GE

განათლების სამინისტრო მასწავლებელთა მკვეთრ შემცირებას გეგმავს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლების პედაგოგთა მკვეთრ შემცირებას გეგმავს. როგორც EDU.ARIS.GE-სთვის გახდა ცნობილი, ამგვარად მასწავლებელთა საბაზო ხელფასის მატება გახდება შესაძლებელი, რომელიც დღეს 405 ლარს შეადგენს.

ცნობისთვის, როგორც პრემიერ–მინისტრმა, ისე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა არაერთხელ განაცხადეს, რომ მასწავლებლის ხელფასი 2020 წლიდან 1500 ლარამდე გაიზრდება, თუმცა კონკრეტიკა, ეს იქნება საბაზო ხელფასის მატების თუ პედაგოგთა სხვა დანამატების ხარჯზე, ამ დრომდე არ მოგვისმენია. გარდა ამისა, განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც ასევე დაანონსებულია, ჯერ ისევ დამუშავების პროცესშია.

მასწავლებელთა შემცირების შესახებ ინფორმაციის დაზუსტება ჩვენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ვცადეთ და უწყებას შემდეგი კითხვებით მივმართეთ:

–ადასტურებს თუ არა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აღნიშნულ ინფორმაციას, როდის უნდა ველოდოთ ამ სიახლეს და რა პრინციპით, კრიტერიუმებით მოხდება მასწავლებელთა გათავისუფლების პროცესი?

–უკავშირდება თუ არა აღნიშნული მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში 2019 წლის იანვარში ასამოქმედებელ ცვლილებებს?

სამინისტროში გვპასუხობენ, რომ ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება და ჩვეულ სტილში ამბობენ, რომ „ყველა სიახლის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აუცილებლად მოგვაწვდიან“.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში, დაახლოებით, 67-ათასამდე მოქმედი მასწავლებელია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური