GE
განათლების სამინისტრო არასწორად მინიჭებულ სტატუსებს სპეცმასწავლებლებს უკან ართმევს

საჯარო სკოლების სპეცმაწავლებლების ნაწილს, eshcool-ის ბაზაში სტატუსები აუმაღლდათ და გამოცდის გარეშე, უფროსი მასწავლებლები გახდნენ. პედაგოგების სიხარული ნაადრევი გამოდგა, რადგან აღმოჩნდა, რომ სამინისტროს ბაზებში შეცდომა გაიპარა და სტატუსების მინიჭება არასწორად მოხდა.

სპეციალურ მასწავლებლებს ბაზაში სტატუსი ისე გამოუჩნდათ და შემდეგ გაუქრათ, მათთვის ახსნა განმარტება არავის გაუკეთებია, თუ არ ჩავთვლით, ერთ-ერთ ჯგუფში მასწავლებლის სახლის თანამშრომლის მიერ გამოქვეყნებულ შეტყობინებას.

„მოგესალმებით, როგორც იცით, 12 უფროსი სპეციალური მასწავლებელი გვყავს. ბაზაში მოხდა შეცდომა და ვიღაცებს, სტატუსად აესახათ, რომ არიან „უფროსები“, ძალიან გთხოვთ, ვინც ხართ ასეთი, ვისაც მიღებული კანონის ფარგლებში აგესახათ, მაგრამ არ ხართ უფროსი სპეციალური მასწავლებელი, ან აქ დააკომენტარეთ, ან დამირეკეთ. მაინც გასწორდება ბაზა და დროში გაწელილი პროცესი რომ არ იყოს, თქვენც დაგვეხმარეთ“, – წერს მასწავლებლის სახლის წარმომადგენელი.

სტატუსის ცვლილების შესახებ ინფორმაცია პედაგოგებმა 25 დეკემბერს ნახეს, ჩვენი ერთ-ერთი რესპონდენტი აცხადებს, რომ ბევრ სპეცმასწავლებელს იცნობს და სტატუსი ყველა მათგანს აესახა. თუმცა არიან სპეცმასწავლებლები, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ სტატუსში არანაირი ცვლილება არ მომხდარა.

„ორშაბათს ვნახე, რომ სტატუსი იყო ასახული, ეწერა უფროსი მასწავლებელი, გამიხარდა, მაგრამ შემდეგ რომ შევამოწმე იყო შეცვლილი. ავტომატურად მოხდა ყველაფერი, არანაირი შეტყობინება არც ჩემთან, არც სკოლაში არ მოსულა, არც ახსნა- განმარტება გაუკეთებია ვინმეს. უბრალოდ სპეციალურ მასწავლებელთა ასოციაციის ჯგუფში დაწერა ერთ- ერთმა ადამიანმა, რომ ეს იყო შეცდომა. უმრავლესობას, ვისაც ვიცნობ ყველას აესახა სტატუსის ცვლილება და უკვე გასწორებულია“, – ამბობს სპეციალური მასწავლებელი EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

EDU.ARIS.GE-ს მასწავლებლის სახლში განუცხადეს, რომ EMIS-ის ბაზაში მოხდა შეცდომა და ტექნიკური ხარვეზის გამო მასწავლებლებს შეცდომით აესახათ სტატუსები, რაც უკვე გასწორებულია. ამ ეტაპზე უცნობია რამდენ პედაგოგს აუმაღლდა შეცდომით სტატუსი. ქვეყანაში სულ 2000-მდე სპეცმასწავლებელია აღრიცხული, მათგან უფროსის სტატუსი ამ ეტაპზე 12-ს აქვს მინიჭებული.

სამინისტრო: უფროსი და წამყვანი სპეციალური მასწავლებლები 2021 წლიდან სტატუსის შესაბამის დანამატს აიღებენ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
თამთა არის© ვირსალაძე Aris.ge-განათლების ჟურნალისტი