GE

გადაადგილებები განათლების სამინისტროში: ზედგინიძემ თანამდებობა დატოვა, ირინა აბულაძის ზოგიერთი ფუნქცია კი გიორგი ვაშაკიძეს გადაეცა

დღეს ცნობილი გახდა, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილედ ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაკიძე დაინიშნა.

მოგვიანებით, EDU.ARIS.GE-სთვის ცნობილი გახდა, რომ მან ამ თანამდებობაზე ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანი ჩაანაცვლა, რაზეც სამინისტროს განცხადება არ გაუკეთებია.

როგორც განათლების სამინისტროში ჩვენი კითხვის პასუხად განგვიმარტეს, ზედგინიძე სხვა სამსახურში გადავიდა და მან თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

გარდა ამისა, EDU.ARIS.GE-მ მოიპოვა მინისტრ ბატიაშვილის ბრძანება, სადაც მინისტრისა და მისი ახალი მოადგილეების ფუნქციათა განაწილებაა განსაზღვრული. ამ დოკუმენტის თანახმად, როგორც ირკვევა, მინისტრის ახალ მოადგილე გიორგი ვაშაკიძეს, სხვა ფუნქციებთან ერთად, გადაეცა პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის კურირება. აღსანიშნავია, რომ აქამდე ამ მიმართულებას ზედამხედველობას უწევდა მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე.

საგულისხმოა ისიც, რომ სამინისტროს ამ მიმართულებით დაუმთავრებელი საქმეები, კერძოდ კი პროფესიული კოლეჯების დირექტორთა კონკურსის წესით დანიშვნის ვადები სრულად დარღვეული აქვს. კონკურსი, რომლის კომისიის თავმჯდომარეც სწორედ ირინა აბულაძე გახლდათ, ჯერ ისევ დაუსრულებლად ითვლება. 6 აპრილიდან, ანუ კანონის მოთხოვნის ვადიდან, 4-თვეზე მეტია გასული. კონკურსის ერთ-ერთი წევრი იყო დღეს უკვე მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაკიძეც.

რატომ არ ხორციელდება პროფესიული კოლეჯების დირექტორთა დანიშვნა? – სამინისტრომ მინისტრის დადგენილ წესსაც გადაუხვია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური