GE

საქართველოში სწავლის გაგრძელების სურვილი 120-მა აპლიკანტმა გამოთქვა – გამოცდა 11 თებერვალს ჩატარდება

უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი იმ სტუდენტებისათვის, რომლებმაც რეგისტრაცია 5 თებერვლის ჩათვლით გაიარეს, ტესტირება 11 თებერვლის 11:00 საათზე დაიწყება.

როგორც EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, აღნიშნულ გამოცდაზე რეგისტრაცია 120-მდე მსურველმა გაიარა. აღსანიშნავია, რომ აპლიკანტებს გამოცდაზე გასვლის მსურველთა თხოვნით რეგისტრაციის ვადა გაუხანგრძლივეს.

“რეგისტრაცია 120-მდე მსურველმა გაიარა. როგორც იცით, რეგისტრაცია უნდა გაგრძელებულიყო მხოლოდ 10 დღე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გაითვალისწინა ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე იმ პერიოდში დაწესებული შეზღუდვები, ასევე გამოცდაზე გასვლის მსურველთა თხოვნა და სარეგისტრაციო განაცხადების მიღება 5 თებერვლის 18:00 საათამდე გაახანგრძლივა”, – გვითხრეს გამოცდების ცენტრში.

პ რ ო ც ე დ უ რ ა

სტუდენტები საგამოცდო ცენტრში (მისამართი: ე.მინდელის ქუჩა N9) რეგისტრაციის გასავლელად 10:00 საათზე უნდა გამოცხადნენ. გამოცდაზე დაგვიანების შემთხვევაში გამოსაცდელი ტესტირებაზე აღარ დაიშვება.

გამოსაცდელმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და პირბადე. სურვილის შემთხვევაში, წყალი პლასტმასის ბოთლით. ტესტურ დავალებაზე მუშაობის პროცესში ცენტრი მას უზრუნველყოფს შესაბამისი კალმითა და სხვა საჭირო ნივთებით.

გამოცდის ხანგრძლივობაა 2 საათი და 30 წუთი. მისი წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

როგორც გამოცდების ცენტრში აცხადებენ, ტესტირებაზე დაცული იქნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია. მოხდება თერმოსკრინინგის გავლა, ხელების დამუშავება, შესაბამისი დისტანციის დაცვა – ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური