GE

განათლების სამინისტრო მშობლებს სთხოვს შეატყობინონ, თუ სკოლებში კოვიდპროტოკოლის დარღვევა დაფიქსირდება

სასწავლო პროცესის სასკოლო სივრცეში განახლების თარიღი ჯერ ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, თუმცა სამინისტრო ამტკიცებს რომ ამისთვის მზად არიან. განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე ამბობს, რომ სკოლებს ამ კვირაში გადაეგზავნებათ დოკუმენტი, სადაც დეტალურად არის გაწერილი  სკოლის კარების შეღების მომენტიდან, რა პროცედურებს გადის მოსწავლე და არა მარტო მოსწავლე. როგორც დგებუაძემ 19 სექტემბერს ონლაინ შეხვედრისას განმარტა, დოკუმენტი დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა შეიმუშავა და სკოლების მიერ ამ განახლებული სამოქმედო პროტოკოლის შესრულება მკაცრად იქნება გაკონტროლებული შესაბამისი სამსახურების მიერ.

მინისტრის მოადგილემ თავად მოსწავლეთა მშობლებსაც მიმართა და მათ მოუწოდა, რომ თუ სკოლა დაარღვევს შემუშავებულ პროტოკოლს, მათ თავად შეუძლიათ მიმართონ სამინისტროს.

„გარდა იმისა, რომ საგანმანათლებლო რესურსცენტრები, განათლების სამინისტროს წარმომადგენლები ჩართულები იქნებიან მონიტორინგის პროცესში და ძალიან მკაცრად გაკონტროლდება, თქვენ, მშობლები ხართ ის ადამიანები, რომლებმაც მონიტორინგი უნდა გაწიოთ სკოლებში, თუ რაიმე ფაქტს ექნება ადგილი, როდესაც წესი ირღვევა, მოგმართავთ თხოვნით, აცნობეთ განათლების სამინისტროს, რომ შესაბამისი რეაგირება მოხდეს კონკრეტულ სკოლაში“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, დოკუმენტში, რომელიც სკოლებმა ამ კვირაში უნდა მიიღონ, ყველა სავალდებულოდ შესასრულებელი ღონისძიებაა ასახული, თუ როგორ უნდა მოხდეს დასვენებების ორგანიზება, თერმოსკრინინგი, სიცხის დაფიქსირებისას, რა გზას გადის მოსწავლე, როგორ ხდება მშობელთან კომუნიკაცია, როგორ ხდება დასუფთავება – რა ხანგრძლივობით, რა ხსნარებით. სასმელი წყალი, რომელიც ასევე განსაზღვრულია, დღეში თითოეულ მოსწავლეს, რა რაოდენობით უნდა ჰქონდეს და ეს დოკუმენტი იქნება სამოქმედო, თითოეული ადამიანისთვის, რომელიც მუშაობს თუ გადაადგილდება სკოლის სივრცეში.

ასევე იხილეთ:

შეუძლია თუ არა სკოლამ თავად მიიღოს გახსნის გადაწყვეტილება, თუ პედაგოგთა და მშობელთა 80%-ი აცრილია – ჯანდაცვის მინისტრის პასუხი

სკოლები უნდა იყოს პირველი, რომლებიც გაიხსნება და ბოლო, რომლებიც დაიხურება – WHO და UNICEF სკოლებს გახსნისკენ მოუწოდებენ

როგორია პედაგოგების აცრის პროცენტული მაჩვენებელი საჯარო და კერძო სკოლებში? – ამირან გამყრელიძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური