GE

განათლების სამინისტრო პირველკლასელებისთვის 55 050 ნოუთბუკს შეიძენს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პირველკლასელთათვის 55 050 ცალი კომპიუტერის შეძენაზე ტენდერს აცხადებს.

სამინისტრო პორტაბელურ კომპიუტერებს პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში შეიძენს. შესყიდვების სავარაუდო ღირებულება 22 845 750 ლარია, რომელიც მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

ტენდერის ფარგლებში, შეთავაზებების მიღება 16 მარტს დაიწყება და 19 მარტს 12:00 საათზე დასრულდება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2017 წელს პირველკლასელთათვის გადასაცემად 53 700 ცალი კომპიუტერი შეიძინა, რაშიც ჯამში 19 975 326 ლარი გადაიხადა.

ამასთან, გასულ წელს განათლების სამინისტროს ტენდერის გამოცხადების პერიოდში, ერთი ცალი კომპიუტერის სავარაუდო ღირებულებად 398 ლარი ჰქონდა მითითებული. 2018 წლის ტენდერში კი ერთი კომპიუტერის სავარაუდო ფასი 415 ლარი იქნება. შესაბამისად, გამოდის, რომ ერთ ცალ კომპიუტერზე ფასის 17 ლარით გაიზარდა.

სამოტივაციო წერილის თანახმად, ახალი თანხა ბაზრის მოკვლევისა და გასული წლის ანალოგიური ტენდერის ანალიზის შემდეგ დადგინდა. კერძოდ, ბაზრის კვლევისას კომპანიების მიერ სამინისტროსთვის შეთავაზებული მინიმალური თანხა ცალ კომპიუტერზე 460 ლარი იყო, რაც მაკომპლექტებელი ნაწილების რადიკალურად გაძვირებამ განაპირობა, ამან საბოლოო ჯამში პორტაბელური კომპიუტერის ფასის ზრდა გამოიწვია. თუმცა სამინისტროს ანალიზისა და საშუალო არითმეტიკული გამოთვლით ერთეული კომპიუტერის ობიექტურ სავარაუდო ფასად 415 ლარი განისაზღვრა.

წყარო:1tv

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური