GE

გამარჯვებული სკოლის დირექტორი ჯილდოს სახით 5000 ლარს მიიღებს, მისი სკოლა კი 30 000 ლარს – ახალი კონკურსი

2019-2020 სასწავლო წლის ბოლოს, სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის შედეგად, საუკეთესო სკოლის დირექტორს გამოავლენენ და გრანპრის სახით 5000 ლარს გადასცემენ, მისი  სკოლა კი პროექტების განსახორციელებლად 30 000 ლარს მიიღებს.

სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსი განათლების კოალიციის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით ტარდება. პროექტის პრეზენტაცია ილიაუნის წიგნის სახლ “ლიგამუსში” შედგა.

ღონისძიებაზე ორგანიზატორებმა საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია კამპანიის ეტაპების, კონკურსის პირობების, საკონკურსო კომისიისა და კამპანიის მხარდამჭერების შესახებ.

„ზოგადი განათლების სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რგოლს სკოლის დირექტორები წარმოადგენენ. სწორედ ისინი განაპირობებენ და პირდაპირი გავლენა აქვთ, როგორც მასწავლებლების შრომით ნაყოფიერებაზე, ასევე მოსწავლეთა შედეგებზე. შესაბამისად, მათი გაძლიერება და კარგი პრაქტიკების გავრცელება მნიშვნელოვანია სასკოლო განათლების განვითარებისათვის“, – განაცხადა  განათლების კოალიციის დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ.

სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი დირექტორების რეგისტრაცია ვებგვერდზე – www.efageorgia.ge – 29 ოქტომბრიდან 16 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შემდეგ კი, კონკურსანტთა შერჩევის სამეტაპიან პროცესს 17 წევრისგან დაკომპლექტებული საბჭო წარმართავს. საბჭოში შედიან განათლებისა და მართვის სპეციალისტები, პედაგოგები და მედიის წარმომადგენლები.

„ეს ახალი ინიციატივა ემსახურება ქართული სკოლის განვითარების იდეას. ჩვენ გვინდა ამ პროგრამის მეშვეობით ხელი შევუწყოთ ქართული სკოლის პრესტიჟის გაზრდას. კონკურსი შედგება სამი მსხვილი ეტაპისგან. პირველ ეტაპზე დაინტერესებულ საჯარო სკოლებს ექნებათ შესაძლებლობა წარმოადგინონ სტანდარტული ფორმით აპლიკაციები, სადაც აღწერენ თავიანთ პრაქტიკას. აპლიკაციების გადარჩევის შემდეგ გამოვლინდება ათამდე საინტერესო სკოლა, ვიმუშავებთ მათთან და ამ შეფასების პროცესში გამოვლინდებიან გამარჯვებულები“, – აცხადებს განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე ირინა ხანთაძე EDU.ARIS.GE– სთან საუბარში.

კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება, მეორე ეტაპისთვის გამოვლინდებიან ფინალისტები, ხოლო მესამე ეტაპზე, 2020 წლის 25 მაისს გამოვლინდება სამი გამარჯვებული – გრანპრის და სპეციალური პრიზის მფლობელები.

გრანპრის მფლობელ დირექტორს პრიზის სახით გადაეცემა 5000 ლარი, ხოლო სკოლას სპეც-პროექტის განსახორციელებლად – 30 000 ლარი. სპეციალური პრიზის მფლობელ დირექტორებს კი პრიზის სახით გადაეცემათ 2000-2000 ლარი. მათი სკოლების მხარდაჭერის ერთიანი ფონდი შეადგენს 25 000 ლარს. სკოლის შორის თანხის გადანაწილებაზე გადაწყვეტილებას იღებს კონკურსის საბჭო.

კოალიცია განათლება ყველასათვის წარმომადგენლების განცხადებით, კონკურსის მიზანია საჯარო სკოლის პრესტიჟისა და ავტორიტეტის გაზრდის მხარდაჭერა, წარმატებული დირექტორების გამოვლენა და მათი გაცნობა საზოგადოებისათვის; სკოლის მართვის პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობა და სწავლა-სწავლების შედეგების გაუმჯობესებაზე მიმართული შიდა სასკოლო ძალისხმევის მხარდაჭერა საქართველოს საჯარო სკოლებში.

კონკურსს ახორციელებს განათლების კოალიცია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით. პროექტის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი. სხვა მხარდამჭერები არიან: „თიბისი“, ტელეკომპანია იმედი, KPMG Georgia და მარკეტინგული კომპანია „4media”.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური