GE

გაიხსენეთ ერთი რეფორმა მიხეილ ჩხენკელის წინა მინისტრობიდან – კითხვა დეპუტატებს

მიხეილ ჩხენკელის განათლების მინისტრის პოსტზე მეორედ მოსვლა დღევანდელი დღის მეორე მთავარი თემაა პარლამენტშიც, საარჩევნო სისტემის მაჟორიტარული წესის ცვლილების საკითხის შემდეგ.

EDU.ARIS.GE-მ დეპუტატებს, რომლებმაც წინა მინისტრობის დროს მიხეილ ჩხენკელს პარლამენტშიც მოუსმინეს, ერთი შეკითხვით მიმართა: „გაიხსენეთ მიხეილ ჩხენკელის მინისტრობის პერიოდში გატარებული ერთი რეფორმა ან გაკეთებული საქმე…“.

დეპუტატების კომენტარებს უცვლელად გთავაზობთ, სტილი დაცულია:

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი: „ეს არის ცალსახად დასტური იმისა, რომ არა ვთქვათ სწორი ხედვების ან არასწორი ხედვების გამო, ან რეფორმების გამო ხსნიან განათლების მინისტრებს, არამედ ეს არის სპონტანური გადაწყვეტილებები, პიროვნებებთან დაკავშირებულ, პიროვნული გადაწყვეტილებები, რაც არის სამწუხარო, გამომდინარე იქიდან, რომ განათლების რეფორმა არის ის რეფორმა, რომელსაც სჭირდება ძალიან გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბება და შესაბამისად, ძალიან სტაბილური მართვა პროცესის, რომ შედეგს მიაღწიოს. ამიტომ არის, რომ დაქცეულია გნათლების სისტემა, ამიტომ არაფერი არ კეთდება და ამიტომ არის კუს ნაბიჯებითაც კი რომ ვერ მივიწევთ წინ. განათლების მინისტრის პორტფელი უნდა იყოს ის პორტფელი, რომელიც უნდა იყოს ხელშეუხებელი, გამომდინარე იქიდან, რომ მისი თავიდან დაგეგმილი და შეთანხმებული რეფორმები ბოლომდე მივიდეს. სხვა საკითხია, რამდენად კარგია ეს რეფორმები, რომელზეც არის საუბარი, მაგრამ თუ ვინმეს რეფორმები არ მოსწონდა, მაშინ იგივე ადამიანი არ უნდა დაებრუნებინათ იგივე პოსტზე. აქედან გამომდინარე, ეს არის პიროვნული სიმპათიიდან მიღებული გადაწყვეტილება. მიხეილ ჩხენკელი იმდენად მცირე დროის განმავლობაში იყო მინისტრი, რომ მის მიერ მიღებული არც ერთი გადაწყვეტილება არ მახსოვს სიმართლე რომ გითხრათ. ბატიაშვილის დროს მახსოვს გადაწყვეტილებები, რომელიც არასწორი იყო და რომელსაც „ქართული ოცნება“ დიდი ზარ-ზეიმით მხარს უჭერდა“.

პარლამენტის დეპუტატი პარტია “ევროპული საქართველოდან” ირმა ნადირაშვილი: „ეს რაღაც ახალი სტილია ბიძინა ივანიშვილის, უფრო სწორად ძველი, რომელიც ჩვენ არ ვიცოდით. მინისტრებს, როგორც ჩემმა ერთმა კოლეგამ თქვა, ენამოსწრებულად, მაცივარში დებს, ყინავს და შემდეგ როგორც ახალს, ისე გვასაღებს. ასე იყო ღარიბაშვილის შემთხვევაში, ახლა უკვე ჩხენკელი შემოგვთავაზა. სამწუხაროდ, არც ერთ პერსონას არანაირი აზრი არა აქვს, ყველა არის ერთი ნიშნით შერჩეული – რამდენად ლოიალურები არიან ბიძინა ივანიშვილის მიმართ და მე მითქვამს და კიდევ ვიმეორებ, რომ ეს ადამიანები არიან ბიძინა ივანიშვილის ტანსაცმელი, რომელსაც შეიცვლის თუ ისევ ძველს გამოიღებს, როგორც ჩხენკელის შემთხვევაში, ეს არაფერს ცვლის“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

პარლამენტის წევრი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“ და განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გენადი მარგველაშვილი: “ასე სწრაფად ვერ ვიხსენებ, თუმცა მისი მინისტრობის დროს ბევრი რამ დაიგეგმა.”

პარლამენტის წევრი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“ და განათლების კომიტეტის წევრი გუგული მაღრაძე: ყველაზე მთავარი მახსენდება ის რომ მან წარმოადგინა ძალიან კარგი სტრატეგია განათლების სისტემის ყველა დონის განვითარების შესახებ. ასეთი სტრატეგიის შედგენა საქმეა, მარტო ის ხომ არ არის ხელები დაიკაპიწო. საწყისები კარგი ჰქონდა”.

პარლამენტის წევრი, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე: „ჩემი ერთი გადაწყვეტილება გახსოვთ, სამი წლის განმავლობაში? პარლამენტში ვარ დღე და ღამე, ვმუშაობ. თქვენ შეიძლება კითხოთ ვინმეს ჩემი ერთი გადაწყვეტილების შესახებ და მას კონკრეტული არაფერი გაახსენდეს რაც გამიკეთებია. სამი წელი დღე და ღამე რომ ვიმუშავე ამ პარლამენტში, თურმე არაფერი არ გამიკეთებია, თუ კონკრეტული გადაწყვეტილება არ გაახსენდა ვინმეს. მიხეილ ჩხენკელი არის კარგი მენეჯერი, თავის საქმის კარგი სპეციალისტი, კარგი პიროვნებაა, ახლოს ვიცნობ ძალიან და მე მოხარული ვარ ამ გადაწყვეტილების იმიტომ, რომ მაქვს იმედი, იმ რეფორმას, რომელიც დავიწყეთ და რომელიც ძალიან გრძელვადიან პერსპექტივებზეა გათვლილი, ბოლომდე მიიყვანს. რაც ჩვენ გავაკეთეთ ვერ გაბედა ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ, განათლების რეფორმა გათვლილია ათწლეულებზე, რომ ჩვენი შვილები გაცილებით კვალიფიციურები იყვნენ, ვიდრე ჩვენ ყველანი ერთად ჩემი ჩათვლით და თამადობით. ეს მომავალი უნდა ვაჩუქოთ ისეთი ხელმძღვანელის ორგანიზებით, რომელსაც ვენდობით გუნდში და მიშა ჩხენკელს აქვს ნდობა გუნდის და ნდობა იმისა, რომ ამ რეფორმას წარუძღვება წარმატებით“.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ნუკრი ქანთარია: „მემგონი, არც მიხეილ ჩხენკელს დაუშავებია არაფერი და არც მიხეილ ბატიაშვილს. პირიქით, ორივე მონდომებით ცდილობდა. ახლა ისევ ნაცნობი კადრი დაბრუნდა. ეს პრემიერის გადასაწყვეტი იყო და ასე გადაწყვიტა. რაც შეეხება მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, ძალიან მოკლე ვადით იყო, მაგრამ გეგმები საინტერესო ჰქონდა“.

პარლამენტის წევრი პარტია “ნაციონალური მოძრაობიდან” ნიკა მელია: „გულახდილად გეტყვით, აი ხომ მოქმედი დეპუტატი ვარ, ხომ აქტიურად ვარ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართული, მაგრამ ძნელად გავიხსენე, რომ ეს ბატონი იყო თურმე მინისტრი. მერე, როდესაც გამახსენდა, ვერ აღვიდგინე მისი ფიზიკური გარეგნობა, ფოტო მაჩვენეს და ასე მივხვდი. შესაძლებელია არაჩვეულებრივი ადამიანია, არაჩვეულებრივი მშობელია, კარგი მეზობელია, კარგი თამადაა, კარგი მეცნიერიაო ამბობენ, მაგრამ კარგი მინისტრი რომ ყოფილიყო რატომ გაუშვებდნენ?! რაღა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება განათლების მინისტრი. ასეთი მარაზმი წარმოუდგენელია. არ მოიძებნა ქვეყანაში კვალიფიციური პროფესიონალი, პროგრესზე ორიენტირებული, კარგი მენეჯერული თვისებებს მქონე მინისტრობის კანდიდატი?”

პარლამენტის წევრი უმრავლესობიდან და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში: „პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ მიხეილ ჩხენკელის გადადგომა უკავშირდებოდა პრემიერ ბახტაძის გადაწყვეტილებას, ის თავისი გუნდის წევრად და განათლების მინისტრის რანგში უფრო ხედავდა ბატონ მიხეილ ბატიაშვილს, თუმცა იმავე დღიდან, პრაქტიკულად, მიხეილ ჩხენკელი რჩებოდა პრემიერის მრჩევლად და პირველივე დღიდან ის იყო აქტიურად ჩართული მიხეილ ბატიაშვილთან ერთად ყველა იმ რეფორმის ანალიზის და დამუშავების პროცესში, რომელიც განხორციელდა ბოლო ერთი წლის მანძილზე. მინდა აღვნიშნო, რომ მან ბრწყინვალე კოლეგიალობა გამოიჩინა მიხეილ ბატიაშვილის მიმართ და ერთობლივი ძალისხმევით, სწორედ ჩვენ ვიყავით მომსწრე იმ ცვლილებების, რომელსაც საპარლამენტო გუნდამაც ძალიან აქტიურად დაუჭირა მხარი. არაერთ კანდიდატურაზე იყო საუბარი, მაგრამ ჩემთვის იყო მნიშვნელოვანი, როგორც სიძლიერე კანდიდატის, ასევე იმ მნიშვნელოვანი ცვლილებების უწყვეტობის გარანტი, რომელიც სისტემაში არის დაწყებული. შესაძლოა, საზოგადოებამ და ასევე პედაგოგიურმა კორპუსმა ცოტა არაორდინალურად ჩათვალოს მინისტრის დაბრუნება, მაგრამ ეს ნამდვილად არის ის შემთხვევა, როდესაც ბატონ მიხეილ ჩხენკელს ეკუთვნის მადლობა აქტიური ჩართულობისთვის დღეს მიმდინარე რეფორმების შემუშავების პროცესში. პრაქტიკულად ყოველდღიურად იყო მიხეილ ჩხენკელი ჩართული რეფორმის მიმდინარეობაში“.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად ისევ მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა

მოვლენები და ფაქტები მიხეილ ჩხენკელის 8-თვიანი განათლების მინისტრობიდან – მოკლე ქრონოლოგიური მიმოხილვა

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური