GE

„გამოცდაზე გამოსვლის სტიმული ჩხენკელის განცხადებამ მომცა“ – 35-წლიანი გამოცდილების მქონე სკოლის დირექტორი

2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საკუთარი კომპეტენციის დადასტურება მასწავლებლებს და მასწავლებლობის მსურველებს უწევთ. დღეს ისინი გამოცდებს შემდეგ საგნებში აბარებენ – მათემატიკა (VII-XII); ისტორია; გეოგრაფია; ბიოლოგია; სამოქალაქო განათლება; ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII).

საგამოცდო ცენტრებიდან გამოცდის დასრულებამდე გამოსული აპლიკანტები EDU.ARIS.GE-სთან საგამოცდო საკითხებს აფასებენ და ტესტის სირთულეზე საუბრობენ.

ნინო, მაძიებელი პედაგოგი: ,,გამოცდა საკმაოდ რთული იყო, ქართული ენის ზუსტ ცოდნას ითხოვდა“.

მზია თავაძე, მაძიებელი პედაგოგი: ,,მიყვარს ჩემი პროფესია და მინდა ისევ სკოლაში დაბრუნება. ორი წლის განმავლობაში ოჯახური მდგომარეობის გამო წყვეტა მქონდა. ვფიქრობ, ეს გამოცდა დამეხმარება გავხდე უფროსი მასწავლებელი, ვასწავლო ბიოლოგია,თუმცა ამ გამოცდის ჩაბარება სამსახურის შოვნის გარანტიას არ იძლევა. რაც შეეხება სირთულეს, მარტივი არ იყო. იყო კითხვებიც, სადაც 4 სავარაუდო პასუხიდან 2 შეიძლებოდა ყოფილიყო სწორი. ამას როგორ გადაწყვეტენ არ ვიცი, რადგან, მართლაც არის მთელი რიგი ტესტები, რომლებსაც რამდენიმე პასუხი შეიძლება ჰქონდეს. ასე არასწორად დასმული კითხვები გვხვდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზეც”.

ისტორიის გამოცდიდან გამოსული კიდევ ერთი მაძიებელი პედაგოგის აზრით, გამოცდა საშუალო სირთულის იყო: ,,წელს მასწავლებელთა გამოცდაზე პირველად გავედი. ვერ ვიტყვი, რომ რთული იყო ან ძალიან მარტივი. ვფიქრობ, თავი ნორმალურად გავართვი. სკოლაში მუშაობისთვის ამ გამოცდის ჩაბარება აუცილებელია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად დასაქმების იმედი უნდა გვქონდეს”.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანას საჯარო სკოლის დირექტორი დარეჯან ჭინხილაშვილი, რომელსაც სკოლაში მუშაობის 35-წლიანი გამოცდილება აქვს, დღეს ისტორიის გამოცდაზე გავიდა. მისი აზრით, გამოცდას თავი კარგად გაართვა: ,,პრაქტიკოსი მასწავლებელი ვარ, გამოცდაზე უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისაღებად გამოვედი. ესაა წინგადადგმული ნაბიჯი როგორც კარიერულ კიბეზე, ისე ფინანსური თვალსაზრისით. წელს გამოცდაზე გამოსვლის სტიმული ჩხენკელის განცხადებამ მომცა, რომლის თქმითაც, უფროსი მასწავლებლის დანამატს აღარ განსაზღვრავს საათები და ამ სტატუსის მქონე ყველა პედაგოგს ერთნაირი, მაღალი ხელფასი ექნება. ვფიქრობ, ეს სამართლიანი წინადადებაა, თუმცა მოასწრო თუ არა იდეის განხორციელება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს გამოცდაზე დარეგისტრირებულ მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა 70%-ზე მეტი გამოცხადდა.

„არ დავწერე და გამოვედი, ვიღას უნდა პედაგოგობა, ყველა საზღვარგარეთ გარბის“ – გამოცდისთვის რაჭიდან ქუთაისში ჩასული მასწავლებელი

გამოცდები 2018

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური