GE

გადაწყვეტილება რომელიც არ შეიცვლება – რას აპროტესტებენ სასკოლო ასაკის ბავშვების მშობლები?

თუ თქვენი შვილი 16 სექტემბრის შემდეგ ხდება ექვსი წლის, მაშინ სკოლა მისთვის კიდევ ერთი წლით გადაიწევს. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სკოლაში სწავლას მხოლოდ ისინი დაიწყებენ, ვისაც 6 წელი უკვე შეუსრულდა.

შესაბამისი კანონი ჯერ კიდევ გასულ წელს დამტკიცდა, თუმცა ხელახალი აჟიოტაჟი მას შემდეგ შეიქმნა, რაც მშობელთა გარკვეულ ნაწილში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ხუთი წლის პატარების პირველ კლასში მიღება ექსტერნი გამოცდების ან ფსიქოლოგიური ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი. აღნიშნული კი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კატეგორიულად უარყო.

თამარ სანიკიძის უწყება კომპრომისზე წასვლას აღარ აპირებს, მშობლები უკმაყოფილებას ვერ მალავენ და კანონის შეცვლის მოთხოვნით სხვადასხვა აქტივობებს გეგმავენ. ახალი რეგულაციების დაწესების თაობაზე სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არაერთგვაროვნად აფასებენ ფსიქოლოგები და დარგის სპეციალისტები. მათი ნაწილი ინიციატივას მხარს უჭერს, ნაწილი კი წინააღმდეგია.

განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლეიშვილი მიიჩნევს, რომ 6 წლამდე ბავშვი არ უნდა მიიღონ სკოლაში და მეტიც, სასკოლო ასაკი 7 წლამდე უნდა გაიზარდოს.

“ერთი დღეც არ შეიძლება დააკლდეს 6 წლის ასაკს, ეს აზიანებს ბავშვის ჯანმრთელობას. ადრე. სკოლაში 7 წლის ბავშვებს იღებდნენ, არათუ 6 წლის. ექვსი წლის ასაკიდან რომ დაიწყებო საჯარო სკოლებში ბავშვების მიღება, მაშინ დაინგრა ზუსტად მთელი განათლების სისტემა და განათლების ხარისხმა მაშინ დაიწყო ვარდნა. ბავშვი 7 წლის მაინც უნდა იყოს სკოლაში შეყვანისას, ეს საუკეთესოა. მანამდე ბავშვი არ არის განვითარებული ისე, რომ მეცნიერული საფუძვლების შესწავლა დაიწყოს. უნდა წავიდეთ იქითკენ, რომ ბავშვები სკოლებში 7 წლის ასაკიდან შევიდნენ”,–განაცხადა მანანა ნიკოლაიშვილმა.

ახალი კანონი ძალაში შემდეგი სასწავლო წლიდან შედის. დოკუმენტის თანახმად, ბავშვი პირველ კლასში სწავლას ვერ დაიწყებს, თუ სკოლის დაწყების დღეს ის უკვე 6 წლის არ არის. მშობელთა ნაწილი კი თვლის რომ მიუხედავად 5 წლისა, ზოგიერთი ბავშვი მზად არის სკოლისთვის.

“5 წლის არის ჩემი შვილი, ბაღში ყველაფერი ისწავლა, რაც საჭიროა სკოლის წინა პერიოდში, ყველაფერი ისწავლა და სრულიად მზად არის სწავლის დასაწყებად. ბაღში მოსამზადებელ ჯგუფშიც ისწვალა, თავის ტოლებთან ერთად მეცადინეობს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მათგან განსხვავებით, მომავალ წელს ნასწავლის გამეორება მოუწევს. რამდენიმე დღის გამო არ მინდა ჩემმა შვილმა მთლიანი წელი დაკარგოს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, სწავლა ისედაც 12 კლასია”,– განუცხადა Aris.ge-განათლებას ნინო გოგავამ.

მას შემდეგ, რაც აღნიშნულმა ინფორმაციამ აქტუალობა შეიძინა, უკმაყოფილო მშობლებმა საპროტესტო აქციის გამართვა დააანონსეს. ისინი გადაწყვეტილებას ერთპიროვნულს უწოდებენ და განათლების სამინისტროსთან შეკრებას გეგმავენ.

“პირდაპირ მინდა განვაცხადო, რომ ახლანდელი განათლების მინისტრი სპეციალურად ეძებს ხალხში უკმაყოფილების დათესვის მიზეზებს. მან, მთელმა მისმა სამინისტრომ და ასევე საკანონმდებლო ორგანომ ყურად არ იღო უამრავი მშობლის და სხვა ადამიანების მოსაზრებები, რომლებისთვისაც იმ ბავშვების მიღება სკოლაში, რომელთაც 2015 წლის მანძილზე უსრულდებათ 6 წელი, სასიცოცხლოდ აუცილებლად მიაჩნიათ. ვითომ რატომ არის ასეთი პრინციპული 1-2 თვის გამო ბავშვებს მთელი წელი დააარგვინო? ასეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ვიღაცას ჯინში უდგანან და არაფრის გაგონება არ სურთ. სინამდვილეში კი ისინი ქართველების მომავალს უდგანან ჯინში და მათი დაჩლუნგება სურთ. ჩვენ ვეცდებით, როგორმე შევაცვლევინოთ მათ ეს მიდგომა ან რიგი გამონალისები დავაშვებინოთ კანონიერად”,– აცხადებს ერთ–ერთი უკმაყოფილო მშობელი თამარ ბალავაძე.

მშობლებისგან განსხვავებით ფსიქოლოგების ნაწილი განათლების სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმება. როგორც ბავშვთა ფსიქოლოგი მაია ცირამუა აცხადებს, დაბალი თვითშეფასება, კონცენტრაციის ნაკლებობა, განვითარების დონე, ხერხემლის პრობლემები, სტრესი და პასიურობა – ეს იმ შესაძლო შედეგების მცირე ჩამონათვალია, რომელიც 5 წლის ასაკში ბავშვის სკოლაში მიყვანას თან ახლავს.

“მიუხედავად იმისა, რომ ბავშვმა შეიძლება იცის წერაც, კითხვაც და კარგადაც აზროვნებს, შესაძლოა ემოციურად ვერ ეწევა 6 წლის ბავშვებს და უჭირს სოციალიზაცია. ამას გარდა, მთელი რიგი პრობლემების გამოწვევა შეუძლია ნაადრევად სკოლაში ბავშვის შეყვანას. გასაგებია მშობლების პოზიცია, რომ სურთ რაც შეიძლება მალე დაიწყონ მათმა შვილებმა სწავლა, თუმცა აუცილებლად გასათვალისწინებელია რისკებიც და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იქნას მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება – ღირს თუ არა 1 წლით ადრე სკოლაში შეყვანა”,– ამბობს მაია ცირამუა.

ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კი აცხადებს, რომ ბავშვებს, რომლებიც მომდევნო სასწავლო წელს სკოლის გარეშე დარჩებიან, ისევ ბაღში სიარული მოუწევთ. ამასთან, განათლების სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კერძო სკოლებზეც ვრცელდება. შესაბამისად, ის მშობლები, რომლებიც 6 წლამდე ასაკის შვილებს საჯარო სკოლაში ვერ შეიყვანენ და გამოსავალს კერძო სკოლაში მისვლაში ხედავენ, ამას ვერ შეძლებენ.

“ის ბავშვები, რომლებიც ვთქვათ, 16 სექტემბერს ან 17 სექტემბერს ხდებიან 6 წლის, მათ შეუძლიათ მშობლის სურვილის შემთხვევაში, გააგრძელონ სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაგა–ბაღებში”,– განაცხადა ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ.

ახალ რეგულაციას მოწინააღმდეგეები ექსპერტთა წრეშიც ჰყავთ. სიმონ ჯანაშია განათლების სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს.

[i]”მნიშვნლოვანი ის კი არ არის, რომ ბავშვი 6 წლის იყოს, არამედ ის, რომ ბავშვი იყოს მზად სკოლისთვის და სკოლა კი ბავშვისთვის. ზოგი ბავშვი სკოლისთვის 5 წლისაც მზად არის, რადგან შესაძლოა – ა) ის დადიოდა კარგ საბავშვო ბაღში სადაც მის განვითარებაზე ზრუნავდნენ და – ბ) სკოლა ადაპტირებულია 5-6 წლის ასაკის ბავშვებისთვის.

6 წლის ბავშვების დიდი ნაწილსაც კი სერიოზული პრობლემები აქვს სკოლაში, რადგან – ა) არ არის მზად შესვლისთის და – ბ) ბევრ სკოლაში უცებ იწყება ფორმალიზებული, სტანდარტული და მოსაწყენი სწავლება არცთუ კეთილგანწყობილ გარემოში”,– წერს სიმონ ჯანაშია სოციალურ ქსელ “ფეისბუკში”.

როგორც Aris.ge-განათლებას სანიკიძის უწყებაში განუცხადეს, ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილების ინიციატორი განათლების მინისტრია. უწყების ხელმძღვანლის ინიციატივას საფუძვლად საერთაშორისო კვლევები დაედო, რომლის მიხედვითაც, 6 წელზე ადრე ბავშვი საგანმანათლებლო პროცესისათვის მზად არ არის. მშობლებთა ნაწილი სხვადახვა გზებს ეძებს 5 წლის ბავშვის სკოლაში მოსახვედრად ზოგი ფსიქოლოგებთან დადის და პატარას სასკოლო მზაობას ამოწმებს. მონდომების მიუხედავად, სამინისტროში განმარტავენ, რომ გამონაკლისი არ დაიშვება.

“კანონში მსგავსი რეგულაცია არ არსებობს, რომ ფსიქოლოგის დასკვნის შემთხვევაში შეიცვალოს რამე და თუკი ფსიქოლოგი შეამოწმებს ბავშვს და იტყვის, რომ მას შეუძლია სკოლაში სწავლის დაწყება, ეს მართლაც ასე მოხდეს. გამონაკლების დაშვების ალბათობა გამორიცხულია კანონის თანახმად”,– განაცხადა განათლების სამინისტროს ზოგადი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო კვიტაიშვილმა.

ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილება ახალი სასწავლო წლიდან ძალაში შევა. შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული რეგულაციები სექტემრიდან უკვე ამოქმედდება. პროფესიული შეხედულება ასეთია: გონებრივი და ფიზიკური მზადყოფნისთვის, აუცილებელია, მოსწავლეს 6 წელი შეუსრულდეს.

გიორგი არის© ხურცია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
გიორგი არის© ხურცია Aris.ge-განათლების ჟურნალისტი