისტრირების განხორციელების მექანიზმები. კანონპროექტის მიღება შეამცირებს საგადასახადო შემოსავლებს, რაც უარყოფით გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. იმის გათვალისწინებით, რომ სტუდენტებზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსით“ უკვე დაწესებულია გარკვეული შეღავათები, კერძოდ სტიპენდია გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისაგან, მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია განსახილველი პროექტით წარმოდგენილი ცვლილებების განხორციელება“ – ნათქვამია ორგანიზაციისთვის სამინისტროს მიერ გაგზავნილ წერილში.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ იმედოვნებენ, რომ საპარლამენტო განხილვების პარალელურად, სამინისტროს პოზიციაც შეიცვლება და სტუდენტები საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ.

„ჩვენ მთავრობასთან კომუნიკაციის პროცესში, სწორედ სამინისტროს პოზიციის გადახედვის იმედი გვაქვს და მიგვაჩნია, რომ სამინისტროს, რომელიც ახორციელებს გადასახადების ადმინისტრირებას, შესაძლებლობა აქვს, პირს, რომელიც დააკმაყოფილებს საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, წლის განმავლობაში, დაუქვითოს საშემოსავლო გადასახადი, ხოლო წლის ბოლოს, მას განცხადების საფუძველზე დაუბრუნდეს საშემოსავლო გადასახადის სახით დაქვითული თანხა.

„სტიპენდიის გათავისუფლება საშემოსავლო გადასახადისაგან არ არის პარლამენტისთვის შეთავაზებული საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებული შეღავათების საპირწონე, ვინაიდან სტიპენდიას იღებს სტუდენტთა განსაზღვრული რაოდენობა, ხოლო საკანონმდებლო წინადადება გაზიარებისა და მხარდაჭერის შემთხვევაში, საშეღავათო პირობა შეეხება ყველა სტუდენტს, რომელიც დააკმაყოფილებს შეთავაზებული ცვლილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს,“-აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური