GE

გაცვლითი პროგრამები, სტუდენტური პროექტები და სწავლების ხარისხი – რა იზიდავს სტუდენტებს თსუ-ში

2019-2020 სასწავლო წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 5000-მდე სტუდენტი ჩაირიცხა. წელს ეროვნული გამოცდების განაცხადში სასწავლებელი, პირველ არჩევანად უპრეცედენტოდ ბევრ მსურველს, 10 ათასს აბიტურიენტს ჰქონდა მითითებული. რა განაპირობებს საქართველოს უძველესი უნივერსიტეტის პოპულარობას და რა სიახლეებია აკადემიური პროგრამების თუ ინფრასტრუქტურის კუთხით, ამ საკითხებზე EDU.ARIS.GE უნივერსიტეტის რექტორ გიორგი შარვაშიძეს ესაუბრა.

– რა სიახლეებით შეხვდა თსუ 2019-2020 სასწავლო წელს?

– წელს, ეროვნული გამოცდების შედეგად  27 ათასი ადამიანი გახდა სტუდენტი, აქედან 5000 ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ჩვენთვის ეს რაოდენობა არის მნიშვნელოვანი. თავის დროზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაგვეზარდა მისაღები კონტინგენტი და 3 წლის განმავლობაში 45%-ით გავზარდეთ.  ქვეყანაში ზოგადად მცირდება სტუდენტების რიცხვი, არის დემოგრაფიული პრობლემები, ბევრი სტუდენტი მიემგზავრება უცხოეთში, ქვეყანაში სკოლის დამთავრების სირთულეც გვაქვს. ამასთან, იზრდება პროფესიულ სასწავლებლებში მიმავალი ადამიანების რიცხვი, რაც არ არის ცუდი. თუმცა ეს ყველაფერი იწვევს სტუდენტების რაოდენობის შემცირებას. მიუხედავად ამ დინამიკისა, წელს მოვახერხეთ და დიდი რაოდენობით პირველკურსელები მივიღეთ, იმ ფონზე, რომ არ დავთმეთ ხარისხი. ის მოთხოვნები, თამასა რაც გვქონდა, დავტოვეთ ისეთივე მაღალი როგორიც იყო. ამით ნამდვილად გამოირჩევა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიგვაჩნია, რომ ეს არის ძალიან კარგი ამბავი. ჩვენს ისტორიაში პირველად, თსუ პირველ არჩევნად 10 ათასმა აბიტურიენტმა დაასახელა. სამწუხაროდ, ყველა ვერ მოხვდა, თუმცა მათი ნახევარი გახდა ჩვენი სტუდენტი. საერთო ჯამში, ყოველმა მეოთხემ პირველ არჩევნად თსუ დაასახელა და ეს კარგ შედეგებზე მეტყველებს.

– 2020-2021 სასწავლო წელს, აბიტურიენტები უნივერსიტეტებში ეროვნული გამოცდების შეცვლილი ფორმატით ჩაირიცხებიან, საუბარია ასევე უნივერსიტეტების დაფინანსების წესის ცვლილებაზეც. როგორ ფიქრობთ, რა გავლენას მოახდენს ეს სიახლეები უნივერსიტეტების განვითარებაზე და სტუდენტების რაოდენობაზე?

– შვიდი ფაკულტეტი გვაქვს და ერთი საერთაშორისო სკოლა. ზოგადად კარგია რომ სტუდენტთა რაოდენობა იზრდება, მაგრამ მთავარია ხარისხი. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ დაფინანსების ახალი სისტემა, რომელიც ყალიბდება, ამ საკითხს მოაგვარებს. ის უნდა იყოს ორიენტირებული შედეგზე ანუ სხვადასხვა სახის, მრავალმხრივი დაფინანსება უნდა იყოს. რაც შეეხება მისაღებ გამოცდებს, თამასის დაწევას არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ, პირიქით, უფრო გავამკაცრებთ. მით უმეტეს, თუ დაფინანსება დაკავშირებული არ იქნება რაოდენობასთან, მანევრირების უფრო მეტი საშუალება გვექნება. არის მიმართულებები, რომელიც ბევრისთვის აღარ არის საინტერესო და  რომლებსაც სათუთი მოპყრობა სჭირდება. მაგალითად კავკასიოლოგია, არმენოლოგია, ფილოსოფია  და ა.შ.  ეს არის მიმართულებები, რომელზეც მასიურად არავინ მიდის, მაგრამ აუცილებელია სახელმწიფოსთვის. ვფიქრობთ, რომ ეს მიმართულებები უნდა გაძლიერდეს.  ბევრი მიმართულებაა, რომელიც დღეს შეიძლება აღარ არის მოთხოვნადი შრომის ბაზარზე, თუმცა ხისტი ორიენტირება დასაქმებაზე მიგვაჩნია რომ არასწორია. უმაღლესი განათლების მთავარი ამოცანა დასაქმება სულაც არ არის, მთავარი ამოცანა – განათლებული მოქალაქის აღზრდაა.

– თსუ რეგიონის მასშტაბით ერთერთ წამყვან პოზიციას ინარჩუნებდა საერთაშორისო რეიტინგებში, რა ხდება ამ ეტაპზე?

– რეიტინგების მე პირადად არ მჯერა, ყოველთვის მგონია რომ ყველა რეიტინგს აქვს თავისი მეორე დღის წესრიგი. რომ ნახოთ ამერიკული რეიტინგები, ლიდერი აუცილებლად იქნება ამერიკული უნივერსიტეტი, თუ ნახავთ ბრიტანულს, აუცილებლად იქნება ბრიტანული უნივერსიტეტი და ა.შ. მაგრამ ყველა მიმართულებით არის რამდენიმე სანდო რეიტინგული სააგენტო. ევროპაში ასეთად ითვლება TIMES HIGHER EDUCATION.  ჩვენი უნივერსიტეტი არის ერთადერთი საქართველოდან, და რეგიონიდან, რომელიც  უკვე მესამე წელია წარმოდგენილია მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირებაში.  თსუ ერთადერთი უნივერსიტეტია საქართველოსა და რეგიონში, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2%-ში შედის (The U.S.News&World Report).

ზოგადად რეიტინგები  ძალიან უყვართ პოლიტიკოსებს და უყვართ მშობლებს. თუმცაღა, რომ მკითხოთ როგორც სპეციალისტს, ეს მაინცდამაინც ბევრი რამის ამსახველი არ არის. რეიტინგი არ იდება მხოლოდ ციფრებით, მხოლოდ საერთაშორისო თანამშრომლობით, კიდევ არის რაღაცა და ეს არის ალბათ ყველაზე ინტენსიური თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რაც ძალიან ხშირად არ ჩანს. ეს არის სტუდენტური ცხოვრება, რომელიც არის ძალიან კარგად დალაგებული და რაც იზიდავს აბიტურიენტებს.

– სტუდენტური ცხოვრებაც და გაცვლითი პროგრამები არის ერთერთი ფაქტორი, რითაც ზოგადად უნივერსიტეტი სტუდენტებს იზიდავს, სტუდენტური პროექტების შესახებ რომ გვესაუბროთ...

– ჩვენმა სტუდენტებმა ძალიან კარგად იციან, რატომ მოდიან ჩვენს უნივერსიტეტში. ესაა საინტერესო სტუდენტური ცხოვრება. ახლახან თსუ-ის სტუდენტურმა კაპელამ გრან პრი აიღო საბერძნეთში საერთაშორისო ფესტივალზე. სხვა საერთაშორისო  ფესტივალზე ანსამბლი „უნივერსიტეტი“ დააჯილდოვეს ასევე ერთ-ერთი მაღალი ჯილდოთი. ფანტასტიკური შედეგები გვაქვს სპორტის მიმართულებით, თსუ-ის ფუტსალის გუნდი ქვეყნის ჩემპიონია და საერთაშორისო ტურნირებში მრავალგზის პრიზიორია, კალათბურთის გუნდი უკვე 2 წელი არის სუპერლიგაში და ძალიან კარგად თამაშობს. ალპინიადებს და სხვადასხვა აქტივობას ვაწყობთ, ის რაც ჯანსაღი ი წესის წინაპირობაა. კიდევ ბევრი რამ კეთდება. ძალიან ხშირად გვაქვს არამხოლოდ სტუდენტების მიღების და გამოშვების ღონისძიებები, არამედ ძალიან ბევრი სხვა ღონისძიება, რომლებიც ახალისებს სტუდენტურ ცხოვრებას. თსუ-ში მესამე წელია რაც სტუდენტური პროექტები ფინანსდება, 600-ზე მეტი პროექტია დაფინანსებული და ჯამში 2 მილიონამდე ლარია დახარჯული. ნებისმიერ სტუდენტს აქვს შესაძლებლობა თავისი იდეა მოგვიტანოს, გრანტის გამცემი კომისია მსჯელობს და იღებს გადაწყვეტილებას. ეს არის ძალიან სერიოზული საშუალება იმისთვის, რომ სოციალური ნიშა, რომელიც უნდა ჰქონდეს უნივერსიტეტს, შეავსოს.

რაც შეეხება გაცვლით პროგრამებს: თსუ-ში მოქმედებს ERASMUS+ -ის 230 პროექტი და ორმხრივი თანამშრომლობა გვაქვს ევროპის, ამერიკისა და აზიის წამყვან უნივერსიტეტებთან. ეს ძალინ დიდი რაოდენობაა. საუბარია სტუდენტებზე, პროფესორებსა და ადმინისტრაციულ პერსონალზე, ვინც გაცვლით პროგრამებში მონაწილეობს. რაც მთავრია, მარტო ჩვენი უნივერსიტეტის ბევრად მეტი  სტუდენტია ჩართული გაცვლით პროგრამებში, ვიდრე ზოგიერთი რეგიონის ქვეყნები ჯამში.

– რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ საკითხებს, როგორც ცნობილია იწყება 3000-ადგილიანი საერთო საცხოვრებლის მშენებლობა, კიდევ რა სამუშაოები მიმდინარეობს თსუში?

– ლისის ტბაზე უკვე გვაქვს თანამედროვე სტანდარტების საერთო საცხოვრებელი, მეორე წელიწადია, რაც გადმოგვეცა. ახლა ვიწყებთ 3000-ადგილიანი საცხოვრებლის მშენებლობას, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის გარშემო მთელი კამპუსი გაშენდება. ეს არის ძალიან დიდი პროექტი როგორც ადგილობრივი სტუდენტებისთვის, ასევე ინტერნაციონალიზაციის კუთხით. ინფრასტრუქტურას რაც შეეხება, მიმდინარეობს უნივერსიტეტის ისტორიული მეორე კორპუსის აღდგენა- რეკონსტრუქცია, ამისთვის მთავრობამ 25 მილიონი ლარი გამოყო. ასევე ჩვენი საკუთარი საშუალებებით შეძლებისდაგვარად ვატარებთ სხვადასხვა სარემონტო სამუშაოებს. მაღლივ კორპუსში იყო საშინელი მდგომარეობა, გამოიცვალა ფანჯრები, შევაკეთეთ ლიფტები,  მოვაწესრიგეთ სველი წერტილები, შეკეთდა კიბეები და ცენტრალური ფოიე, სარემონტო სამუშაოები ჩატარდა ცენტრალურ ბიბლიოთეკაში. მართალია ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ბევრი გასაკეთებელია. ძალიან ბევრი შენობა-ნაგებობა გვაქვს, კვლევითი დაწესებულებები და უზარმაზარი ხარჯი უნდა ამ ყველაფერს.

– რა ხდება საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის კუთხით?

– 2018-2019 წლებში ჩვენ მივიღეთ უპირობო, 6-წლიანი ავტორიზაცია. პირველად ჩატარდა ავტორიზაცია ახალი პრინციპებით, საერთაშორისო ექსპერტები გვამოწმებდნენ. რადგან გვაქვს სამედიცინო მიმართულებაც, განსაკუთებით მკაცრი იყო ჩვენი შემოწმება, თუმცა მივიღეთ უპირობო ავტორიზაცია და 6 წლის განმავლობაში შეგვიძლია წყნარად ვიმუშაოთ სხვადასხვა მიმართულებით.

ჩვენი მიზანია, რომ ყველა ის პროგრამა, რომელიც წარედგინება ხარისხის ცენტრს იყოს მაღალი ხარისხის და იდეაში გვინდა რომ ეს პროგრამები, რომლებიც გაივლიან აკრედიტაციას იყოს საერთაშორისო დონის. გვაქვს 21  საერთაშორისო პროგრამა, ახალახანს აკრედიტაცია გაიარა ახალმა ინგლისურენოვანმა სამაგისტრო პროგრამამ მედიაფსიქოლოგიაში. მათი რაოდენობა გაიზრდება, რაც გულისხმობს ორმაგი დიპლომის გაცემას. საინჟინრო მიმართულებით ახლა დავიწყეთ სან დიეგოს უნივერსიტეტთან ერთად ორი პროგრამის შემუშავება და ეს პროგრამები აკრედიტაციას  გაივლის 2019 წელს.  ეს ნიშნავს, რომ ამ დიპლომს ექნება ისეთივე წონა, როგორიც ამერიკულს. ასევე ბიოქიმიის მიმართულებით ვაპირებთ მივიღოთ ამერიკის ქიმიკოსთა ასოციაციის საერთაშორისო აკრედიტაცია. გარდა ამისა, ამ ასოციაციამ დაარსა წარმომადგენლობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ჩვენ ასევე  წელს გავხსენით „აკადემია ევროპეას“ რეგიონული ჰაბი. პირველად არაევროგაერთიანების ქვეყანაში, ამ ყველაზე დიდმა აკადემიამ გახსნა თავის წარმომადგენლობა. აქ შედის 4000 პროფესიონალი და ინტელექტუალი ევროპიდან,74 ნობელის პრემიის ლაურეატი, ეს არის უზარმაზარი ქსელი.

– უნივერსიტეტში გამოცხადებული იყო კონკურსი აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლადამ პროცესებით განაწყენებული ადამიანების ნაწილი იბრძვის სასამართლოში, რა გახდა ამ უკმაყოფილების მიზეზი?

– ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩავატარეთ აკადემიურ და სამეცნიერო თანამდებობზე კონკურსები, 1400-ზე მეტი ვაკანსია იყო გამოცხადებული და აპლიკანტი გაცილებით მეტი. სადაც კონკურენციაა, უკმაყოფილება ყველგან არის, გამიკვირდებოდა რომ არ ყოფილიყო. გვყავს უკმაყოფილო კონკურსანტები, ვინც გადაწყვეტილებები გაასაჩივრეს. 1400 ვაკანსიაზე იყო კონკურსი და სასამართლოებში გვქონდა 14 დავა, რამდენიმე მოვიგეთ, რამდენიმე პროცესი ჯერ ისევ მიმდინარეობს.  ამ ეტაპზე რამდენიმე ვაკანსიაა დარჩენილი და ხელახლა გამოცხადდა კონკურსები.

– 2019 წელს თსუში პირველად ჩატარდა რექტორთა კონფერენცია, ამ გაერთიანების შექმნის მიზნებზე და მნიშვნელობაზე რომ გვესაუბროთ

– ძალიან მნიშვნელოვანი გაერთიანებაა, მას დავარქვით საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია. პირველი შეკრება ჩატარდა. კიდევ მივიღებთ უნივერსიტეტებს, რადგან გამოთქვეს სურვილი. მთავარი მიზანია არსებობდეს ადგილი, სადაც მოხდება სხვადასხვა საკითხების და გადაწყვეტილებების შეჯერება,  რამდენად წაადგება ესა თუ ის გადაწყვეტილება უმაღლეს სკოლას, შეიძლება შეიქმნას ახალი ინიციატივები, მათ შორის საკანონმდებლო.

წელს ასევე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს პარლამენტმა. თსუ-ის ინიციატივით კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება – ისტორიაში პირველად, ქვეყნის უზენაეს კანონში დაფიქსირდა უნივერსიტეტის აკადემიური თავისუფლება და ავტონომია.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური