GE

განათლების კოალიციის დირექტორი, გიორგი ჭანტურია – რეცენზია: „მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისთვის“ გზამკვლევი

რა არის კრიტიკული აზროვნება, რატომ არის მნიშვნელოვანი მისი განვითარება და როგორ შეიძლება პრაქტიკაში მასწავლებელმა ეს გააკეთოს? ესენია ის ძირითადი შეკითხვები რომელზე პასუხებიც მოცემულია გზამკვლევში, რომელიც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის მიერ მომზადდა. ეს და სხვა რესურსები შეიქმნა „მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისათვის“ კამპანიის განმავლობაში (იხ. ჩვენი ფეისბუქ გვერდი). პროექტი ხორციელდება განათლების კოალიციის მიერ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში.

გზამკვლევი იმით განსხვავდება ტრადიციული ტიპის სახელმძღვანელოებისაგან რომ მისი უდიდესი ნაწილი ეთმობა პრაქტიკულ რჩევებს. თავად მასწავლებლები ყვებიან თავიანთი პრაქტიკების შესახებ თუ როგორ უვითარებენ მოსწავლეებს კრიტიკულ აზროვნებას:

1. ნათია ფურცელაძე აქცენტს წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე აკეთებს. ის წერს რომ „წიგნით დაინტერესება არ არის მარტივი და უამრავი რამის გამოგონება გვიწევს, თუ გვიდნა რომ ბავშვებმა სიამოვნებით იკითხონ.“ მის პრაქტიკაში ის იყენებს სხვადასხვა მეთოდებს რომელიც ჩამოთვლილი და განმარტებულიც აქვს. მაგ. კითხვა ნიშანთა სისტემით. გარდა ამისა, ნათიას მოჰყავს რამდენიმე მაგალითი თუ როგორ შეძლო დაეინტერესებინა ბავშვები და რა შედეგი მოჰყვა შემდგომ ამას.

2. ლადო აფხაზავა ამ უნარის განვითარებას პროექტული სწავლებით ახერხებს. გზამკვლევში ამის დამადასტურებელი ძალიან საინტერესო მაგალითიც აქვს მოყვანილი. ამ კუთხით, მისთვის არაფორმალური განათლება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. ის ხაზს უსვამს იმას რომ „კრიტიკული აზროვნება იბადება მაშინ, როცა არის შესაძლებლობა დასვა ბევრი შეკითხვა.“

3. დაჩი ნანობაშვილი კრიტიკული აზროვნების განვითარებას ბავშვებში ცნობისმოყვარეობის გაღვიძებითა და ბავშვების დაინტრიგებით ახერხებს. ზუსტად ამ მიზნით ჰქონდა გაკვეთილზე დიდი ზომის ხახვი შეტანილი (დანარჩენს გზამკვლევში ნახავთ).

4. ნინო აბულაძე რომელიც ისტორიის მასწავლებელია, აღწერს თუ რამდენად მნიშვნელოვანია კრიტიკული აზროვნება სინამდვილის დადგენისათვის. მის პრაქტიკაში ბავშვებთან ის ხშირად სვამს დამაფიქრებელ შეკითხვებს ხოლო ბავშვებისაგან არგუმენტირებულ პასუხებს მოელის. „როცა საგაკვეთილო თემად გვქონდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა და მოსწავლეებისაგან მოვისმინე სხვადასხვა ურბანული მითი თუ სტერეოტიპული მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით, გადავწყვიტე, რომ აუცილებლად უნდა დამეგეგმა ისეთი გაკვეთილი და დამესვა ისეთი შეკითხვები, რომელიც დამეხმარებოდა არსებული სტერეოტიპების შეცვლაში.“ ერთ-ერთი შეკითხვა შემდეგნაირად არის ფორმულირებული – „როგორ ფიქრობთ, გეოგრიევსკის ტრაქტატში იქნებოდა თუ არა ის მუხლი, რომელიც მისცემდა რუსეთს საშუალებაში საქართველოში გაეუქმებინა მეფობა?“ მითები და სტერეოტიპები დღესაც ყოველდღიურად გვხვდება. ნინოს მოსწავლეებს კი მზად არიან მათ ამოსაცნობად.

5. მანანა კაპეტივაძე საკუთარ პრაქტიკაზე მსჯელობისას არაერთ აქტივობას აღწერს. მაგ. გონებრივი იერიში, ღია დაბოლოებიანი კითხვების გამოყენება, Facts or Opinions (ფაქტი თუ მოსაზრება – სადაც მოსწავლეები მასწავლებლის მიერ მოყვანილ მაგალითს განიხილავენ როგორც ფაქტს ან მოსაზრებას და უნდა დაამტკიცონ თუ რატომ არის ან ერთი ან მეორე) და Finish me stories ანუ „ტექსტს/მოთხრობას არ ვკითხულობთ ბოლომდე და მოსწავლეებს თავად ვთხოვ, მოიფიქრონ მისი დასასრული ან თავად რომ აღმოჩნდნენ მთავარი გმირის ადგილზე, როგორ მოიქცეოდნენ ამ თუ იმ სიტუაციაში.“

რაც ასევე მნიშვნელოვანია, კიდევ რამდენიმე ჩამოთვლილი აქტივობით, მანანა განმარტავს თუ როგორ უვითარებს მოსწავლეებს მოსმენის უნარს, რომელიც ერთ-ერთი ძირითადი უნარია 21-ე საუკუნეში.

6. თემო სუყაშვილი მოქალაქეობრივი უნარების განვითარებაზე მსჯელობს. გზამკვლევში მას მოყვანილი ჰყავს რამდენიმე წინაპირობა რომელიც დაკმაყოფილებული უნდა იყოს კრიტიკული აზროვნების განვითარებისათვის. პირველ რიგში, თემო საუბრობს უსაფრთხო სასწავლო გარემოს შესახებ. ამის შემდეგ, მსჯელობა ეხება შეკითხვების დასმის მნიშვნელობას. ბოლოს კი, განხილულია არაფორმალური განათლების საჭიროება. ამ საკითხების განხილვის შემდგომ მოყვანილია ძალიან საინტერესო მაგალითი მისი პრაქტიკიდან.

7. ნანა დაბრუნდაშვილი საკუთარ პრაქტიკაში პრობლემაზე დაფუძნებულ მიდგომას იყენებს. უფრო კონკრეტულად, ის მოსწავლეებს რეალურ, ცხოვრებისეული პრობლემების გადაწყვეტით ასწავლის კრიტიკულ აზროვნებას. გარდა ამისა, „მოსწავლეთათვის საპროგრამო საკითხებზე მუშაობა მოსაწყენი რომ არ იყოს, მათ ვთავაზობ მათემატიკურ სოფიზმებს და თავსატეხებს.“ აქვე, მოყვანილია მათემატიკური სოფიზმის არაერთი მაგალითი.

8. ელისო აბრამიშვილი აღწერს თუ როგორ ხდება კრიტიკული აზროვნების განვითარება ქიმიის გაკვეთილზე (როგორც ჩანს, ეს საკითხი მხოლოდ სამოქალაქო განათლებას არ ეხება). გზამკვლევში მას მოყვანილი ჰყავს ერთ-ერთი მაგალითი პოლიეთილენისა და მასთან დაკავშირებული მითებისა და სინამდვილის შესახებ.

გზამკვლევის დასაწყისში მოკლედ არის განმარტებული თუ რას ნიშნავს კრიტიკული აზროვნება. ამას მოსდევს აღწერა მასწავლებლის როლის შესახებ ამ უნარის განვითარებაში. მათ შორის, ტექნოლოგიების გამოყენების თაობაზე. გზამკვლევის ბოლოს კი დეტალურად არის აღწერილი თუ რატომ არის კრიტიკული აზროვნების განვითარება მნიშვნელოვანი.

გარდა ზემოხსნებული მასწავლებლებისა, განსაკუთრებული მადლობა გვსურს გადავუხადოთ ქალბატონ ნატალია ინგოროყვას, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის გზამკვლევის შემუშავებაში.

გზამკვლევის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსბით. გზამკვლევის შინაარსზე პასუხისმგებელია განათლების კოალიცია. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

„მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისთვის“ გზამკვლევი

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური