GE

განათლების სამინისტრო საჯარო კონკურსის შედეგებსაც არ აქვეყნებს – ჩხენკელის ნოუ-ჰაუ თუ წინასწარ გათვლილი შედეგები?

ესეც წარჩინებული მოსწავლეთათვის კომპიუტერების გადაცემა ხომ არ არის? თუკი კონკურსი საჯაროდ გამოაცხადე, თუკი ჩაატარე, თუკი დაწერეს, თუკი გაიმარჯვეს, თუკი დაასაჩუქრე, თუკი არაფერი გაქვს დასამალი და ყველაფერი სამართლიანადაა, მაშ რა გიშლის ხელს გამოაქვეყნო შედეგები? აჩვენო საზოგადოებას მოსწავლეთა ესეები, თუ როგორ ხედავენ ისინი ჯანსაღ ცხოვრებას თანატოლებში, რას წერენ, რა სტკივათ და რა უხარიათ. აქ დასმულ კითხვებზე პასუხი ერთადერთია – არაფერი მიშლის, პირიქით, ვალდებულება მაქვს გამოვაქვეყნო! მაგრამ მიხეილ ჩხენკელის განათლების სამინისტრო სხვანაირად ფიქრობს, მოგიყვებით.

გასული წლის 5 ნოემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოსწავლეებისთვის კონკურსი – „მე ვირჩევ ცხოვრების ჯანსაღ წესს“ გამოაცხადა. როგორც მაშინ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში გვიხსნიდნენ, კონკურსის მიზანი სრულიად საშური ამბავი, მოზარდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და მავნე ჩვევების თავიდან აცილების ხელშეწყობა ოყო. მონაწილეებს უნდა დაეწერათ, როგორ მოახდენენ პრევენციას, რომ მოსწავლეები კომპიუტერულ თამაშებზე, სოციალურ ქსელებსა და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულები არ გახდნენ.

საკონკურსო პირობებში მითითებული იყო ასევე ვადები, თუ როდის უნდა წარედგინათ მოსწავლეებს ან მოსწავლეთა ჯგუფებს ნაშრომი ჯერ სკოლაში, რომელიც გამოავლენდა გამარჯვებულს და გადასცემდა შესაბამის რესურსცენტრს. შემდეგ უნდა მომხდარიყო მუნიციპალური ტურის ორგანიზება და გამარჯვებული საკონკურსო ნამუშევრების სამინისტროსთვის წარდგენა.

მაშინ რამდენიმე მოსწავლემ EDU.ARIS.GE-ს ისიც მისწერა, თუ სად უნდა გაეგზავნათ დაწერილი ესე, ინფორმაციაში ელექტრონული კომუნიკაციის შესაძლებლობა არ იყო მითითებული, მოსწავლეებში კი დაინტერესება ნამდვილად გაჩნდა.

კონკურსის შედეგებისა და გამარჯვებულთა შესახებ ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა. განათლების სამინისტროს მიერ დადგენილ საკონკურსო პირობებში არ იყო მინიშნებული, რა ვადებში და ვის უნდა გამოევლინა გამარჯვებული. 28 თებერვალს კი ერთ-ერთმა სკოლამ გამოაქვეყნა, რომ მათი სკოლის IX კლასელმა გოგონამ „გაიმარჯვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ესეების კონკურსში – „მე ვირჩევ ცხოვრების ჯანსაღ წესს“… სკოლა წერდა, რომ ესე ჯერ რაიონულ რესურსცენტრში შეირჩა, ხოლო შემდეგ სამინისტროშიც ერთ-ერთ საუკეთესოდ დასახელდა და გოგონას წიგნების მაღაზიის 250 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა.

EDU.ARIS.GE გამარჯვებული გოგონას დედას ესაუბრა, რომლის ინფორმაციითაც კონკურსს 4 გამარჯვებული ჰყავს. პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე სხვები გავიდნენ, მისი შვილი კი ჟიურის სიმპათიაა. ესეს მოწოდებისგან მშობელმა თავი შეიკავა. იქნებ შვილს არ ჰქონდა სურვილი გასაჯაროების, იქნებ სხვა მიზეზი იყო…

და რადგან ჩვენც თქვენსავით დავიბენით, განათლების სამინისტროს დავუკავშირდით, საიდანაც მიღებულმა პასუხმა კიდევ უფრო გაგვაკვირვა. გვითხრეს, რომ კონკურსის შედეგები მხოლოდ სკოლებსა და რესურსცენტრებში იგზავნება და ამის შესახებ საჯარო ინფორმაცია არსად ქვეყნდება. რატომ? რის საფუძველზე? – ამაზე პასუხი არ გვაქვს. უწყება ჩვენთან საუბარში მხოლოდ გამარჯვებულთა საჩუქრების ჩამოთვლით შემოიფარგლა და გვითხრა, რომ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან არა ოთხი, არამედ ათი გამარჯვებული გამოვლინდა. ვერც გამარჯვებული ესეები მივიღეთ სამინისტროსგან.

ქვეყნები თუ ადამიანები, საჯარო და კერძო დაწესებულებები თავიანთი თანამშრომლების, მოქალაქეების მცირე წარმატებასაც ზეიმად აქცევენ, რაც დადებითი ემოციის გავრცელებას, სხვებისთვის მაგალითის მიცემას და იმ მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს, რაც ძალიან ჭირს საქართველოს სკოლებში. და სად არის მიხეილ ჩხენკელის განათლების სამინისტრო? მოსწავლეებისთვის კონკურსებს მართავს, გამარჯვებულებსაც ავლენს და საჩუქრებსაც არიგებს, თუმცა ვინ და რისთვის დასაჩუქრდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული კონკურსით, საიდუმლოდ ტოვებს. ჩვენი საზოგადოება არც ისე მიმნდობია, ეს ეჭვს აჩენს კონკურსის ობიექტურობაზეც, სხვა არაერთ ეჭვთან ერთად.

გაუგებარია, რა აზრი აქვს კონკურსს ან რა უნდა განავითაროს მან სხვა მოსწავლეებში თუკი არ ამბობ, ვინ გაიმარჯვა და არ აქვეყნებ რისი შექმნისთვის გაიმარჯვა? ან როდიდან გახდა საჯარო კონკურსის გამარჯვებულთა ვინაობის დასახელება პირადი ინფორმაცია?

EDU.SRIS.GE-ს მკითხველი სიამოვნებით გაეცნობოდა ნაშრომებს, სადაც VII, VIII, IX კლასის მოსწავლეებმა იციან, „როგორ უნდა დაიცვას მოზარდმა ცხოვრების ჯანსაღი წესი, ასევე, როგორ უნდა შეუწყოს ხელი საზოგადოებამ, ოჯახმა, სკოლამ, რომ მოსწავლემ არ შეიძინოს მავნე ჩვევები და არ განუვითარდეს ქცევითი დამოკიდებულება“. ჩვენ ახლად მზად ვართ ჩვენი მკითხველი, გამარჯვებული მოსწავლეებისგან მიღებული ამ ესეების გამოქვეყნებისთვის.

კიდევ ერთი კითხვაზე, რა დაუჯდა სამინისტროს აღნიშნული კონკურსის ჩატარება და არის თუ არა ესეც „პირადი ინფორმაცია“, EDU.ARIS.GE-ს სამინისტროში პასუხი არ გასცეს.

ასევე იხილეთ:

„მიმართეთ პრესსამსახურს“… „გესმით ხმა“?… – რატომ ვერ პასუხობს 179-ე სკოლის შესახებ კითხვებს ვერც დირექტორი და ვერც რესურსცენტრი?

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური