GE

გადაუვადდებათ თუ არა პროფესიულ სტუდენტებს ჯარში გაწვევა – რა ეტაპზეა კანონპროექტის მიღების საკითხი

წვევამდელები, რომლებსაც საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოპოვებული აქვთ პროფესიული სტუდენტის სტატუსი, ვერ სარგებლობენ გაწვევის გადავადების უფლებით, რის გამოც, მათ სწავლის პერიოდში უწყდებათ ან უჩერდებათ პროფესიული სტუდენტის სტატუსი – ამ პრობლემის მოსაგვარებლად პარლამენტში უკვე შესულია საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმადაც, პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან უნდა გათავისუფლდნენ.

განათლების კომიტეტის წევრის, დეპუტატ გია ჟორჟოლიანის ინიციატივით, ცვლილება უნდა შევიდეს ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლში, სადაც, სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებასთან დაკავშირებული პუნქტი დღესდღეობით არ ვრცელდება პროფესიულ სტუდენტებზე.

ინიციატივა პარტლამენტში 6 მარტს შევიდა და პარლამენტს შესაბამისი ცვლილებისთვის ამ დრომდე კენჭი არ უყრია. ინტერესი კი საკითხისადმი არ წყდება. როდის ექნებათ სიახლის შესახებ ინფორმაცია პროფესიული განათლების მიღების მსურველებს ან სტუდენტებს, რომლებსაც ეს ცვლილება წაადგება და რამდენად რეალურია, რომ ზოგადად ცვლილება განხორციელდეს, ამის გასარკვევად ჩვენ ცვლილების ინიციატორს მივმართეთ.

როგორც EDU.ARIS.GE-ს გია ჟორჟოლიანმა განუცხადა, პარლამენტის თავდაცვის კომიტეტმა საკითხის პირველადი განხილვის შემდეგ დრო ითხოვა. პლენარულ სხდომაზე კი მას შემდეგ განიხილავენ.

„ამ საკითხის განხილვა მოხდა თავდაცვის და სხვა კომიტეტებში, და მათ მხარი დაუჭირეს ჩემს ინიციატივას. თუმცა თავდაცვის კომიტეტმა განხილვის შემდეგ დრო ითხოვა, სავარაუდოდ, ორ კვირაში კომიტეტი ამ საკითხის განხილვას კვლავ დაუბრუნდება და კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე ამის შემდეგ გავა. განხილვისას იყო მსჯელობა, რომ ზოგადად გაწვევის საკითხი საჭიროებს უფრო სიღრმისეულად განხილვას. გვპირდებიან, რომ ერთ კვირაში ან მაქსიმუმ ორ კვირაში კომიტეტზე დავუბრუნდებით ამ განხილვას. მე მგონია, საკამარისი არგუმენტები მაქვს იმისათვის, რომ პარლამენტმა მხარი დაუჭიროს ამ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

ცვლილების ძირითად არსს წარმოადგენს ის, რომ წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ არის საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულების ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენლი წესით აღიარებული საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიული სტუდენტი, რომელსაც არ აქვს შეჩერებული პროფესიული სტუდენტის სტატუსი – სწავლის დამთავრებამდე, მხოლოდ ერთი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში.

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური