GE

განათლების მინისტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს მიმართავს

დღეს, 4 ივლისს 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. გამოცდებს აბიტურიენტები, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეები, მაგისტრანტობის კანდიდატები, მასწავლებლობისა და პედაგოგის სტატუსის ამაღლების მსურველები ჩააბარებენ.

4 ივლისს გამოცდები აბიტურიენტებისათვის ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.

„თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი და მჯერა, თქვენი პროფესიონალიზმით არაერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“ – ასე მიმართა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა  ეროვნულ გამოცდებზე გამსვლელებს და გამოცდებში ჩართულ სახელმწიფო უწყებებს  მადლობა გადაუხადა.

„ჩვენთვის ეს პერიოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ამაღელვებელია, რადგან დღეს აბიტურიენტებისთვის ცხოვრების ახალი, მეტად საპასუხისმგებლო ეტაპი იწყება.

მსურს, გულითადი მადლობა გადავუხადო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს და ყველა იმ უწყების წარმომადგენლებს, რომლებიც ჩართულნი არიან გამოცდების ორგანიზების პროცესში. სწორედ თქვენი დამსახურებაა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცდებისთვის მშვიდი, კომფორტული და აკადემიური გარემოა უზრუნველყოფილი, რაც თითოეულ გამოსაცდელს თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის შესაძლებლობას აძლევს.

მინდა, წარმატებები ვუსურვო თითოეულ აბიტურიენტს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეებს, მაგისტრანტობის კანდიდატებს, მასწავლებლობისა და პედაგოგის სტატუსის ამაღლების მსურველებს!“ – ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

4 ივლისს, 2022 წლის ზაფხულის ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის სავალდებულო გამოცდით დღეს დაიწყო და 27 ივლისს საერთო სამაგისტრო გამოცდით დასრულდება.

2022 წლის ზაფხულის გამოცდებში მონაწილეობის სურვილი ჯამურად 90 000-მა პირმა გამოთქვა: ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის წელს 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა; სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირებულია 2 500-ზე მეტი სტუდენტი; საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის 9 500-ზე მეტი აპლიკანტი; ხოლო მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდის ჩასაბარებლად სულ 35 500-ზე მეტი მსურველია დარეგისტრირებული (საგნის გამოცდა 19 500-მდე მსურველმა აირჩია, 2 500-ზე მეტმა – უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა, ხოლო 12 500-ზე მეტმა – წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გამოცდა).

ასევე იხილეთ:

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური