GE

განათლების კომიტეტმა, ვაშაძის კანონპროექტი რექტორების არჩევის წესზე, ინიციატორის დაუსწრებლად ჩააგდო

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა, რექტორის არჩევის წესსა და რექტორობისა და ნასამართლეობის საკითხის თავსებადობასთან დაკავშირებით, ფრაქცია რეფორმების ჯგუფის წევრ გიორგი ვაშაძის საკანონმდებლო ინიციატივას დისკრიმინაციული უწოდა, მხარი არ დაუჭირა და ჩააგდო.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატების – გიორგი ვაშაძის, პაატა მანჯგალაძისა და თეონა აქუბარდიას საკანონმდებლო ინიციატივის პირველი მოსმენა განათლების კომიტეტში დღეს, 22 ნოემბერს გაიმართა.

ვიდრე საკითხი კენჭისყრაზე დადგებოდა, მთავარმა მომხსენებელმა, გიორგი ვაშაძემ განმარტა, რომ ინიციატივა შეეხება უმაღლესი სასწავლებლებში რექტორის არჩევის წესს, რაც გულისხმობს, რომ უნივერსიტეტებში რექტორის არჩევა არა აკადემიური საბჭოს, არამედ პროფესორ-მასწავლებლების მიერ პირდაპირი წესით მოხდეს.

ვაშაძის თქმით, ინიციატივა ასევე გულისხმობს, რომ მძიმე დანაშაულის გამო ნასამართლევ პირს, ნასამართლეობის გაქარწყლების მიუხედავად, უნივერსიტეტის ხელმძღვანელის პოსტის დაკავების უფლება არ ჰქონდეს.

„ცვლილება ითვალისწინებს რექტორების პირდაპირი არჩევის წესს. დღეს რექტორები აირჩევა სამეცნიერო საბჭოების მიერ. ჩვენ გთავაზობთ, რომ რექტორები არჩეული იყოს პროფესორ-მასწავლებლების მიერ პირდაპირი ფარული კენჭისყრით, ოთხწლიანი ვადით… მეორე ცვლილებაა, რომ რექტორად არ შეიძლება იყოს არჩეული ადამიანი, რომელიც მძიმე დანაშაულისთვის არის ნასამართლევი. ჩვენი აზრით, თუ ამას გავაკეთებთ, ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, უმაღლესი სასწავლებლების დამოუკიდებლობას და პროფესორ-მასწავლებლების ჩართულობას უმაღლესი სასწავლებლების განვითარების პროცესში“, – განაცხადა ვაშაძემ.

მომხსენებლის მიერ, საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის შემდეგ, კანონში შესატან ცვლილებას ღიად დაუჭირა მხარი კომიტეტის წევრმა, დავით ზილფიმიანმა, რომელიც რექტორის იმპერატიული წესით დანიშვნას არ იწონებს.

„ცვლილება, რომელსაც ჩვენ გავაკეთებთ, მიმართული იქნება განათლების სისტემაში ხელმძღვანელი პირების – რექტორის იმპერატიული დანიშვნის დემოკრატიული ფორმით შეზღუდვისკენ, მე ამას მხარს დავუჭერ. ანუ რაც არ მომწონს არის ის, რომ კვლავაც ძალაშია იმპერატიული დანიშვნა – მინისტრი ნიშნავს რექტორს… თუკი, შემოვიტანთ ორი ან სამი კანდიდატის არსებობას, რამე ფორმით მივაღწევთ ამას, უკვე წინგადადგმული ნაბიჯი იქნება“, – აღნიშნა ზილფიმიანმა.

მისგან განსხვავებით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატების ინიცირებულ კანონპროექტს კატეგორიულად არ დაეთანხმა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ამილახვარი და მთავარ არგუმენტად საერთაშორისო პრაქტიკა დაასახელა.

მანვე აღნიშნა, რომ მიუღებელია ასევე ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ნასამართლევ პირს უნივერსიტეტის ხელმძღვანელის პოსტის დაკავების უფლება არ უნდა ჰქონდეს.

ამილახვარმა, რომელმაც კანონპროექტის ამ ნაწილში დისკრიმინაციის ნიშნები დაინახა, განაცხადა, რომ აღნიშნული მოთხოვნა კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაშია.

„კონსტიტუციის მე-11 მუხლთან ეს მუხლი წინააღმდეგობაში მოდის. საქართველოს კონსტიტუცია კრძალავს, კანონის წინაშე არსებითად თანასწორთა უთანასწოროდ ან არსებითად უთანასწოროთა თანასწორად მოპყრობას. უკვე არსებული კანონმდებლობით, სხვადასხვა საფეხურების, მათ შორის, უმაღლესი განათლების, ზოგადი განათლების, პროფესიული, სკოლამდელი განათლების – ყველგან არის ჩანაწერი, რომ გარკვეულ დანაშაულებზე, ეს ეხება ძირითადად სქესობრივ დანაშაულებს, არის შეზღუდვები. ის, რომ ნასამართლობის გაქარწყლების შემთხვევაშიც კი, არ უნდა მიეცეთ რექტორად არჩევის უფლება, ეს არის პირდაპირი დისკრიმინაცია… გვთავაზობთ, რომ ადმინისტრაციულ თავისუფლებაში ჩავერიოთ მაშინ, როდესაც პირდაპირი წარმომადგენლობა, რექტორის არჩევის წესს ვგულისხმობ, უკვე დაკომპლექტებულია აკადემიურ საბჭოში ყველა სუბიექტით…“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

აღნიშნულის შემდეგ, გიორგი ვაშაძემ კომიტეტის წევრებს კანონპროექტის პირველი მოსმენით მხარდაჭერისკენ მოუწოდა, თუმცა მან სხდომა კენჭისყრამდე რამდენიმე წუთით ადრე ისე დატოვა, რომ შედეგებს არ დაელოდა. უცნობია, დაარეგისტრირებს თუ არა დეპუტატი ხელმეორედ საკანონმდებლო ინიციატივას.

დღეს განათლების კომიტეტმა, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის გარდა, კენჭი უყარა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის ორ პროექტს და მხარი დაუჭირა. კანონპროექტები სტუდენტთა სტატუსის განსაზღვრასა და ოლიმპიური ჩემპიონების ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხვას შეეხებოდა.

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე, დღის წესრიგით, ასევე გათვალისწინებული იყო მიხეილ ჩხენკელის პირველი მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის მოსმენა, რომელსაც ესგ-ის დანერგვაზე, სკოლების მართვასა და ზოგადი განათლების დაფინანსების მოდელზე უნდა ესაუბრა. სხდომას არც დგებუაძე დასწრებია.

ამავე თემაზე:

რექტორობისა და ნასამართლეობის თავსებადობის საკითხი – საკანონმდებლო ინიციატივის დეტალები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური