GE

განათლების სამინისტრო: ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი ეროვნული სისტემის მოდელი შემუშავდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის „არც ერთი ბავშვი განათლების გარეშე“, ფარგლებში ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი ეროვნული სისტემის მოდელი შემუშავდა.

როგორც სამ დეკემბერს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, პროექტის ფარგლებში, ნორვეგიელი ექსპერტების მონაწილეობით, ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი სისტემის სტრუქტურა და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი შემუშავდა.

განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ დაგეგმილი პროექტის შესაბამისად, სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში დაგეგმილია ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ეროვნული სისტემის მაკოორდინირებელი სტრუქტურული ერთეულის შექმნა.

„ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი ეროვნული სისტემის მოდელი გულისხმობს სხვადასხვა პასუხისმგებლობისა და მომსახურების ერთ სივრცეში მობილიზებას, რაც უფრო მეტად შეუწყობს ხელს არსებული რესურსების კოორდინირებულად მართვას, ეფექტიანად გამოყენებასა და კომპეტენციების ფოკუსირებულად გაძლიერებას. ამასთან, ახალი სისტემა უზრუნველყოფს რესურსსკოლების გაძლიერებას, საჯარო სკოლების კონსულტირების კომპონენტის გაუმჯობესებას, ეფექტიანი ოპერაციული გუნდების ფორმირებასა და საჭიროებების შესაბამისად, ახალი მხარდამჭერი სერვისების განვითარებას.

„ახალი სისტემის დანერგვა ასევე ითვალისწინებს საფუძვლიან, თანმიმდევრულ და თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე მორგებულ მრავალმხრივ საგანმანათლებლო მხარდაჭერასა და სასწავლო გარემოში ინკლუზიური განათლების პრაქტიკის ხარისხის გაუმჯობესებას. შედეგად, გაიზრდება საჯარო სკოლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა“, – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი, ნორვეგიის სამეფოს ელჩს, ჰელენ სანდ ანდრესენსა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს, ღასან ხალილს შეხვდა, სადაც მხარეებმა დეტალურად განიხილეს პროექტი და ახალი ეროვნული ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი სისტემის მოდელის დანერგვის მიზნით შემდგომ ერთობლივ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური