GE

განათლების მინისტრისთვის ვერდასმული კითხვა – „ამ ადამიანებს რას გვიპირებთ ბატონო მინისტრო..?“

მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტში მისულ მიხეილ ჩხენკელს არაერთი მასწავლებლის ინტერესის მატარებელი კითხვა, ერთი მასწავლებლის ხმა ვერ მიაწვდინეს.

ჩხენკელის გამოსვლამდე, პირველ დეკემბერს, EDU.ARIS.GE-ს შეკითხვებითა და თხოვნით, რომ აღნიშნული საკითხი განათლების უწყების პირველ პირამდე მიგვეტანა, რამდენიმე მოქალაქე დაუკავშირდა. ერთერთი შეკითხვა, რომლის ავტორიც პრაქტიკოსი პედაგოგი გახლდათ, სწორედ მათ ბედს უკავშირდებოდა. ვინაიდან მინისტრის საათის ფორმატი ჟურნალისტების მიერ კითხვების დასმას არ ითვალისწინებს, EDU.ARIS.GE-მ კითხვა ერთერთ დეპუტატს მიწოდა, თუმცა მისი გაჟღერება ვერ მოესწრო.

„რას გვიპირებს იმ 7 000 პრაქტიკოს პედაგოგს რომელსაც 15 იანვრიდან ხელშეკრულება გვიწყდება და 16 დეკემბრიდან ვაკანსიები იდება“, – მინისტრისთვის ვერ დასმულ შეკითხვად იქცა.

ამ კონკრეტული შეკითხვის ვერ დასმის მიუხედავად, მინისტრის საათის ფორმატში, პრაქტიკოსი მასწავლებლების საკითხმა სხვა კონტექსტში გაიჟღერა და მინისტრის პოზიცია, როგორც EDU.ARIS.GE-ს მკითხველმა უკვე იცის ასეთი იყო: „მასწავლებელი, რომელიც კომპეტენციის ზღვარს ვერ გადალახავს, ჩვენი შვილების მასწავლებელი არ უნდა იყოს და არც იქნება!“.

დღეს მოქმედი მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში პრაქტიკოსის სტატუსი უკვე გაუქმებულია, ის მოქმედი, აწ უკვე ყოფილი პრაქტიკოსი მასწავლებლები კი, რომელთაც წელს ჩატარებულ საგნის გამოცდაზე კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახეს სკოლის დატოვების წინაშე დგანან. მათ ადგილას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება კონკურსს იანვრიდან გამოაცხადებს, და თუკი შესაბამისი კანდიდატის პოვნა მოხერხდა, დღეს მოქმედი უკვე უსტატუსო პედაგოგი სკოლას დატოვებს.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მიხეილ ჩხენკელმა, პირველ დეკემბერს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების დღეს არსებული მოდელის გადახედვა დააანონსა, თუმცა ჯერ უცნობია, იქნება თუ არა ამ ახალ მიდგომაში ზემოთხსენებული მასწავლებლების ადგილი.

2021 წელს (მასწავლებლსი სახლის მიერ EDU.ARIS.GE-სთვის მიწოდებული ინფორმაციით), პრაქტიკოსის სტატუსის მქონე მასწავლებლის საგნის გამოცდაზე 7327 მასწავლებელი დარეგისტრირდა, გამოცდაზე კი გავიდა 5340. გამოცდაზე გასული მასწავლებლებიდან სტატუსი აიმაღლა და გახდა უფროსი – 1123 მასწავლებელი, საიდანაც 1079-ს სტატუსი სექტემბრის ბოლოს მიენიჭა, 44 მასწავლებელს კი ოქტომბრის დასაწყისში. გამოცდაზე გასულებიდან 2 886-მა მასწავლებელმა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა. ასევე, პროფესიული უნარების გამოცდაში ზღვარი ვერ გადალახა 2 365-მა მასწავლებელმა.  საგნის კომპეტენციის დადასტურებისთვის გამოცდაზე გასული პრაქტიკოსებიდან ერთი ან ნახევარი ქულა დააკლდა 264 პედაგოგს; უნარების კომპეტენციის დადასტურებისთვის კი, გამოცდაზე გასული პრაქტიკოსებიდან ერთი ან ნახევარი ქულა დააკლდა 156 პედაგოგს.

ამავე თემაზე:

„მასწავლებელი, რომელიც კომპეტენციის ზღვარს ვერ გადალახავს, ჩვენი შვილების მასწავლებელი არ უნდა იყოს და არც იქნება!“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური