GE

განათლების სამინისტრო ინკლუზიური განათლების ონლაინ ტრენინგისთვის 20 000 ლარს გადაიხდის

განათლების და მეცნიერების სამინისტრო ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის 50 წევრის ვორქშოფის ჩატარებისთვის ტენდერს აცხადებს და 20 000 ლარის გადახდას გეგმავს. წინადადებების მიღება დღეს, 20 ივლისს სრულდება. მულტიდისციპლინური გუნდის წევრები, ონლაინ ფორმატით, განვითარების შესაფასებელი ქართულ ნორმებზე ადაპტირებული ტესტის ჩატარებას და ინტერპრეტაციას შეისწავლიან.

ვორქშოფით მომსახურების უზრუნველყოფა სამინისტროს შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული პირებისთვის უნდა განხორციელდეს, რომელთა რაოდენობა 50 ადამიანს შეადგენს. ვორქშოფი უნდა ჩატარდეს 2 ჯგუფისთვის (სულ 50 ადამიანი, თითოეულ ჯგუფში – 25 პერსონა). ვორქშოფის ჩატარების სრული საათების რაოდენობაა 126 საათი.

ვორქშოფის თემატიკა: ბავშვის განვითარების შესაფასებელი ქართულ ნორმებზე ადაპტირებული ტესტის გამოყენების შესწავლა (ტესტის ჩატარება/ინტერპრეტაცია). ტესტის დასახელებაა „ექვსი თვიდან ექვსი წლის ასაკის ბავშვებისთვის განახლებული ვერსია: ET 6-6-R (ავტორები ფრანც პეტერმანი და ტორსტენ მახა; Entwicklungstest für Kinder von 6 Monaten bis 6 Jahren – Revision).

ET 6-6-R ტესტი აფასებს განვითარების შემდეგ სფეროებს: მსხვილი მოტორიკა, ნატიფი მოტორიკა, კოგნიტური სფერო, მეტყველების განვითარება. სოციო-ემოციური სფერო კოგნიტური და მეტყველების განვითარება, ისევე როგორც მოტორიკის განვითარება ფასდება უშუალოდ ტესტირების პროცესში, ხოლო სოციო-ემოციური სფერო – მშობლისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კერძოდ, მშობლის მიერ შევსებული კითხვარის საფუძველზე. ეს სტრუქტურა იდენტურია ყველა ასაკობრივ ჯგუფში და წარმოდგენილია ასაკის შესატყვისი, რელევანტური დავალებებით, ჯამში ET -6-6 R შედგება: 166 ტესტური დავალებისგან, მშობლის კითხვარისაგან, რომელიც მოიცავს 79 დებულებას.

განათლების და მეცნიერების სამინისტროს სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ვორქშოფის მიზანია მონაწილეებისთვის ბავშვის განვითარების შესაფასებელი ინსტრუმენტის (ET 6-6-R ) გამოყენების სწავლება.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 15 საათი (ტრენინგი ჩატარდება 5 დღის განმავლობაში, თითო დღეს თითო სესია, დღეში 3 საათი). სუპერვიზია – თითოეული მონაწილის შემთხვევაში – 2 საათი. ვორქშოფის ჩატარების ფორმატი – დისტანციურ რეჟიმში, ონლაინ ფორმატით (Teams პლატფორმაზე).

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური