GE

„განათლების მაღალი ხარისხი და მყარი ფუნდამენტი თავდაცვის ძალების გაძლიერებისთვის“ – საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სიახლეები, მიზნები და გეგმები

გაზრდილი სტიპენდია, მაღალი დონის სპეციალისტები, სასწავლო მივლინებები და უფასო განათლების შესაძლებლობა – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია ახალ სასწავლო წელს სიახლეებით იწყებს. ეთა-ს რექტორი მამია ბალახაძე EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ისეთი დონის სპეციალისტები, როგორიც თავდაცვის აკადემის ჰყავს, ქმნიან ძლიერ ოფიცერთა კორპუსს და მყარ ფუნდამენტს თავდაცვის ძალების გაძლიერებისა და განვითარებისთვის. ამ ტიპის თავდაცვის ძალები კი, ქვეყნისათვის ძლიერი საყრდენია, როგორც რეგიონალურ, ასევე საერთაშორისო დონეზე ასპარეზობისთვის.

-რა სიახლეებით იწყებს ეროვნული თავდაცვის აკადემია სასწავლო წელს, როგორც ვიცით, განახლდა ინფრასტრუქტურაც…

– მამია ბალახაძე: აკადემიაში ახალი სასწავლო წელი პრაქტიკულად, სასწავლო აუდიტორიებში ხორციელდება. წელს პირველად მივიღეთ იუნკერები მექანიკის ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამაზე და წელსვე აკრედიტაცია გაიარა მაგისტრატურის ორმა საგანმანათლებლო პროგრამამ – უსაფრთხოების კვლევები და სახელმწიფო რესურსების მართვა. ამ პროგრამებზეც წელს გვქონდა პირველი მიღება.

შეიძლება ითქვას, რომ აკადემია იუნკრებს წელს ხვდება სრულიად განახლებული და გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით. ინფრასტრუქტურის გარდა, იუნკრებს წელს ჩვენ ასევე ვთავაზობთ ბევრ სხვა განახლებულ და გაუმჯობესებულ, არანაკლებ მნიშვნელოვან სერვისებს და მომსახურებას. პირველ რიგში აღსანიშნავია სტიპენდია, რომელიც წინა წელთან შედარებით, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. მოგეხსენებათ, რომ აკადემიაში ყველა იუნკერი იღებს ფიქსირებულ სტიპენდიას, მიუხედავად სწავლის შედეგებისა, ხოლო ის იუნკრები, რომლებიც სწავლის უკეთეს შედეგებს აჩვენებენ, იღებენ ასევე დამატებით სტიპენდიას (იუნკრებთან ერთად ასევე სტიპენდია ეძლევათ საკანდიდატო კურსის მსმენელებს). ჩვენ, ასევე შევიმუშავეთ გარე სტიპენდიის მოპოვების შესაბამისი წესი, რაც ასევე დამატებითი სტიმულია ბეჯითი იუნკრებისთვის.

აკადემია იუნკრებს სთავაზობს სასწავლო მივლინებებს ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში, წამყვან სამხედრო სასწავლებლებში, როგორც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, ასევე ამერიკასა და კანადაში. იუნკრები აქტიურად არიან ჩართულები როგორც სასწავლო, ისე სამეცნიერო პროცესში. ამ უკანასკნელის ჭრილში გამოვყოფდი ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებს, რომელთა რიცხვი და ჩატარების ხარისხი მნიშვნელოვნად გაზრდილია წინა წლებთან შედარებით. გაღრმავდა საერთაშორისო ურთიერთობები და გაიზარდა პარტნიორი ქვეყნების რიცხვი, რაც საშუალებას აძლევს იუნკერს, უფრო მეტ ქვეყანაში მიიღოს მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში.

აკადემიაში დაწესდა საზღვარგარეთ მივლინებული იუნკრების სანივთე და ფულადი უზრუნველყოფა, რაც ასევე სიახლე წარმოადგენს. იუნკერებისათვის უფრო მეტი ღონისძიება ეწყობა საჯარო ლექციების ფორმატის ფარგლებში, სხვადასხვა სექტორის ხელმძღვანელებთან შეხვედრისა და სპიკერის ფორმატში ლექციის გამართვის/ჩატარების/წარდგენის კუთხით.

იუნკრებისთვის ხელმისაწვდომი ისეთი სახის სერვისები, როგორებიცაა: სტუდენტური კვირეულები საზღვარგარეთ სამხედრო სასწავლებლებში; სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტების და სერვისების მონახულება; სამეცნიერო კონფერენციები; ოფიციალურ დღესასწაულებთან და ისტორიული მნიშვნელობის მოვლენებთან დაკავშირებული ცერემონიები; სტუდენტური დღეები; შეხვედრები თავდაცვის ძალების მაღალი რანგის პირებთან, სახელმწიფო მოხელეებთან, უცხოელ სტუმრებთან, კულტურისა და მეცნიერების წარმომადგენლებთან; უნივერსიადა; „განათლების გამოფენა“; თავდაცვის ძალების ეგიდით ჩატარებული სპორტული შეჯიბრებები; სტუდენტური პროექტი „იდებატე!“; ინტელექტუალური თამაშები; სატელევიზიო გადაცემები; აკადემიის საზაფხულო სკოლა; თეატრი და კინო; ეროვნული თავდაცვის აკადემიის მუსიკალური ჯგუფი; ხატვის წრე და ბოლოს, მეტი მრავალფეროვნებისათვის, აკადემიაში ჩარიცხულ იუნკრებს, საშუალება ექნებათ ისარგებლონ სამხედრო საგამოფენო სივრცით, რომელიც ისტორიული ქრონოლოგიით ასახავს აკადემიის განვლილ გზას დაარსებიდან -დღემდე.

– როგორ აქვს აკადემიას უზრუნველყოფილი იუნკრებისთვის დისტანციური სწავლების შესაძლებლობა, მისი საჭიროების შემთხვევაში?

– აკადემიაში ჩამოყალიბდა დისტანციური სასწავლო ცენტრი დისტანციური სწავლების ეფექტური მართვის მიზნით, რაც, მოგეხსენებათ, მნიშვნელოვანია განსაკუთრებით დღევანდელი პანდემიის პირობებში, ან სხვა საჭიროების შემთხვევაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აკადემია იყო ერთ-ერთი იმ სასწავლებელთა მეწინავე რიგებში, რომელთაც მყისიერად მოახდინეს რეაგირება და უმოკლეს ვადებში შეძლეს დისტანციური სწავლების რეჟიმში გადასვლა გასულ წელს, პანდემიის გამოცხადებისთანავე. აკადემია ყველა იუნკერს უზრუნველყოფს პერსონალური ნოუთბუქით და საჭიროების შემთხვევაში ინტერნეტით, რომ არ მოხდეს იუნკერისათვის სასწავლო პროცესის შეფერხება დისტანციური სწავლების რეჟიმში.

სიახლეა აგრეთვე ის რომ, აკადემიის ყველა იუნკერს წელს აქვს წვდომა ელექტრონულ ბიბლიოთეკაზე საქართველოში არსებულ ყველა აკრედიტებულ ბაზაზე, მათ შორის მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკაზე, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებზე.

– რადგან პანდემიას შეეხეთ, რამდენად აქტიურადაა ჩართული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში თქვენი აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი?

– ვაქცინაცია ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში აპრილის თვეში დაიწყო, ამჟამად ეროვნული თავდაცვის აკადემიის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის პირადი შემადგენლობის აბსოლიტური უმრავლესობა ვაქცინირებულია. ძირითადი აუცრელი მაჩვენებელი მოდის უზრუნველყოფის სამსახურზე და ამის ძირითადი მიზეზებია: ჯანმრთელობის მდგომარეობა-ექიმის რეკომენდაცია, მწვავე ალერგიული რეაქციის ისტორია COVID- 19 ვაქცინის რომელიმე კომპონენტზე.

– ვინაიდან ამბობთ, რომ აკადემიაში სტუდენტური ცხოვრებისთვის ყველა საჭირო პირობაა შექმნილი, რას ეტყოდით ახალბედებს, რა უნდა გაითვალისწინონ პირველკურსელებმა, როგორი უნდა იყოს მათი მომზადება, რომ წარმატებული იუნკერები გახდნენ?

– იუნკერები, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ჩაბარებით, გადადიან ცხოვრების ახალ ეტაპზე სადაც სწავლობენ დამოუკიდებელ ცხოვრებას. ყველაფერი მათ მონდომებასა და მოტივაციაზეა დამოკიდებული. რამდენადაც დაიხარჯებიან, იმდენად დაუფასდებათ და იქნებიან წარმატებულები.

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მათ ეძლევათ საშუალება, მიიღონ როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო განათლება, რისთვისაც შექმნილია ყველა პირობა. ასევე, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე იუნკერებს, ეძლევათ საშუალება, რომ სწავლა გააგრძელონ საზღვარგარეთის ქვეყნებში (ა.შ.შ, საფრანგეთი, გერმანია და სხვა), მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო ტრენინგებსა თუ გაცვლით პროგრამებში (ენის ბარიერის მქონე პირებს, შეუძლიათ ისწავლონ უცხო ენა ინდივიდუალური სპეციალური პროგრამით). ვფიქრობ, მომავალმა ოფიცერმა, რომელიც ეროვნული თავდაცვის აკადემიას ამთავრებს, არანაკლებ 2 უცხო ენა უნდა იცოდეს, რათა შესაბამის მოთხოვნებს პასუხობდეს.

რაც შეეხება სასწავლო პროცესს, აკადემია გადასულია 3+1-ის საბაკალავრო პროგრამაზე. პირველი სამი წლის განმავლობაში, იუნკრები ეუფლებიან ბაკალავრიატის საგამანათლებლო პროგრამებს და ყოველი სასწავლო წლის ბოლოს აქვთ საზაფხულო საველე შეკრებები (მარტოხელა მებრძოლის კურსი, სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი და სხვა). ამ დროის განმავლობაში, მათზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ შეისწავლიან არჩეულ საბაკალავრო პროგრამას და დაეუფლებიან სამოქალაქო უმაღლეს განათლებას.

სასწავლო ბატალიონში მოქმედებს ლიდერობის ჩამოყალიბების სისტემა, სადაც ყველა იუნკერი გადის განვითარების რამოდენიმე ეტაპს. ამ სისტემაში გაერთიანებული პროგრამების თეორიული და პრაქტიკული კომპონენტები იუნკრებს აძლევს საშუალებას გამოიმუშავონ ლიდერისათვის დამახასიათებელი აუცილებელი უნარ-ჩვევები. მეოთხე სასწავლო წელი ითვალისწინებს მხოლოდ სამხედრო სპეციალობის სწავლებას, რომლის დროსაც გამოიმუშავებენ ოცეულის მეთაურის ლიდერულ უნარჩვევებს.

ასევე, სასწავლო ბატალიონში მოქმედებს სპორტული სექციები, სადაც სურვილისამებრ, შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა და დაეუფლონ მათთვის სასურველ სპორტულ სახეობას, ესენია: ცურვა, ხელჩართული ბრძოლა, ძიუდო, ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, რაგბი, თავისუფალი ჭიდაობა და კრივი.

– საბაკალავრო პროგრამებზე სტუდენტთან 10-წლიან კონტრაქტი ფორმდება, რაც ითვალისწინებს 4-წლიან სწავლებასა და 6-წლიან სამხედრო საკონტრაქტო სამსახურს, ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, რა შესაძლებლობები არსებობს ახალგაზრდისთვის, რომ სამხედრო სამსახურში დარჩეს?

– საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდგომ, იუნკრებს ენიჭებათ პირველადი სამხედრო წოდება „ლეიტენანტი“ და ინიშნებიან წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის სასწავლო კურსებზე, სადაც ისინი გადიან სპეციალიზაციის კურსებს დაახლოებით 1 წლის პერიოდში, სამხედრო გვარეობების შესაბამისად (იუნკერს საბაკალავრო პროგრამის დასრულებამდე აკადემიური მოსწრების რეიტინგის შესაბამისად ეძლევა შესაძლებლობა, თავად აირჩიოს სასურველი სამხედრო გვარეობა). აღნიშნული სპეციალიზაციის კურსებზე სწავლა ასევე შედის საბაკალავრო განათლების დასრულების შემდგომ 6- წლიან საკონტრაქტო პერიოდში.

სპეციალიზაციის კურსის დასრულების შემდგომ, სამხედრო სამსახურის გავლის მიზნით, ხორციელდება მათი თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფებში გადანაწილება/დანიშვნა და პრაქტიკულად ამ დროიდან იწყებენ უკვე როგორც ოფიცრები მსახურს თავდაცვის ძალების რიგებში.

სამსახურის პერიოდში ოფიცრებს, „ოფიცერთა სამხედრო განათლების კონცეფციის“ შესაბამისად, საშუალება ეძლევათ გაიღრმავონ საკუთარი ცოდნა, სამხედრო უნარჩევევები და წარგზავნილ იქნენ საკარიერო კურსებზე და პროგრამებზე როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ: კაპიტნის საკარიერო მომზადების პროგრამაზე (სამხედრო განათლების II საფეხური), ოფიცერთა შუალედური სამხედრო განათლების პროგრამაზე (ტაქტიკურ-ოპერატიული დონე) და ოფიცერთა უმაღლესი სამხედრო განათლების პროგრამაზე (სტრატეგიული დონე), ასევე უცხო ენის შემსწავლელ კურსებზე.

საკარიერო კურსების გარდა, თავდაცვის ძალები იძლევა უამრავი სხვა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების, ტრენინგების, კონფერენციების და სემინარებზე დასწრების საშუალებას, რაც ასევე ძალზედ საინტერესოს და მიმზიდველს ხდის ჩვენს სამსახურში ყოფნას. სამხედრო სამსახურის პერიოდში გარანტირებულად ხორციელდება ოფიცრების ხელფასით და დაზღვევით უზრუნველყოფა, მათი და მათი ოჯახის წევრთა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის დაფინანსება, ხოლო მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში, სტიპენდიის გაცემა, ასევე საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სოციალური მხარდაჭერის განხორციელება.

ყოველივე ზემოაღნიშნული, მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ გარდა იმისა, რომ იუნკრებს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სწავლის პერიოდში გააჩნიათ სწავლის და სამომავლო კარიერის შექმნის უამრავი შესაძლებლობები, ასევე, აკადემიის დასრულებისთანავე, ოფიცრები პირველი საკონტრაქტო ვადის ამოწურვის შემდეგაც (ვგულისხმობ სწავლის შემდგომ სამსახურის 6 წლიან პერიოდს) სარგებლობენ საკმაოდ მრავალმხრივი და ეტაპობრივად ზრდადი კარიერის შექმნის შესაძლებლობებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვრებს გარეთა მიღებული ცოდნის საფუძველზეც.

– უფრო მეტად რომ დააზუსტოთ, რა შესაძლებლობებს აძლევს აკადემია სტუდენტებს საერთაშორისო ასპარეზზე, რომელ საერთაშორისო პროექტებში ხართ ჩართული და რას სთავაზობთ წლევანდელ სტუდენტებს გაცვლით პროგრამების კუთხით?

– საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია მუდმივად ზრუნავს, რათა გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, აკადემიის იუნკერებმა/მსმენელებმა რეგულარულად მიიღონ მონაწილეობა ქვეყნის ფარგლებს გარეთ პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საერთაშორისო პროგრამების მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა სახის ღონისძიებებში.

ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმებისა და ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში, აკადემიის იუნკრები ყოველწლიურად მონაწილეობენ უცხოეთის პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებულ მოკლევადიან და გრძელვადიან სამხედრო სწავლებებში და აკადემიურ კურსებში. მსგავსი კურსები მოიცავს ისეთ ღონისძიებებს როგორიცაა: საერთაშორისო კვირეულები ლატვიის თავდაცვის აკადემიაში, ლიეტუვის სამხედრო აკადემიაში, რუმინეთის სახმელეთო ძალების აკადემიაში, კანადის სენ-ჟანის სამეფო სამხედრო კოლეჯში, თურქეთის სახმელეთო ძალების აკადემიაში და აშშ-ის სამხედრო აკადემიაში (ვესტ პოინტი); სამხედრო სტაჟირების პროგრამები საფრანგეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში; სამხედრო თემატიკის კურსები იტალიაში, ლიეტუვაში ლატვიაში, რუმინეთსა და სხვა პარტნიორ ქვეყნებში; აკადემიის იუნკრები ინტენსიურად მონაწილეობენ პარტნიორ ქვეყნებში გამართულ სიმპოზიუმებსა და საერთაშორისო კონფერენციებში, რაც უზრუნველყოფს მათ აქტიურ ჩართულობას და ინფორმირებულობას მსოფლიოში მიმდინარე აქტუალური საკითხების შესახებ.

გარდა მოკლევადიანი კურსებისა, აკადემიის იუნკრები გრძელვადიან საბაკალავრო პროგრამებზე სწავლობენ შემდეგ სამხედრო აკადემიებში – აშშ-ის სამხედრო აკადემია, საფრანგეთის სენ სირის სპეციალური სამხედრო სკოლა, გერმანიის ბუნდესვერის უნივერსიტეტი, კანადის სენ-ჟანის სამეფო სამხედრო კოლეჯი და თურქეთის სამხედრო აკადემია.

ორმხრივი თანამშრომლობის გარდა, აკადემია აქტიურად თანამშრომლობს რუმინეთის, ბულგარეთისა და უნგრეთის აკადემიებთან „Erasmus+“-ის პროგრამის ფარგლებში, რაც კიდევ უფრო ზრდის შესაძლებლობას ჩვენი იუნკერებისთვის, ჩართული იყვნენ მრავალფეროვან საგანმანათლებლო ღონისძიებებში. 2014 წლიდან მოყოლებული, აკადემიაში ტარდება კადეტთა საერთაშორისო კვირეული. ღონისძიების ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა აკადემიური, შემეცნებითი, სპორტული, სამხედრო და სოციალურ-კულტურული აქტივობა, რომლის მიზანსაც საერთაშორისო ასპარეზზე აკადემიის შესახებ ცნობადობის ამაღლება და იუნკრების უცხოელ კადეტებთან დამეგობრება წარმოადგენს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აკადემიის იუნკრებს აქვთ მრავალი შესაძლებლობა ჩაერთონ საერთაშორისო პარტნიორ ქვეყნებთან დაგეგმილ საგანმანათლებლო ღონისძიებებში, მიიღონ თეორიული ცოდნა, პრაქტიკული გამოცდილება და დაამყარონ კავშირები მსოფლიოს წამყვანი სამხედრო აკადემიების კადეტებთან.

-რა არის მთავარი, რასაც იუნკერს ეროვნული თავდაცვის აკადემია სწავლებისას სთავაზობს, ანუ რა უპირატესობა აქვს მას, როგორც სპეციალისტს, თავდაცვის ძალების და ქვეყნის სამსახურისთვის?

-აკადემიის კურსდამთავრებული გამოირჩევა მიღებული განათლების მაღალი ხარისხით, რაც ავტომატურად განაპირობებს მის კონკურენტუნარიანობას. ასეთი დონის სპეციალისტის უპირატესობა გამოიხატება იმაში, რომ მას სხვა უმაღლესდამთავრებულ ბაკალავრთან შედარებით, აკადემიის დამთავრებისთანავე უკვე აქვს ორი სპეციალობა, სამხედრო და სამოქალაქო. იგი არის გონებრივად და ფიზიკურად კარგად განვითარებული, დისციპლინირებული და მოტივირებული, რაც ნებისმიერი დარგის სპეციალისტის წარმატების აუცილებელი წინაპირობაა. მის წარმატებას ხელს უწყობს თავდაცვის ძალებში არსებულ სამაგისტრო საფეხურზე უფასო განათლების შესაძლებლობა. ასევე, უფასოდ, საქართველოში და საზღვარგარეთ სხვადასხვა დონის საკარიერო კურსების გავლის შესაძლებლობა.
ასეთი დონის სპეციალისტები ქმნიან ძლიერ ოფიცერთა კორპუსს და მყარ ფუნდამენტს თავდაცვის ძალების გაძლიერებისა და განვითარებისთვის. ამ ტიპის თავდაცვის ძალები კი, ქვეყნისათვის ძლიერი საყრდენია როგორც რეგიონალურ, ასევე საერთაშორისო დონეზე ასპარეზობისთვის.

ეროვნული თავდაცვის აკადემიის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური