GE

განათლების კოალიციამ პანდემიის პერიოდში სასკოლო განათლების დანაკარგები გამოიკვლია

სასკოლო განათლების სისტემაზე COVID19-ის გავლენის შესასწავლად განათლების კოალიციის მიერ ჩატარებული კვლევა „სასწავლო დანაკარგების შესწავლა პანდემიის პირობებში: გამოწვევები და რეკომენდაციები“ დასრულდა. კვლევა, რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფინანსური მხარდაჭერით პანდემიაზე რეაგირების ინიციატივების ფარგლებში განხორციელდა, მიზნად შედეგების გათვალისწინებითა და ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, რემედიაციის პროგრამების შემუშავებისა და განხორციელებისთვის მნიშვნელოვანი რეკომენდაციების მომზადებას ისახავს.

საკვლევად 2020 წლის პირველი მარტიდან (ანუ, საქართველოში კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან) 2020 წლის ბოლომდე არსებული პერიოდია აღებული და მასში 100-მდე რესპონდენტი იყო ჩართული. მის ფარგლებში, 10 ფოკუს ჯგუფთან 10 პირისპირი ინტერვიუ ჩატარდა. როგორც კოალიციაში აცხადებენ, განათლების სპეციალისტებისა და მკვლევარებისგან შემდგარი გუნდი თანამშრომლობდა როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, ასევე სხვა საჯარო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.

კვლევის მნიშვნელობაზე საუბრისას განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე ირინა ხანთაძე EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში განმარტავს, რომ სხვა დანარჩენთან ერთად, სწორი დიაგნოსტირების მეშვეობით, იგი ხელს შეუწყობს საზოგადოებაში ვალიდური ინფორმაციის გავრცელებას იმასთან დაკავშირებით თუ რა სახისა და რა მოცულობის სასწავლო დანაკარგს შეიძლება განიცდიდეს საქართველო და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შექმნის მყარ საფუძველს დანაკარგების აღმოსაფხვრელად.

„კვლევამ აჩვენა, რომ სასწავლო დანაკარგი ყველა საფეხურზე და ყველა საგანშია. თუმცა, მნიშვნელოვანი მიგნებაა ის, რომ ამ საკითხის გაცნობიერების დონე საკმაოდ დაბალია როგორც სასკოლო საზოგადოების, ისე სისტემის დონეზე. ჩვენი მიგნებები გვაჩვენებს, რომ განსაკუთრებული დანაკარგები გვაქვს მათემატიკაში და დაწყებით საფეხურზე, წიგნიერების უნარების განვითარების მიმართულებით. აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზეც, რომ საქართველოში პანდემიამ კიდევ უფრო გააფართოვა უთანასწორობა, განსაკუთებით, მოწყვლად ჯგუფებში. ჩვენ ის რისკ-ჯგუფებიც გამოვყავით, რომელთაც არსებული კრიზისი მეტად შეეხოთ. ეს გახლავთ დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ოჯახების ბავშვები, მრავალშვილიან ოჯახებში მცხოვრები მოსწავლეები და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები. ვფიქრობთ, რომ მიზნობრივი პროგრამები ამ მიმართულებით უნდა განხორციელდეს და რემედიალური პროგრამები, პირველ რიგში, სწორედ ამ რისკ-ჯგუფბთან უნდა დაიგეგმოს“, – აცხადებს ირინა ხანთაძე.

მისივე თქმით, რელობა, რომლის წინაშეც აღმოვჩნდით, პანდემიით გამოწვეული კრიზისის თანმდევია და იგი სხვა ქვეყნებიც შეეხო. ამბობს, რომ ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა ისედაც ბევრი გამოწვევის წინაშე იდგა და გასაკვირი არაა, რომ არსებულ კრიზისთან გამკლავება გაუჭირდა და რომ ამასთან გამკლავება გაცილებით ძლიერ საგანმანათლებლო სისტემებსაც უჭირთ. ახლა კი მთავარი საკითხის დროული გააზრება, რემედიალური პოლიტიკის დაგეგმვა და განხორციელებაა. ფიქრობს, რომ ამ პროცესში სახელმწიფო უწყებებიც აქტიურად ჩაერთვებიან.

„კვლევის პროცესში განათლების სამინისტროსთან საკმაოდ კონსტრუქციული თანამშრომლობა გვქონდა და ვფიქრობთ, რომ მათთან დიალოგს, კვლევის მიგნებებსა და რეკომენდაციებზე, აქტიურად ვაწარმოებთ, რათა სამოქმედო გეგმის იდენტიფიცირება და დროული დაწყება შეძლონ. ამის მოლოდინი გვაქვს, რამდენადაც საკითხი ძალზედ მნიშვნელოვანი და აქტუალურია. ჩვენ თანამშრომლობისა და მოგროვილი ინფორმაციისა და რეკომენდაციების გასაზიარებლად მზად ვართ. ვეცდებით აქტიურად გავაგრძელოთ კვლევის შედეგების წარდგენა სხვადასხვა დონეზე, სხვადახვა აუდიტორიისთვის, რათა ყურადღება მივიპყროთ და მისი მიგნებებისა და რეკომენდაციების შესაბამისად ქვეყანაში რემედიალური პროგრამების შექმნა წავახალისოთ“, – აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე ირინა ხანთაძე.

იმ ფაქტს, რომ მათემატიკაში სასწავლო დანაკარგს კვლევის რესპონდენტები ყველაზე მნიშვნელოვნად აღიქვამენ, კვლევის ავტორი, მერი ქადაგიძეც ადასტურებს. იგი საუბრობს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების დანაკრგზეც, განსაკუთრებით პირველკლასელების, რომელთაც წერა-კითხვის სწავლის დაწყება, ცალკეულ სკოლებში, პირდაპირ ონლაინ რეჟიმში მოუწიათ. კვლევის ერთ-ერთ საყურადღებო მიგნებად იგი მოსწავლეებში მოტივაციის შემცირებასაც ასახელებს და დასძენს, რომ მოტივაციამ არა დისტანციური სწავლების დაწყებისთანავე, არამედ მოგვიანებით, ეტაპობრივად იკლო, რაც სოციალიზაციის ნაკლებობითა და არახელსაყრელი სასწავლო პირობებით შეიძლება ყოფილიყო განპირობებული. ეს ყველაფერი კი სასწავლო პროცესში მათ ჩართულობასა და თვითეფექტურობის შემცირებაში გამოიხატა.

მკვლევარი, მოსწავლეების გარდა მასწავლებლების მდგომარეობაზეც საუბრობს. კვლევის მიხედვით, პედაგოგები განსაკუთრებით დატვირთული სასწავლო წლის შემდეგ, პროფესიული გადაწვის რისკის ქვეშ იმყოფებიან და გარკვეული ფსიქოლოგიური სერვისების შეთავაზების გარეშე მათთვის სასწავლო პროცესის გაგრძელება ურთულესი იქნება. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია დისტანციური სწავლების გამოცდილების გამოყენება როგორც სისტემურად, ისე სკოლების დონეზე, ვინაიდან სკოლების განსხვავებულობიდან გამომდინარე, ეფექტიანი რემედიაციის პროგრამები, დიდწილად, სწორედ სკოლის დონეზე უნდა შემუშავდეს.

„რაც შეეხება რეკომენდაციებს, მნიშვნელოვანია უკვე აგვისტოდან განვეწყოთ და სკოლებიც განვაწყოთ იმისთვის, რომ, შესაძლოა, სასწავლო პროცესის ფორმატის ცვლილება ისევ საჭირო გახდეს და სწავლება ისევ დისტანციურად დაიწყოს. თუმცა აქცენტი, რა თქმა უნდა, იმაზე უნდა გაკეთდეს, რომ სასწავლო პროცესი პირისპირ რეჟიმში აღდგეს.

„მეორე, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ისაა, რომ მოწყვლადი, სხვადასხვა ტიპის რისკის შემცველი ჯგუფებისთვის არა მხოლოდ განათლების სამინისტრო, არამედ ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, ეკონომიკური განვითარებისა თუ რეგიონალური განვითარების სამინისტროების წარმომადგენლები კოორდინირებულად მუშაობდნენ და ყველა ეს სოციალური პროგრამა და აქტივობა სტრატეგიულ დოკუმენტებსა და სამოქმედო გეგმებში აისახოს. ეს ხელს შეუწყობს როგორც მოწყვლად ჯგუფებზე ორიენტირებული პროგრამების განხორციელებას, ისე ციფრული უთანასწორობის შემცირებას, რაც დისტანციური სწავლების გაგრძელების შემთხვევაში ისევ დიდ გამოწვევად დარჩება“, – დასძენს კვლევის ავტორი მერი ქადაგიძე.

“ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რადგან პანდემიის განმავლობაში ყველამ დაიჯერა, რომ ის, რასაც ვაკეთებდით, ეფექტური იყო“, – ეს უკვე კვლევის რეცენზენტის, განათლების მკვლევარის ნათია მჟავანაძის შეფასებაა, რომლის თქმითაც, მართალია, პანდემიის პირობებში ყველა გადარჩენას ცდილობდა და ის რაც გაკეთდა, ინდივიდუალურად მასწავლებლების დონეზეც კი, შთამბეჭდავი იყო, თუმცა დანაკარგების შეფასებაზე სისტემამ ნაკლებად იზრუნა.

„ამ კვლევამაც აჩვენა, რომ დანაკარგის გაგება საკმაოდ რთულია. არ ვართ დარწმუნებულები, რომ სისტემაში ჩართულ ადამიანებს ესმით რა დანაკარგი შეიძლება ყოფილიყო ამ ხნის განმავლობაში. კვლევას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს იმის ჩვენებაში, რომ ეს პერიოდი პრობლემური იყო. თუ არ გვეცოდინება რა ხარვეზები იყო ამ პერიოდში და რა დავაკელით ბავშვებს, ნებისმიერი ინტერვენცია, რომელიც სამომავლოდ დაიგეგმება, შესაძლოა, რეალურ საჭიროებებს აცდეს. მნიშვნელოვანია სახელმწიფოს, სამოქალაქო საზოგადოებისა თუ სკოლის დონეზე ვაღიაროთ, რომ დანაკარგები გვქონდა და საკუთარ პრაქტიკას ცოტა კრიტიკულად შევხედოთ.

„შიგადაშიგ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა, დიდი ალბათობით, კიდევ მოგვიწევს და მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ის, რაც ჩვენ გვქონდა, საგანგებო მდგომარეობაში დაშორებული სწავლებაა, ხოლო დისტანციური სწავლება მეთოდოლოგიურად განსხვავებული, მნიშვნელოვანი მიმართულებაა და პედაგოგიკა ამ გზითაც უნდა განვითარდეს“, – დასძენს განათლების მკვლევარი.

განათლების კოალიცია პანდემიის პირობებში ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობისა და განათლების უწყვეტობის უზრუნველყოფის ადვოკატირების კამპანიას 2020 წლიდან ახორციელებს. კამპანიის ფარგლებში კოალიციამ განახორციელა ახალი საგანმანათლებლო პროექტი iსკოლა, CK-12 პლატფორმაზე დისტანციური სწავლების პროცესში ქართველი მოსწავლეების დასახმარებლად შექმნა სპეციალური გვერდი, ასევე მოამზადა რეკომენდაციები სკოლების გახსნისა და პანდემიაზე რეაგირების მიმართულებით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური