GE

„გამაღიზიანებელი და შეურაცხმყოფელია, როცა განათლების სამინისტრო ფიქრობს, რომ გამოწვევებს უმკლავდება“ – მშობლები ონლაინ სწავლებაზე

2021-2022 სასწავლო წელი სკოლის მოსწავლეებისთვის ჯერჯერობით ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს და არცთუ ისე მცირე ხარვეზებით. დისტანციური სწავლების დროს შექმნილ პრობლემებზე მშობლები EDU.ARIS.GE-სთან საუბრობენ.

ტექნიკური ხარვეზები, დაულაგებელი ცხრილები, გაცდენილი გაკვეთილები და დისტანციური სწავლების ცვლებად დაყოფა – ეს იმ პრობლემების ნაწილია, რასაც  მშობლები ასახელებენ.

ანა მარშანიას შვილები თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. როგორც მშობელი გვიყვება, გაკვეთილების ხარვეზების გარდა, მათი ნაწილი საერთოდ არც ტარდება.

„საჯარო სკოლების ონლაინ გაკვეთილები არის თავის მოტყუება. წარმოუდგენელია, დღეში სამ, 30 წუთიან გაკვეთილზე ბავშვმა რაიმე ცოდნა მიიღოს, მით უფრო მაშინ, თუ ამ სამიდან ერთი ან ორი გაკვეთილი ცდება, რაც უტარდებათ კი, ხარვეზების ფონზე მიმდინარეობს. ხან ხმა არ ისმის და ხან გამოსახულება არ ჩანს. გამაღიზიანებელი და შეურაცხმყოფელია, როცა განათლების სამინისტრო ფიქრობს, რომ გამოწვევებს უმკლავდება, ჰაბი ვართ და ყველაფერი კარგად არის. არაფერია კარგად. თუნდაც, ცხრილის დალაგების საკითხი. როგორც წესი, მოწესრიგებულმა სკოლებმა ეს თემა ადრევე დაალაგეს. ჩემს ირგვლივ, საჯარო სკოლების მოსწავლეებს კი, წინა ღამით ძლივს გაუგზავნეს სამგაკვეთილიანი თანმიმდევრობა, ისიც დროებითი. სწავლის დაწყების წინა ღამეს არ უნდა ლაგდებოდეს ცხრილები, არ უნდა იქმნებოდეს თიმსში ჯგუფები და არ უნდა იყოს დიდი გაურკვევლობა“, – გვითხრა ანამ და მეორე ონლაინ სასწავლო წელს დამატებულ ახალ პრობლემაზეც გვესაუბრა.

„ჩვენს შემთხვევაში ვითარება გასულ წელთან შედარებით, კიდევ უფრო დამძიმდა, რადგან მოწმენდილ ცაზე სკოლამ მეორე ცვლაში გადაგვიყვანა, რის გამოც, ვერც ონლაინ წრეები შევინარჩუნეთ. არადა, სამწუხაროდ, სიმბოლური ონლაინ გაკვეთილები ნამდვილად არ ღირს დანარჩენ, ხარისხიან წრეებზე უარის თქმად. მართლა არ ვიცი რა უნდა ვქნა… ზოგჯერ, სკოლაში ფორმალური სიარულის აზრსაც ვერ ვხედავ… ტყუილად დროის კარგვა, გაშვებული შესაძლებლობები და თავის მოტყუება მგონია ეს ყველაფერი. მაინტერესებს, ამ სამმა სემესტრმა ჯერ კიდევ არ გვაჩვენა, რომ „ორი კვირა მოვითმინოთ“ უკვე ორი წელია გრძელდება, კიდევ დიდხანს გაგრძელდება და საჭიროა სწრაფად ადაპტირება? რა ვქნა, რომ არ მინდა სამ სიმბოლურ ონლაინ გაკვეთილზე მიღებული ცოდნის ამარა დავტოვო ჩემი შვილები?“, – წუხს მშობელი.

არეული ცხრილის პრობლემაზე საუბრობს თეა ახვლედიანიც, მისი შვილი თბილისის N64 საჯარო სკოლის მეხუთეკლასელია. 

„გაკვეთილებზე ძალიან ხშირად ხდებოდა კავშირის დაკარგვა, ბავშვები ფიზიკურად ვერ შემოდიოდნენ. ბევრი მშობელი იყო უკმაყოფილო და დაბნეული პროგრამის გაუმართაობით. ცხრილი საკმაოდ არეულია. მაგალითად, კალენდარში კიდევ ჩანს გასული სასწავლო სემესტრის გაკვეთილები, რაც ბუნებრივია საკმაოდ დასაბნევია, ვინაიდან 5 კლასში გადასული ბავშვისთვის, რომელიც ახლა ეცნობა ახალ მასწავლებლებს გაურკვეველია ვინ არის მისი ამჟამინდელი პედაგოგი და სად უნდა შევიდეს. აუცილებლად დალაგებული, თანმიმდევრული ცხრილი უნდა იყოს“, – განუცხადა EDU.ARIS.GE-ს თეა ახვლედიანმა.

ონლაინ სწავლების დროს გამოვლენილი ხარვეზებით უკმაყოფილოა თბილისის N84 საჯარო სკოლის მშობელი მაკა ათანელიშვილიც.

„ჩემი შვილები მეორე და მეოთხე კლასში არიან, „თიმსს“ ხარვეზი აქვს, ხშირად ხმა არ ისმის, ხან პროგრამა აგდებს ბავშვს და ახლიდან გვიწევს შესვლა გაკვეთილზე, სულ უნდა მეთვალყურეობა, უფროსიც იძულებულია ყურადღებით იყოს. ბავშვები არ უსმენენ ერთმანეთს, რთავენ მიკროფონებს და სხვა სამყაროში არიან. მასწავლებელი ვერ ასწრებს ყველას გამოკითხვას, ხარვეზების გასწორებაში გადის მთელი გაკვეთილი. მოტივაცია და პასუხისმგებლობა დაყვანილია ნულამდე, ბავშვებმა იციან მაინც ვერ მოესწრება გამოკითხვა. მხოლოდ ხსნის პედაგოგი, დანარჩენი რჩება ისე. პირველი კლასიც ონლაინ გაიარა ჩემმა გოგომ, ჩამორჩენილები არიან და იძულებული ვარ დაწყებითების მასწავლებელთან მოვამზადო, რატომ უნდა მჭირდებოდეს დამატებით სწავლება სკოლის პირველივე წლებში? იქნებ გამოასწორონ ეს ხარვეზები ან გაკვეთილის დრო გაზარდონ, ბავშვები რჩებიან ცოდნის მიღების გარეშე, ამას ისიც ემატება რომ სწავლობენ, როგორ აარიდონ თავი ყოველგვარ ვალდებულებას. აღქმა რომ სკოლაში დადიან არ აქვთ“, – გვითხრა მშობელმა.

შეგახსენებთ, მაღალი მოლოდინი არსებობს იმისა, რომ 4 ოქტომბერს არამარტო პირველკლასელები, არამედ ყველა მოსწავლე სკოლას დაუბრუნდება.

ამავე თემაზე:

განათლების სამინისტრო მშობლებს სთხოვს შეატყობინონ, თუ სკოლებში კოვიდპროტოკოლის დარღვევა დაფიქსირდება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური