GE

განათლების მინისტრის პოსტზე მიხეილ ჩხენკელი პარლამენტს მეოთხედ წარედგინა

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მმართველი პარტიის მიერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მეორედ დასახელებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრობის ახალი კანდიდატები დაასახელა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, პარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში, კვლავ მიხეილ ჩხენკელი იქნება და ის ამ პოსტს “ქართული ოცნების” მმართველობის დროს მეოთხედ დაიკავებს.

მიხეილ ჩხენკელი განათლების მინისტრად პირველად 2017 წლის 13 ნოემბერს, მეორედ კი 2019 წლის 13 ნოემბერს დაინიშნა, მესამედ მის კანდიდატურას კენჭი პარლამენტმა მაშინ უყურა, როდესაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მინისტრთა კაბინეტი ახლადარჩეულ საკანონმდებლო ორგანოს, იუსტიციის მინისტრის გამოკლებით, უცვლელი შემადგენლობით წარუდგინა.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პარლამენტი ახალ პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის შემადგენლობას ორშაბათს დაამტკიცებს.

„ხვალ და ზეგ ჩაინიშნება კომიტეტების გაერთიანებული სხდომები, სადაც მოვუსმენთ პრემიერ-მინისტრისა და სამთავრობო პროგრამას. ორშაბათიდან უკვე მოხდება ფრაქციასთან და ოპოზიციურ ჯგუფებთან შეხვედრა და შემდგომ, ორშაბათსვე ჩაინიშნება პლენარული სხდომა, სადაც მოხდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისა და სამთავრობო პროგრამის განხილვა და დამტკიცება. საჭირო არის სიითი შემადგენლობის ერთი მესამედი, 76 ხმა და ეს მხარდაჭერა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ექნება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური