GE

განათლების სამინისტრო პიარის თანამშრომლების ოდენობით ლიდერთა სამეულშია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ხელისუფლების მიერ დაქირავებული პიარსამსახურების თანამშრომლების რაოდენობა და მათი ანაზღაურებისთვის ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯების შესახებ 2017-2018 წლების მონაცემები გამოაქვეყნა.

აღნიშნულ პერიოდში პიარსამსახურებში დასაქმებულთა რიცხვით ლიდერების სამეულშია განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით უწყებაში 2018 წელს, პიარის სამსახურში 49 თანამშრომელი ირიცხებოდა. პირველ ადგილზეა ჯანდაცვის სამინისტრო – 73 თანამშრომელი, შემდეგ თავდაცვის სამინისტრო -51 თანამშრომელი და მესამე ადგილზე – განათლების სამინისტრო.

რაც შეეხება ანაზღაურებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 2018 წელს პიარის თანამშრომლებზე განათლების სამინისტრომ ხელფასის სახით გასცა  777,839 ათასი ლარი, თუმცა ეს თანხა მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა უწყებების  მიერ გაცემულ ხელფასებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, კვლევაში შესულია ხელისუფლების სამივე შტოს – საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო უწყებების, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სსიპ-ების მონაცემები. მონაცემები მოიცავს, როგორც შტატიან, ისე ხელშეკრულებით დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობას.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური