GE

გაიზრდება თუ არა მასწავლებელთა საბაზო ხელფასი – მამუკა ბახტაძის პასუხი

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მისი ხედვები წარმოადგინა, თუ რა პრინციპითა და მიმართულებებით იმუშავებს მომავალი მთავრობა. აღნიშნული ხედვების ფარგლებში მან განათლება დაასახელა, როგორც ერთ–ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულება.  თუმცა მას კონკრეტულ რეფორმებზე არ უსაუბრია.

„წარმოუდგენელია ვიფიქროთ ქვეყნის გრძელვადიან განვითარებაზე თუ არ ვიზრუნებთ ახალგაზრდა თაობის საფუძვლიან განათლებაზე და მათ წვდომაზე თანამედროვე სამყაროს ინოვაციურ მიდგომებთან.

საქართველო ვერასდროს გახდება განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანა, თუ განათლების წილი მის ეკონომიკაში სტაბილურად გრძელვადიან პერსპექტივაში არ იქნება მინიმუმ ორნიშნა ციფრი; ეს არის აუცილებელი მინიმუმი, რომელიც ჩვენ კერძო სექტორთან ერთად უნდა უზრუნველვყოთ და ეს იქნება ჩვენი მთავარი ამოცანა, რომ განათლების სექტორი გახდეს დომინანტი სექტორი ჩვენს ეკონომიკაში“, – განაცხადა პრემიერობის კანდიდატმა.

–რითი დაიწყებთ ფუნდამენტურ ცვლილებებს განათლებაში, რა იქნება პირადად თქვენი პრიორიტეტი?

–გეგმავთ თუ არა განათლების სექტორში საბაზო ხელფასის გაზრდას, იმის გათვალისწინებით, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი ამის საშუალებას უკვე მოგვცემს?

–თქვენ ამბობთ, რომ განათლება პრიორიტეტი იქნება, თუმცა უნდა დააკონკრეტოთ რა მიმართულებით აპირებთ თანხების მობილიზებას. 2016 წლიდან ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მასწავლებლები, რომლებსაც აქვთ სერტიფიცირება, ანუ შეასრულეს თავიანთი კონტრაქტები და ასეთი მასწავლებელი 38 ათასიდან 16 ათასია, აქედან 5 ათასს აქვს კუთვნილი 800 ლარი და დანარჩენ ადამიანებს არ აძლევენ მათ კუთვნილ ხელფასებს, რადგან იმიზეზებენ, რომ ხელფასი საათობრივ ანაზღაურებაზე არის  მიბმული. ამ პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა 40 მილიონი ლარი. ხართ თუ არა მზად, რომ ეს უსამართლობა დასრულდეს?

– რა მიგაჩნიათ „ქართული ოცნების“ 6–წლიანი მმართველობის პერიოდში განათლების ხარისხის ამაღლების კუთხით ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად?

– რა ხედვები აქვს მთავრობას პროფესიული განათლების მიმართულებით?  – ასეთი კითხვებით მიმართეს დეპუტატებმა მამუკა ბახტაძეს.

მამუკა ბახტაძის თქმით, მასწავლებლებს ექნებათ შეთავაზება, რომ იმუშაონ სრული დატვირთვით და მიიღონ გაზრდილი ანაზღაურება.

„ჩვენ გვყავს მასწავლებლების რაოდენობა, რომლებსაც აქვთ ნაკლები საათი და რომ ჰქონდეთ სრული საათი, მიიღებდნენ გაზრდილ ანაზღაურებას, რომელიც მათ ობიექტურად ეკუთვნით. დიახ, ჩვენ ასევე ვგეგმავთ, რომ ყველა მათგანს ჰქონდეს შეთავაზება იმუშაოს ის საათების რაოდენობა, რაც საჭიროა და ეს იქნება მათი გადაწყვეტილება, რადგან მათი ნაწილი სხვა სასწავლებლებშიც ასწავლის და ეს უკვე მათი პიროვნული გადაწყვეტილება იქნება. მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველას, ვისაც სურს, რომ სრული დატვირთვით იმუშაოს და მიიღოს გაზრდილი ანაზღაურება, ამას აუცილებლად გავაკეთებთ და ეს მათ ნებაზე იქნება დამოკიდებული.

„აქვე მინდა ისიც გითხრათ, რომ წელს იყო პირველი პრეცედენტი გარე დაკვირვების და შესაბამისად, ყველა ის მასწავლებელი, რომელმაც ამ ფორმატში კომპეტენცია დაადასტურა, შეიცვლის სტატუსს და მოემატება ხელფასი. ახალი სასწავლო წლიდან დამატებით 7 000–ზე მეტი მასწავლებელი დაიწყებს ახალი სტატუსით საქმიანობას და მათი საერთო რაოდენობა გადააჭარბებს 25 ათას ადამიანს”, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

კითხვაზე, გაიზრდება თუ არა მასწავლებელთა საბაზო ხელფასი, ორი განსხვავებული კითხვის შინაარსობრივი სხვაობის მიუხედავად მომავალმა პრემიერმა ასეთი პასუხი გასცა:

“განათლების სისტემაში ხელფასებს რაც შეეხება, მე უკვე გავეცი პასუხი, რომ ჩვენ ამ მიმართულებით ვგეგმავთ ხელფასების ზრდას”.

„სპეცმასწავლებლის ხელფასი სექტემბრიდან პედაგოგის სტატუსის მქონეთა ხელფასს გაუტოლდება“

მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური