GE

გამოცდა საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისათვის 10 თებერვალს ჩატარდება – პროცედურა

უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტები გამოცდას 10 თებერვალს ჩააბარებენ. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დღეს, 11 იანვარს ავრცელებს.

უწყების ცნობით, სტუდენტები საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის გასავლელად 11:00 საათზე უნდა გამოცხადნენ. გამოცდა კი 12:00 საათზე დაიწყება. დაგვიანების შემთხვევაში გამოსაცდელი ტესტირებაზე აღარ დაიშვება. დეტალური ინფორმაცია საგამოცდო ცენტრის მისამართის თაობაზე მოგვიანებით გამოქვეყნდება.

მონაწილემ თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და პირბადე, სურვილის შემთხვევაში – წყალი პლასტმასის ბოთლით. ტესტურ დავალებაზე მუშაობის პროცესში ცენტრი მას უზრუნველყოფს შესაბამისი კალმითა და სხვა საჭირო ნივთებით.

გამოცდის ხანგრძლივობაა 2 საათი და 30 წუთი. მისი წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

ტესტირებაზე დაცული იქნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია

შეგახსენებთ, რომ ამ გამოცდისათვის რეგისტრაცია შესაძლებელია 15 იანვრის 18:00 საათამდე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური