GE

გამოცდების ცენტრს საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად გამოთხოვის პრობლემა აქვს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად გამოთხოვის პრობლემა აქვს. სამინისტროს სსიპ-ის ვებგვერდზე განთავსებული შესაბამისი ველიდან საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა არ იგზავნება და პასუხად ამ შეტყობინებას ვიღებთ:

EDU.ARIS.GE ამ ფორმით ინფორმაციის გამოთხოვას 4 დღის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კი გვპასუხობს, რომ პრობლემა არ ფიქსირდება და სისტემას ელექტრონული წერილის მიღება შეუძლია.

იმ ფონზე, რომ ახალი ხელმძღვანელობის შემდეგ, გამოცდების ცენტრისგან საჯარო ინფორმაციის მიღება სხვადასხვა საკითხებზე მედიისთვის გართულებულია, ახლა უკვე განაცხადის გადაგზავნის პრობლემის წინაშეც დავდექით.

ჩნდება კითხვები, რომელიც რიტორიკულიც არის და პირდაპირიც: ნებისმიერი ხარისხის სისტემას შეიძლება გაუჩნდეს ტექნიკური გაუმართაობის პრობლემა, მაგრამ ამაზე პასუხი – ყველაფერი გამართულია, როცა ფაქტობრივად ასე არ არის, არასწორია და საჭიროებს გამოსწორებას. და, როცა აიტი მიმართულების მაღალი კურსის სტუდენტსაც კი გააჩნია იმის ცოდნა, რომ მსგავს პრობლემაზე დამოუკიდებლად იმუშაოს, საინტერესოა რა ჯდება გამოცდების ცენტრში ამ საკითხების მოგვარებაზე დასაქმებულ პირთა ანაზღაურება ან სერვერული ინფრასტრუქტურის შენახვა?

საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ვკითხულობთ:

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, საჯარო დაწესებულების ელექტრონული რესურსების საშუალებით.

საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი მტკიცდება შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა, თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს:

ა) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებული მისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ან სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას;

ბ) მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას;

გ) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
edu.aris.ge საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალი