GE

„გამოცდის ერთსახოვანი დავალებები გვიკლავს შემოქმედებით უნარებს და აზროვნებას გვიხშობს, დღეს ვინმეს სჭირდება ასეთი მასწავლებლები?“

მოქმედი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები საგანში კომპეტენციის დასადასტურებლად გამოცდებს 20-ივლისიდან აბარებენ. საგამოცდო ცენტრთან მომლოდინე და ცენტრებიდან გამოსული პედაგოგები ღიად საუბრობენ იმ გამოწვევების შესახებ, რომლებსაც პრაქტიკაში აწყდებიან. ისინი ფიქრობენ, რომ ტესტი, რომლის შესრულებაც უწევთ შემოქმედებითი უნარების გაღვიძებას არ უწყობს ხელს, საინტერესო არ არის და გამოცდის მიმდინარეობისას თავს აბიტურიენტებად გრძნობენ.

„პროფესიით ინგლისური ენის ფილოლოგი ვარ, 7 წელია ვმუშაობ თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, ჩაბარებული მაქვს საერთაშორისო გამოცდები, ვფლობ TOEFL -ისა და IELTS-ის სერტიფიკატებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს გამოცდაც ჩაბარებული მაქვს, ისევ ვაბარებ, უბრალოდ მინდა შედარება გავაკეთო რა შეიცვალა ტესტში და ზოგადად ამ სისტემაში. ხშირად ამბობენ, რომ ტესტი საგნის ცოდნას ამოწმებს, მე, როგორც სპეცისლისტს მგონია, რომ პედაგოგებს უფრო საინტერესო დავალებების შესრულება უნდა გვიწევდეს, ბევრჯერ მითქვამს და ისევ გავიმეორებ, მასწავლებლის ტესტი არ უნდა იყოს სტუდენტის ტესტის იდენტური. ტესტური დავალებები პირდაპირ კავშირში უნდა იყოს სასკოლო პრაქტიკასთან, რაც ჩემს მოსწავლეს უნდა ვასწავლო, აი იმას როგორ საინტერესოდ, შემოქმედებითად ვფლობ და გადმოვცემ, ამას უნდა ამოწმებდეს. თუმცა ამ ტესტს ხომ მხოლოდ მოქმედი მასწავლებლები არ წერენ და მასწავლებლობის მსურველებზეც არის მორგებული. სწორედ ამიტომ არასაინტერესოა, შესრულების პროცესი კი დამღლელია, უნდა დაფიქრდნენ ცალკე ტესტი შექმნან მათთვის და ჩვენს დავალებებსაც გადახედონ, რომ ასეთი ერთფეროვანი არ იყოს, რადგან ერთსახოვანი დავალებები გვიკლავს შემოქმედებით უნარებს და აზროვნებას გვიხშობს, დღეს ვინმეს სჭირდება ასეთი მასწავლებლები?!“, – ინგლისური ენის პედაგოგი, 191 საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან:

EDU.ARIS.GE-ს ასევე ესაუბრა მასწავლებლობის მსურველი გოგონა, რომელიც ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ თუ გამოცდას წარმატებით ჩააბარებს, საკუთარ რეგიონში დასაქმებას გეგმავს, რადგან დედაქალაქში კონკურენტუნარიანი ვერ იქნება, რეგიონში კი უფრო მეტი შანსი აქვს, კადრების სერიოზული დეფიციტის გამო.

„წელს დავასრულე უნივერსიტეტი. გამოცდას ფრანგულ ენაში ვაბარებ და ვიცი, რომ მაღალ ქულასაც ავიღებ, რადგან ეს ტესტი ძალიან მარტივია. მიკვირს, მოქმედი მასწავლებლები ვერ აბარებენ. ჩემი კიდევ ორი მეგობარია გამოცდაზე გასული, ერთმა ისტორიის გამოცდა ჩააბარა, მეორემ დაწყებითების. რაც შეეხება ჩემს შეფასებას, მგონია რომ არ არის სამართლიანი, როცა მოქმედი პედაგოგები და უბრალოდ მსურველები იდენტურ დავალებებს ასრულებენ. მაგალითად ტესტში არის დავალება, რომელიც გვთხოვს მოსწავლის ქულით შეფასებას, იქვე შეფასების კრიტერიუმებიცაა მითითებული; კარგი, მე ვაპირებ ამ დავალების შესრულებას, მაგრამ რეალურად ეს ხომ ჩვენთვის არ უნდა იყოს. ამიტომ, ვფიქობ, რომ განსხვავებულ ტესტს უნდა ვწერდეთ, სამარლიანობისთვის ასეა საჭირო. დასაქმებას რაც შეეხება, ვიცი რა ეტაპების გავლა მომიწევს. დედაქალაქში კონკურენცია გამიჭირდება, ამიტომ ბორჯომში წავალ, ჩემს რეგიონში, არც 60-კრედიტიანი კურსის გავლას ვგეგმავ რადგან დიდ დროს წამართმევს და რა საჭიროა, როცა უმოკლესი გზაც არსებობს. რეგიონებში კადრების დეფიციტია და იქ დასაქმება უფრო გამიადვილდება, ამიტომ უკვე დაგეგმილი მაქვს რას და როგორ გავაკეთებ, მთავარია შეფასება მაღალი მქონდეს“, – გვითხრა მასწავლებლობის მსურველმა.

შეგახსენებთ, რომ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო გამოცდების ძირითადი სესიები 27 ივლისს, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდით დასრულდება. COVID-19-ით ინფიცირებული პედაგოგებისთვის კი დამატებითი საგამოცდო სესიები მოეწყობა.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური