GE

განათლების მინისტრთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ძალიან მალე იქნება მიღებული

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის  მინისტრის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება და გადაწყვეტილება ძალიან მალე გახდება ცნობილი.

„რაც შეეხება განათლების მინისტრის კანდიდატურას, კონკრეტულ გვარებს არ დავასახელებ, ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა. განიხილება რამდენიმე კანდიდატი და გადაწყვეტილება იქნება კონსულტაციების გზით მიღებული ძალიან მალე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, მინისტრთა კაბინეტის ცვლილებები პრემიერის პრეროგატივაა, თუმცა საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები „ქართულ ოცნებაში “ მიმდინარეობს.

„პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას და კაბინეტის შემადგენლობას. როდესაც გიორგი გახარია დავამტკიცეთ, გამოვუცხადეთ ნდობა. შესაბამისად, კანონმდებლობით პრემიერ-მინისტრს აქვს კომპეტენცია, თავად გააკეთოს ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში, თუ ასეთ საჭიროებას ხედავს. ამას დამატებითი დამტკიცება პარლამენტის მხრიდან, ან პარლამენტის ჩართულობა ოფიციალურად არ სჭირდება. რაც შეეხება პოლიტიკურ კონსულტაციებს, რა თქმა უნდა, ნებისმიერ კანდიდატურასთან დაკავშირებით პოლიტიკური კონსულტაციები მიმდინარეობს „ქართულ ოცნებაში“ და ამ შემთხვევაშიც იქნება გადაწყვეტილება მიღებული კონსულტაციების გზით. ჯერ კონსულტაციები არ არის დასრულებული, მაგრამ ვფიქრობ, რამდენიმე დღეში დასრულდება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

განათლების, მეცნირების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობა 7 ნოემბერს დატოვა.

თამთა ვირსალაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური