GE

გადაიწევს თუ არა ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადება დამატებითი სესიების გამო?

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ სოფიო გორგოძის თქმით, ეროვნული გამოცდების ნამუშევრების გასწორება უკვე დაწყებულია და შედეგები აგვისტოს პირველ ნახევარში, ყველა სესიის, ძირითადი და დამატებითი, დასრულების შემდეგ გამოცხადდება. ამის შესახებ მან, 26 ივლისს, „რუსთავის 2“-ის ეთერში განაცხადა.

„ვფიქრობთ, შედეგებს (ქულები) გამოვაცხადებთ აგვისტოს პირველ ნახევარში. აბიტურიენტებისთვის მაქსიმუმ 3 აგვისტოს დასრულდება გამოცდების ჩატარების პროცესი, მაგრამ გასწორება უკვე იცით, რომ პარალელურად მიმდინარეობს, ასე რომ, სრულად რომ დასრულდება ეს პროცესი, გარკვეული პერიოდი დაგვჭირდება და ვფიქრობ, 15 აგვისტომდე აუცილებლდ გამოვაცხადებთ შედეგებს. შეიძლება ეს იყოს გაცილებით ადრე, თუმცა ამ ეტაპზე ზუსტი თარიღის თქმა შეუძლებელია. ჩვენი მთავრი მიზანი ამ შემთხვევაში არის, რომ ჩარიცხვები ისეთ დროს გამოვაცხადოთ, რომ არ დაგვიანდეს სასწავლო წლის დაწყება. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ წელს სასწავლო პროცესი დაიწყოს ისე დროულად, როგორც ეს შარშან იყო“, – თქვა სოფიო გორგოძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპისთვის არსებული მონაცემებით, არც ერთ საგამოცდო ცენტრში კოვიდ 19-ის ინფექციის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

„პირველი ივლისიდან თითქმის ყოველდღე მიმდინარეობს გამოცდების 2-2 სესია, ჯერ კიდევ ბევრი საგამოცდო დღეებია დარჩენილი, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ გამოსაცდელების ხელშეწყობით, რომლებიც იცავდნენ რეგულაციებს, ასევე ჩვენი 3000-მდე თანამშრომლის თავდაუზოგავი შრომით, მივაღწიეთ იმას, რომ აქამდე არც ერთი საგამოცდო ცენტრი არ გამხდარა ინფექციის გავრცელების წყარო“, – აღნიშნა სოფიო გორგოძემ.

2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება, ხვალიდან საგამოცდო პროცესში სპეციალური მასწავლებლები და მაგისტრობის მსურველები ჩაერთვებიან.

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური