GE

გამოცდების შედეგებით უკმაყოფილო მშობლები და ზეწოლა, რომელსაც აბიტურიენტები მათგან განიცდიან – „დედაჩემისგან ვიგებ, რომ ყველაზე დიდი იმედგაცრუება ვარ?“

ფსიქოლოგისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის მიერ EDU.ARIS.GE-სთვის მიწოდებული ინფორმაციით, მოზარდებს, აბიტურიენტობის პერიოდში ხშირად სჭირდებათ თერაპიული დახმარება, რადგან მართლაც რთული პერიოდის გადალახვა უწევთ. ბარბარე ჭკუასელი ამბობს, რომ თუ მშობელი ამ ყველაფერს ადეკვატურად აღიქვამს და მხარდამჭერ დამოკიდებულებას გამოხატავს, ეს მოზარდისთვის დიდი შეღავათია, რადგან ხედავს, რომ მშობელი იღებს ისეთს, როგორიც არის და რომ მისი მიმღებლობა არ არის დამოკიდებული არც ქულაზე, არც ვიზუალზე და არც წარმატებულობაზე.

„დედაჩემისგან ვიგებ, რომ ყველაზე დიდი იმედგაცრუება ვარ“, “აღარც სტუდენტობა მინდა, არც სწავლა და არაფერი”, „არ ვიცი, ამას როგორ გავუძლებ“, „ჩემს ოჯახს არც კი მოულოცავს ჩაბარება“, „დედაჩემი მეუბნება, რომ თავი მოვჭერი,“ – ამ და სხვა არანაკლებ შოკისმომგვრელ ფრაზებს, უკვე მეორე კვირაა ვკითხულობთ აბიტურიენტების მიერ სოციალურ ქსელში შექმნილ ჯგუფებში, სადაც ისინი, მთელი წლის განმავლობაში, ერთმანეთს აზრებსა თუ პრობლემებს უზიარებენ, დახმარებასა და გამხნევებას ცდილობენ.

როგორც აღმოჩნდა, საგამოცდო სტრესთან ერთად და აბიტურიენტები ახლობლების მხრიდან ზეწოლას, მუდმივ კრიტიკასა და საყვედურებს, უარეს შემთხვევაში კი ბულინგსაც უმკლავდებიან. არაერთი მათგანი წერს, რომ მშობლებისგან მუდმივად ისმენს საყვედურებს მის შესაძლებლობებთან და გამოცდებზე მიღებულ შედეგებთან დაკავშირებით, უფრო მაღალ ქულიან მოსწავლეებთან შედარებას, სხვადასხვა სახის დამამცირებელ ფრაზებს მის გონებრივ მონაცემებზე და ა.შ. პოსტები და კომენტარები იმდენად რთული წასაკითხი აღმოჩნდა, რომ სტატიაზე მუშაობა საკმაოდ გაგვიჭირდა. განსაკუთრებით მძიმე იყო იმ ბავშვების ისტორიები, რომლებიც წერდნენ, რომ მცდელობის მიუხედავად მშობლების მოსაწონი ქულები მაინც ვერ აიღეს და ახლა, მათი გადაჭარბებული რეაქციიდან გამომდინარე, აღარც სწავლის გაგრძელების სურვილი აქვთ და ვეღარც სტუდენტობის სიხარულს გრძნობენ.

სხვათაშორის, სწორედ ეს ყველაფერი იყო ძირითადი მიზეზი იმისა, რომ წელს EDU.ARIS.GE-მ ჩვენგან ტრადიციად ქცეული ინტერვიუები, ყველაზე მაღალ ქულიან აბიტურიენტებთან, აღარ შემოგთავაზათ (გამონაკლისი იყო მშობლიურ ენაში გამოცდა). როგორც აღმოჩნდა, ეს კიდევ ერთი დამატებითი მიზეზი ხდება მშობელთა ნაწილისთვის შვილის გასაკრიტიკებლად და დასამცირებლად – „მან თუ შეძლო, შენ რატომ ვერ შეძელი?“

იმ პოსტებიდან და კომენტარებიდან, რომლებიც გასულ დღეებში სოციალურ ქსელებში გამოქვენყდა, ჩვენ მხოლოდ რამდენიმე ამოვარჩიეთ, თუმცა ზოგად სურათს და აბიტურიენტების განწყობას კარგად ასახავს. ისინი წერენ, რომ დათრგუნულები, ძალაგამოცლილები და დემოტივირებულები არიან, რადგან ოჯახს მათ გამო რცხვენია!

-„მას მერე, რაც ქულები გამოქვეყნდა დედაჩემი წნევის აპარატით დადის. სახლში სამგლოვიარო სიტუაციაა. გეგონებათ, რომ ოჯახის წევრი დავკარგეთ. არადა, არ მიმიღია დაბალი ქულები. მე ვფიქრობ, ნორმალური შედეგები ვაჩვენე, მაგრამ დედაჩემს მეტის მოლოდინი ჰქონდა ჩემგან და ვერ ეგუება, რომ უმაღლესი ქულები არ მაქვს. მესმის მისი, მაგრამ რა ვქნა, მე ხომ მაქსიმალურად ვეცადე. ტელეფონის ზარებსაც კი არ პასუხობს, ნათესავებს ვერ ვეტყვი თავი რომ მომჭერიო. ისე ვარ, რომ აღარც სტუდენტობა მიხარია და არც რაიმეს განწყობა მაქვს.“

-„საკუთარ დედას აღარ აქვს ჩემი იმედი და არც არავის. ვერ ჩავაბარე მათემატიკა მაგრამ მეორე შანსიც ხომ უნდა არსებობდეს? მომიწევს 2023 წელს ამ ყველაფერს მარტო გავუმკლავდე. მშობელსაც, რა თქმა უნდა, არ ვადანაშაულებ, როცა იგებს ისეთი უიმედო და უპასუხისმგებლო ადამიანი ვარ, რომ შრომას არ ვუფასებ. ნეტავ მალე მომეხსნას ეს ტკივილი, რაცა ჩემს თავს ხდება…“

-„როგორ ხასიათზე უნდა ვიყო, როცა დედაჩემისგან ვიგებ, რომ ყველაზე დიდი იმედგაცრუება ვარ? ყველაზე ცუდად ახლა ვგრძნობ თავს, დავნებდი აღარაფრის კეთება აღარ მინდა, ნორმალური ქულები მივიღე, მაგრამ ჩემით მაინც ყველა უკმაყოფილოა, თითქოს ვინმეს ჩემი წარმატება ჩემზე მეტად უხაროდეს“.

-„34 ქულა ავიღე. შეიძლება, ეს ვიღაცისთვის ცოტაა, ვიღაცისთვის მაღალი, მაგრამ ჩემი ოჯახისთვის კატასტროფაა. მიუხედავად იმისა, რომ სამივე საგანში ვემზადებოდი, ისინი სახლში მეცადინეობას არასდროს მაცლიდნენ. მლანძღავდნენ, თავზე მედგნენ და მიყვიროდნენ, რომ არაფერი გამომივა და ლენჩი დავრჩები. დღეს დილას დედა მაღვიძებს და ქულის ნახვას მთხოვს. მეც ვნახულობ და ვეუბნები. სახეზე სრული იმედგაცრუება გამოესახა. გული დასწყდა ქალს, რომელიც მამაჩემს არასდროს ეწინააღმდეგებოდა, არაფერს ეუბნებოდა როცა ის მეცადინეობას მიშლიდა. მამას რეაქციაც ასეთი იყო: „ასე ცოტა?“- მხოლოდ ეს თქვა და თავი გააქნია. დედაჩემი ამბობს: „ნათიას ბავშვი არ ემზადებოდა და უფრო მაღალი ქულა აიღო“. ნათიას ბავშვს აცლიდნენ წიგნის გადაშლას! კივილი, ტირილი ყველაფერი ერთად მინდა…“

-„ჩემი ოჯახის წევრებს ჩაბარება არც კი მოულოცავთ და ვინც მომილოცა, ასე მითხრა – მე იმ ჩაბარების არ მჯერა, როცა ფასიანზე ხვდებიანო“.

-„45 ქულა ავიღე, ცუდ ქულად არ ვთვლი, თუმცა, როცა მშობელმა გაიგო, მითხრა – სხვებმა (ნაცნობებმა) შენზე მაღალი აიღეს და როგორ გაჯობესო. ძალიან დამწყდა გული, სხვებს რომ შემადარა. არ მინდა, ვინმეს ქულას ჩემსას ადარებდნენ და ამბობდნენ, რომ სხვა მჯობია, რადგან ყველა ინდივიდები ვართ და შესაბამისად, სხვადასხვა შესაძლებლობები გვაქვს. ბუნებრივია, ვიღაცამ იმაზე კარგი ქულა აიღო, ვიდრე მე. თქვენც თუ ასეთ სამწუხარო სიტუაციაში ხართ, გული არ გაიტეხოთ, რადგან ყველას ერთნაირად ვერ ეძლევა ეროვნული გამოცდებით საკუთარი თავის სრულად გამოვლენის შესაძლებლობა და ზოგ შემთხვევაში ქულები არ განსაზღვრავს რეალურ ცოდნას.“

„აბიტურიენტებს გვაფიქრებინებთ, რომ შრომა ფუჭი და ამაო იყო, იმაზე მეტი ვართ, ვიდრე ეს ქულებია“

სტუდენტი აბიტურიენტებს: ამით შეგიძლიათ მიაღწიოთ ისეთ ცხოვრებას, როგორსაც უნივერსიტეტი ან მოგცემთ – ან არა და უფრო არა

როგორც აღვნიშნეთ, ეს მცირე ნაწილია იმ საკმაოდ ემოციური წერილებისა, რომელთაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ვაწყდებით. თანატოლების ისტორიების წაკითხვა არანაკლებ გამაოგნებელი აღმოჩნდა იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებმაც უმაღლესი შედეგები აჩვენეს. ისინი ამბობენ, რომ ოჯახის წევრების თანადგომა და მხარდაჭერა წარუმატებლობის შემთხვევაშიც უმნიშვნელოვანესია და სწორედ ამ მხარდაჭერამ განაპირობა, დიდწილად, მათი წარმატება.

ანა ტაბიძემ ინგლისურ ენაში უმაღლესი ქულა აიღო – 80. მაღალი შედეგები აჩვენა ქართულსა (54/60) და მათემატიკაშიც (48/51). ამბობს, რომ მაღალი შედეგების ნახვით განცდილ სიხარულს ახლობელი ადამიანების სიხარულის დანახვა კიდევ უფრო უორმაგებდა.

„ჩემი აზრით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარშემომყოფების და განსაკუთრებით, უახლოესი ადამიანების რეაქციას. ბევრი შემთხვევა მინახავს როდესაც ბავშვმა შედარებით დაბალი ქულები აიღო და იმდენად რცხვენოდა და ეშინოდა ოჯახის რეაქციის, რომ ამან მასზე ძალიან ნეგატიურად იმოქმედა. მნიშვნელოვანია, ოჯახის წევრებს ახსოვდეთ, რომ აბიტურიენტები ისედაც დიდი ზეწოლის ქვეშ არიან და ოჯახისგან თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდებათ. მსგავსი სიტუაცია მოზარდებისთვის ძალიან სტრესულია, სწავლის მოტივაციას უკარგავს და თვითშეფასებას უქვეითებს. ჩემმა უფროსმა ძმამაც ძალიან მაღალი შედეგები აიღო, როცა აბარებდა და ამის გამო ცოტა ვნერვიულობდი. ვფიქრობდი, თუ მასსავით კარგი შედეგები არ მექნებოდა, ოჯახს იმედი გაუცრუვდებოდა. საბედნიეროდ, ასე არ მოხდა და ოჯახი ორივე ჩვენგანით ერთნაირად ამაყობს, რაც ჩემთვის ძალიან გამამხნევებელია. იმ მშობლებს, რომლებზეც პოსტებში წერენ, ვეტყოდი, რომ ჩხუბითა და კრიტიკით შვილებს მათდამი ნდობასა და პატივისცემას დაუკარგავენ. მშობლები შვილების ყველაზე დიდი გულშემატკივრები უნდა იყვნენ“, – ამბობს ანა EDU.ARIS.GE-სთან.

ნათია ინაძე კი 2017 წლის ერთ-ერთი საუკეთესო შედეგების მქონე აბიტურიენტია. ის, სკალირებული ქულებით, უნივერსიტეტში პირველ ადგილზე იყო და სრული დაფინანსებით ჩაირიცხა. ამბობს, რომ აბიტურიენტობის პერიოდი, მის ცხოვრებაში, ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო. ამ ასაკის ადამიანისთვის კი, ნათიას აზრით, გარშემომყოფთა რეაქციები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ამიტომ, ფიქრობს, რომ ამ დროს აბიტურიენტთან ურთიერთობისას, დიდი სიფრთხილეა საჭირო.

„სხვასთან შედარება, ვფიქრობ, მოზარდისათვის უმძიმესი ტრავმაა. თუ მოსწავლეს მიაჩნია, რომ მას რამდენიც შეეძლო, იმდენი გააკეთა და გამოცდაზე კონკრეტული შედეგი მიიღო, ეს მისალოცი და სასიხარულოა, რადგან მან საკუთარ თავზე გაიმარჯვა. საერთოდ, არ აქვს მნიშვნელობა რა ქულა მიიღო მეზობელმა, მეგობარმა თუ წლის საუკეთესო აბიტურიენტმა. შვილის შედეგით კმაყოფილების შეგრძნება არ განისაზღვრება გამოცდის ქულით. თუკი აბიტურიენტმა ბევრი იშრომა, მაგრამ გამოცდაზე სასურველი შედეგი ვერ დადო, მას გამხნევება და მოტივაციის ამაღლება სჭირდება და არა პირიქით. არაჯანსაღმა კრიტიკამ, ჩხუბმა, სხვების შედეგებთან შედარებამ მოზარდზე, შესაძლოა, მძიმედ იმოქმედოს. არამგონია შვილის მენტალურ ჯანმრთელობაზე ძვირფასი სხვის შვილზე მაღალი ქულების ქონა იყოს. ამიტომ, არა მხოლოდ მშობლები, არამედ ყველა, ვინც საგამოცდო პერიოდში აბიტურიენტებთან ვურთიერთობთ, უნდა მოვერიდოთ კრიტიკას, დემოტივაციას, დამცირებას გამოცდის შედეგითა თუ უნივერსიტეტის არჩევანით. გამოცდის ქულით არ განისაზღვრება ადამიანის შესაძლებლობები, რომლებიც უსაზღვროა“, – მიიჩნევს ნათია.

ფსიქოლოგი, კავკასიის გეშტალტთერაპიისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი ბარბარე ჭკუასელი მშობლების მხრიდან შვილებისადმი ამგვარი დამოკიდებულების საფრთხეებზე საუბრობს და ამბობს, რომ შედეგები, სამომავლო პერსპექტივაში, შესაძლოა, იმაზე ბევრად მძიმე აღმოჩნდეს, ვიდრე ეს თავად ამ მშობლებს ჰგონიათ. ამბობს, რომ ეროვნული გამოცდები და მასზე მიღებული ქულები, ჩვენს ქვეყანაში, არა მხოლოდ ოჯახის, არამედ მთელი სანათესაოს განხილვის საგანი ხდება. იმ შემთხვევაში, თუ მოზარდი ვერ იღებს ქულას, რომელსაც მისი გარშემომყოფები მოელოდნენ, ნეგატიური შეფასებების მოსმენა უხდება, რაც მის თვითშეფასებაზე უარყოფით გავლენას ახდენს.

„მოდით, იმაზე დავფიქრდეთ, თუ რამდენად დიდი სტრესია აბიტურიენტისთვის მთელი წელი, როცა რამდენიმე საგანში ემზადება და თან პარალელურად სასკოლო საგნებზე ფიქრობს. ამას ემატება ზეწოლა – მან გამოცდებზე უნდა დაადასტუროს, რომ ოჯახმა ფული ტყუილად არ გადაყარა. რეალურად, აბიტურიენტს საკმაოდ მდგრადი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა უნდა ჰქონდეს, რათა სტრესულ სიტუაციაში იმ ცოდნის გაზიარება შეძლოს, რაც აქვს. გამოცდა ხომ თავისთავად სტრესულ სიტუაციას გულისხმობს, რომელსაც ზოგი ასე უმკლავდება და ზოგიც – ისე. მიუხედავად იმისა, რომ აბიტურიენტს საკმაოდ კარგი ცოდნის დონე შეიძლება ჰქონდეს, არაა გამორიცხული გამოცდაზე ვერ გამოავლინოს. ვფიქრობ, რომ ქართულ რეალობაში დამოკიდებულება არც ისე ჯანსაღია და ამ ადამიანებს, როლებიც ასეთ რთულ პერიოდს გადიან, უფრო მეტად მხარდაჭერა სჭირდებათ, ვიდრე კრიტიკა.

„მხარდამჭერი დამოკიდებულება მეტად ამოტივირებს, ვიდრე კრიტიკული დამოკიდებულება. ასეთ დროს უფრო კარგად დაწერს გამოცდას, ვიდრე მაშინ, როცა მუდმივად დაძაბულია და ფიქრობს, რომ თუ არ გამოუვა კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარებენ. ყველას, ვისი ოჯახის წევრიც აბიტურიენტია, ვეტყოდი – მათ თქვენგან რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერა და მიმღებლობა სჭირდებათ“ , – დასძენს ბარბარე ჭკუასელი.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ქულები უკვე ცნობილია. ახლა, აბიტურიენტები იმის გარკვევას ელოდებიან, თუ რომელ უნივერსიტეტში ჩაირიცხნენ და აიღეს თუ არა სახელმწიფო გრანტი.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური