GE

გამოკითხულთა 51% თვლის, რომ განათლების მდგომარეობა საქართველოში გაუარესდა – NDI-ის ახალი კვლევა

„გთხოვთ, მითხრათ, ბოლო 10 წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა მდგომარეობა განათლებასთან დაკავშირებით?“ – ამ კითხვაზე ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოკითხულთა 20% პასუხობს, რომ განათლების საკითხი ქვეყანაში გაუმჯობესდა, 21%-ის აზრით არაფერი შეცვლილა, ხოლო 51% კი მიიჩნევს, რომ ამ მხრივ ქვეყანაში მდგომარეობა გაუარესდა. არაფერი იცის 8%-მა.

ორგანიზაციის მიერ დღეს გამოქვვეყნებულ კვლევაში, ზემოთ მოცემულ კითხვაზე NDI აკონკრეტებს პირთა პასუხებს პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით. ქართული ოცნების მხარდამჭერთა 39% თვლის, რომ მდგომარეობა განათლების კუთხით გაუმჯობესდა, 32% კი თვლის რომ გაუარესდა.

ოპოზიციის მხარდამჭერთა 64% თვლის, რომ ქვეყანაში განათლების მდგომარეობა გაუარესდა. 12% მდგომარეობას გაუმჯობესებულად აფასებს, არაფერი შეცვლილა 18%-ის აზრით და არაფერი იცის 5%-მა.

რაც შეეხება კითხვას, რომელი ეროვნული დონის საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისათვის მნიშვნელოვანი, გამოკითხულთა პასუხების თანახმად, განათლება კვლევის გრაფიკაზე ასეა გამოსახული:

NDI-ს კითხვაზე, აცრიდით თუ არა თქვენს შვილს კორონავირუსის წინააღმდეგ, 59% პასუხობს, რომ ბავშვების ვაქცინაციის წინააღმდეგია, 26% მზად არის შვილი აცრას, 15%-მა არ იცის, როგორ მოიქცეს და მხოლოდ 1%-მა აცრა შვილები. მოგეხსენებათ, კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის ასაკმა 12 წლამდე დაიწია.

NDI-ს ინფორმაციით, კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2 099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა CRRC-საქართველომ ჩაატარა.

ასევე იხილეთ:

არსებითი პრობლემები, რომელმაც პანდემიისას მოსწავლეთა სწავლაზე ნაკლებხელმისაწვდომობა გამოიწვია – რას უყვება განათლების კომიტეტი ჩხენკელის უწყებას

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური